პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აშშ-დან პირდაპირ ისრაელში ჩავიდა, რადგან მისი იორდანიაში ვიზიტი აღარ შედგა. სამიტის გაუქმების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც პალესტინის ლიდერმა, მაჰმუდ აბასმა ღაზას სექტორში ალ-აჰლის არაბულ საავადმყოფოს აფეთქების შემდეგ, პროტესტის ნიშნად, შეხვედრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. ისრაელმა კი ბაიდენის ვიზიტს „ღრმად ამაღლელვებელი" უწოდა.
აღსანიშნავია, რომ ისრაელი სახმელეთო ოპერაციის დაწყებისგან ამ დრომდე თავს იკავებს, როგორც სამხედრო სპეციალისტები ამბობენ, არაა გამორიცხული, რომ ბაიდენის ვიზიტმა და ღაზას საავადმყოფოში მომხდარმა აფეთქებამ და საერთაშორისო გამოხმაურებებმა ეს ოპერაცია გადადოს, ან საერთოდაც გააუქმოს და ისრაელმა მიზნები სხვა გზით განახორციელოს.
ოთხშაბათს ღამეს ღაზას სექტორში ალ-აჰლის არაბულ საავადმყოფოში მომხდარ აფეთქებას ასობით ადამიანი ემსხვერპლა. ისრაელი აცხადებს, რომ ღაზას საავადმყოფოში აფეთქება დაჯგუფება "ისლამური ჯიჰადის" რაკეტამ გამოიწვია. „ისლამური ჯიჰადი" აფეთქებასთან კავშირს უარყოფს და ისრაელის ბრალდებას სიცრუეს უწოდებს.
არაბულ საავადმყოფოში მომხდარი აფეთქების გამო, რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის ლიბანში და თურქეთში, საპროტესტო აქციები გაიმართა, მომიტინგეებსა და პოლიციას შორის რამდენიმე შეტაკებაც მოხდა. ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ესეც ერთ-ერთი ფაქტორია, რის გამოც შეიძლება დასავლეთმა ხელი არ შეუწყოს სახმელეთო ოპოერაციის წამოწყებაში ისრაელს.
რა ხდება ფრონტზე
18 ოქტომბრის ღამეს ღაზას სექტორში ალ-აჰლის არაბულ საავადმყოფოში მომხდარ აფეთქებას ასობით ადამიანი ემსხვერპლა. ისრაელი აცხადებს, რომ ღაზას საავადმყოფოში აფეთქება დაჯგუფება "ისლამური ჯიჰადის" რაკეტამ გამოიწვია. „ისლამური ჯიჰადი" აფეთქებასთან კავშირს უარყოფს და ისრაელის ბრალდებას სიცრუეს უწოდებს.
ისრაელის თავდაცვის ძალები დრონით გადაღებულ ვიდეოს ავრცელებს და აცხადებს, რომ ალ-აჰლის ბაპტისტურ საავადმყოფოს ტერიტორიაზე აფეთქება ისრაელის შეტევას არ გამოუწვევია, რადგან ასეთ დროს აფეთქების შემდეგ კრატერი დარჩებოდა და არა ცეცხლმოკიდებული ავტოსადგომი.
ისრაელის თავდაცვის ძალებმა განმარტა, რომ აფეთქების ადგილზე დიდი ხანძარი გაჩნდა, მაგრამ იქ კრატერი არ არის. მათი შეტევები კი, როგორც წესი, თავდასხმის ადგილებზე დიდი ზომის ხვრელებს ტოვებს.
ისრაელის მხარის მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრებში საავადმყოფოს ავტოსადგომი ჩანს, სადაც დიდი აფეთქება მოხდა, რომელსაც როგორც პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, ასობით მსხვერპლი მოჰყვა. მათი რიცხვი დაახლოებით 500-ს შეადგენს.
ალ-აჰლის არაბულ საავადმყოფოში მომხდარი აფეთქების გამო, რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის ლიბანში და თურქეთში, საპროტესტო აქციები გაიმართა.ასობით პალესტინელი შეიკრიბა დასავლეთ სანაპიროს ქალაქებში, მათ შორის რამალაში, სადაც მომიტინგეებსა და პალესტინელ უსაფრთხოების ძალებს შორის შეტაკება მოხდა.
ასობით დემონსტრანტსა და ლიბანის უსაფრთხოების ძალებს შორის შეტაკება მოხდა ლიბანში, აშშ-ის საელჩოსთანაც, რომელიც დედაქალაქ ბეირუთთან ახლოს მდებარეობს. ასობით ადამიანი შეიკრიბა ბეირუთში საფრანგეთის საელჩოსთან, სადაც „ჰეზბოლას" დროშები აღმართეს და საელჩოს შენობას ქვები დაუშინეს.
ლიბანში, მოძრაობა „ჰეზბოლამ", საავადმყოფოში მომხდარი აფეთქების გამო, ოთხშაბათი „მრისხანების დღედ" გამოაცხადა.
ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, „ჰამასის" ორი მეთაური საჰაერო იერიშების შედეგად დაიღუპა. მათი თქმით, შეტევების სამიზნეები, „ჰამასის" ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების ჯგუფის ხელმძღვანელი მუჰამედ აუდალა და „ჰამასის" საზღვაო ძალების მეთაური აკრამ ჰიჯაზი, იყვნენ.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, მათ შეტევები „ჰამასის" სამეთაურო ცენტრებზე, რაკეტების გამშვებ ობიექტებსა და სამხედრო ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის ზოგიერთ გვირაბზე განახორციელეს.
პალენსტინის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ღაზის სექტორში ისრაელის მიერ განხორციელებული საჰაერო თავდასხმების შედეგად დაღუპულია 3 200 და დაჭრილია 11 000 ადამიანი. რაც შეეხება ისრაელს, მსხვერპლი აქაც იზრდება, დაღუპულია 1500-მდე ადამიანი და 4 ათასზე მეტია დაჭრილი.
როგორ ეხმიანებიან ღაზაში საავადმყოფოს დაბომბვას დასავლელი ლიდერები
აღშფოთებული და ღრმად დამწუხრებული ვარ ღაზაში, ალ აჰლის არაბულ საავადმყოფოში მომხდარი აფეთქების შედეგად, საშინელი მსხვერპლით, - ასე ეხმაურება აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ღაზაში, საავადმყოფოში მომხდარ აფეთქებას, რასაც ასობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
მისი თქმით, მომხდართან დაკავშირებით იორდანიის მეფე აბდულა II-სა და ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ესაუბრა და ეროვნული უსაფრთხოების გუნდს ინფორმაციის შეგროვება დაავალა იმის შესახებ, თუ ზუსტად რა მოხდა.
„შეერთებული შტატები ცალსახად მხარს უჭერს მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლის დაცვას კონფლიქტის დროს და ჩვენ ვგლოვობთ პაციენტებს, სამედიცინო პერსონალს და ამ ტრაგედიაში დაღუპულ ან დაშავებულ სხვა უდანაშაულო ადამიანებს", - აცხადებს ბაიდენი.
ამავე თავდასხმაზე საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ მომხდარის გარემოებები უნდა გაირკვეს.
„ვერაფერი გაამართლებს საავადმყოფოზე თავდასხმას. ვერაფერი გაამართლებს მშვიდობიანი მოსახლეობის მიზანში ამოღებას. საფრანგეთი გმობს ღაზაში ალ-აჰლის არაბულ საავადმყოფოზე თავდასხმას, რომლის მსხვერპლიც უამრავი პალესტინელი გახდა. გარემოებებს სინათლე უნდა მოეფინოს", - წერს მაკრონი სოციალურ ქსელში.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი აცხადებს, რომ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმა საერთაშორისო კანონმდებლობას არ შეესაბამება.
"მივიღეთ ეს ინფორმაცია, როდესაც ლიდერები ვირტუალურ შეხვედრაზე ვიყავით შეკრებილი. სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმა არ შეესაბამება საერთაშორისო კანონმდებლობას", - აღნიშნა მიშელმა.
ალ აჰლის არაბულ საავადმყოფოში მომხდარ აფეთქებას გმობს გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეშიც.
„შეძრწუნებული ვარ ასობით პალესტინელი მშვიდობიანი მოქალაქის დაღუპვის გამო იმ თავდასხმაში, რომელიც დღეს ღაზაში მდებარე საავადმყოფოზე მოხდა, რასაც მკაცრად ვგმობ. ჩემი გული დაღუპულთა ოჯახებთანაა. საავადმყოფოებსა და სამედიცინო პერსონალს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი იცავს", - აცხადებს გუტერეში.
რისთვის ჩავიდა ბაიდენი ისრაელში
აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს აეროპორტში ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ დახვდა. ისრაელის მედია წერს, რომ ბაიდენი ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და მთავრობის სხვა ოფიციალურ პირებთან მოლაპარაკებებს გამართავს.აშშ-ის პრეზიდენტი, ისრაელში ვიზიტისას, ასევე „ჰამასის" ტყვეობაში მყოფი ამერიკელების ოჯახის წევრებს შეხვდება.
„მოგესალმებით ბატონო პრეზიდენტო. ღმერთმა დაგლოცოთ ისრაელის დაცვისთვის", - განუცხადა ისრაელის პრეზიდენტმა ისააკ ჰერცოგმა ჯო ბაიდენს, რომლის სიტყვებსაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია ციტრებს.
პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ისრაელში ჯო ბაიდენის ვიზიტს „ღრმად ამაღელვებელი" უწოდა.
„მინდა მადლობა გადაგიხადოთ დღეს აქ ჩამოსვლისთვის და იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც თქვენ ისრაელს ამ რთულ დროს გამოუცხადეთ. მხარდაჭერა, რომელიც ამერიკელი ხალხის აბსოლუტურ ნებას გამოხატავს", - განუცხადა ნეთანიაჰუმ ჯო ბაიდენს.
ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ ბაიდენმა „სწორად გაავლო ზღვარი ცივილიზაციის ძალებსა და ბარბაროსულ ძალებს შორის" და დაამატა, რომ მან ისრაელის მტრებს „მკაფიო გზავნილები გაუგზავნა, რათა მათ არ გამოცადონ ისრაელი".შეხვედრის დასასრულს, ნეთანიაჰუმ მადლობა გადაუხადა ბაიდენს ისრაელის გვერდით დგომისთვის „დღეს, ხვალ და ყოველთვის".
ბაიდენი იორდანიაში აღარ ჩავა, რადგან ქვეყნის ხელისუფლებამ მეფე აბდულა II-სთან, ეგვიპტის პრეზიდენტ აბდელ-ფატაჰ ელ-სისისთან და პალესტინის პრეზიდენტ მაჰმუდ აბასთან მისი შეხვედრა გააუქმა.იორდანიამ სამიტის გაუქმების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც პალესტინის ლიდერმა, მაჰმუდ აბასმა ღაზას სექტორში საავადმყოფოს აფეთქების შემდეგ, პროტესტის ნიშნად, შეხვედრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.თეთრმა სახლმაც დაადასტურა, რომ ჯო ბაიდენი იორდანიის დედაქალაქ ამანს აღარ ეწვევა.
სამხედრო ანალიტიკური ჟრნალ არსენალის მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ დიდია იმის რისკი, რომ ისრაელის ომში სხვა ქვეყნებიც ჩაერთვნენ, ამიტომაც არაა გამორიცხული, რომ აშშ სახმელეთო ოპერაციის დაწყებისგან აჩერებს.
„ფაქტია,რაც „ჰამასმა" ისრაელის სამხრეთში დივერსიულ ტერორისტული შეჭრა მოაწყო, მას შემდეგ ისრაელს სურს, რომ „ჰამასს" უფრო ძლიერად შეუტიოს, ვიდრე ეს სერიოზული და დაუნდობელი საჰაერო დაბომბვებია, მაგრამ, როგორც ჩანს, დასავლეთი და პირველ რიგში აშშ სახმელეთო ოპერაციის დაწყებისgან აქამდე აჩერებენ.
„არის ინფორმაცია და ეს ნელ-ნელა უფრო რეალური ხდება, რომ ამ ომში უკვე სხვა ქვეყნებიც ჩაერევიან და ისრაელს სხვა ფრონტებსაც გაუხსნიან, ჩრდილოეთში „ჰეზბოლა", იორდანიის დასავლეთ ნაპირზე დიდი აჯანყებები მოხდება და სირიიდანაც შეიძლება განახორციელონ დარტყმები.
„ეტყობა ამის საშიშროებაა და ბაიდენს ამიტომაც სურდა ჯერ სირიაში ჩასვლა, მერე იორდანიაში გადასვლა და იქ ამ ქვეყნების წარმოადგენლებთან შეხვედრა, მაგრამ საავადმყოფოს აფეთქების გამო, ეს გადაიდო. ანუ როგორც ჩანს, ბაიდენი მხოლოდ ისრაელში ჩავა. თუმცა, ამ საავადმყოფოსთან დაკავშირებით საქმე ისე არაა, როგორც თავიდან წარმოაჩინეს, თითქოს ისრაელმა დაბომბა.
„ვიდეოკადრებში რაც გავრცელებულია, დიდი შანსია, რომ საავადმყოში სწორედ „ჰამასის" მიერ გასროლილი რაკეტა ჩამოვარდა. ყოველ შემთხვევაში, ვიდეოკადრებოდან ასეთი დასკვნის გამოტანა შეიძლება, თუმცა ეს კარგად იქნა გამოყენებული ისრაელის ანტიპიარ კამპანიისთვის",- განაცხადა ირაკლი ალადაშვილმა „რეზონანსთან".
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ბაიდენი ისრაელში მძიმე სიტუაციის ფონზე ჩავიდა და არაა გამორიცხული, რომ შეეცადოს და სახმელეთო ოპერაციის დაწყება გადააფიქრებინოს.
„რატომ ჩავიდა ბაიდენი ისრაელში, ამის კონკრეტუკი მიზეზის თქმა ცოტა რთულია. არაა გამორიცხული, რომ საუბრები იყოს იმაზე, რომ სახმელეთო ოპერაციაზე ხელი აიღოს. მითუმეტეს იმ ფონზე, როცა ღაზის სექტორში საავადმყoფოს რაკეტა მოხვდა, 500-მდე ადამიანი ემსხვერპლა და საკმაოდ მძიმე ფონია, ამის გამო ამანში ოთხმხრივი მოლაპარაკება გადაიდო, სდააც საერთო ენა უნდა გამოენახათ.
„ეს სიტუაციას სერიოზულად შეცვლის სამხედრო დაპირისპირების ფორმატში. აშშ ისრაელს სოლიდარობას უცხადებს და მის გვერდით დგას, თუმცა, შეეცდება, რომ სახმელეთო ოპერაციის დაწყება შეაჩეროს და დაარწმუნოს, რომ მიზნები სხვა გზებით განახორციელოს, რადგან მძევლებში ამერიკელებიც არიან და მათი გათავისუფლება ბაიდენის ინტერესებშია",- განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე