საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, იმპიჩმენტის პროცესმა პარლამენტში გადაინაცვლა. საკანონმდებლო ორგანოს ამ საკითხის განხილვისა და კენჭისყრისათვის 2-კვირიანი დრო აქვს, თუმცა, როგორც მმართველი პარტია ამბობს, ყველაფერი დაჩქარებულად, ამ კვირაშივე ჩატარდება. ეს კი ანალიტიკოსებს იმის განცდას უტოვებს, რომ „ოცნების" მიზანია კენჭისყრა ჩააგდოს. ამ ეჭვს მმართველი პარტიის წარმომადგენლების სხვადასხვა მინიშნებებიც ამყარებს.
პარლამენტში ამ საკითხის განხილვები 18-19 ოქტომბერსაა დაგეგმილი, სადაც პრეზიდენტიცაა მიწვეული, თუმცა ჯერჯერობით გაურკვეველია მიეცემა თუ არა მას სიტყვით გამოსვლის საშუალება. კენჭისყრა კი, დიდი ალბათობით, ხუთშაბათს ჩატარდება.
ანალიტიკოსთა შეფასებით, „ოცნების" მთავარი მიზანი იყო საკონსტიტუციო სასამართლოს დაედგინა, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია, რითაც მას რეპუტაცია შეელახებოდა. ამ ეტაპზე პრეზიდენტის გადაყენება კი მმართველი პარტიის ინტერესებში არ შედის. თუმცა, სხვა საკითხია, თუ რეალურად როგორი რეპურაცია შეექმნება საკონსტიტუციო სასამართლოს 16 ოქტომბრის გადაწყვეტილების შემდეგ სალომე ზურაბიშვილს დასავლეთში - კონსტიტუციის დამრღვევი პრეზიდენტის, თუ უსამართლოდ დაჩაგრული პროდასავლელი პოლიტიკოსის.
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა კი სამშაბათს დეტალურად ისაუბრა, თუ რა ვადებში და როგორ წარიმართება საკითხის განხილვა პარლამენტში.
„ორ კვირაში უნდა იქნეს გადაწყვეტილება მიღებული. ვინაიდან ახლა პლენარული სესიის კვირაა, ამიტომ შეგვიძლია განვიხილოთ საკითხი და კენჭი ვუყაროთ. ეს იქნება დადგენილების პროექტის არსი, რომ მიმდინარე კვირაში მოხდეს განხილვა და კენჭისყრა.
„განხილვის ფორმა მსგავსია პირველი მოსმენით საკითხის განხილვისა. კერძოდ, მომხსენებელი, ამ შემთხვევაში წარდგინების ავტორებიდან წარმომადგენელი გამოვა და წარმოადგენს თავის პოზიციას. შემდეგ რეგლამენტით გათვალისწინებულია, რომ პარლამენტს შეუძლია მოიწვიოს შესაბამისი თანამდებობის პირი, ამ შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტი, განხილვაში მონაწილეობის მისაღებად.
„მე გუშინ მქონდა მიმართვა. როგორც ჩანს, ქალბატონ პრეზიდენტს სურს მონაწილეობის მიღება და ველით საბოლოო პასუხს და თუ ეს სურვილი არის, რა თქმა უნდა, მოვიწვევთ განხილვაში მონაწილეობის მისაღებად. როგორც თანამომხსენებელი გამოდის შესაბამისი თანამდებობის პირი (ამ შემთხვევაში პრეზიდენტი). როგორც მომხსენებელთან ისე თანამომხსენებელთან არის კითხვებისა და დაზუსტებების შესაძლებლობა. ვინაიდან რაიმე დარგობრივი მოსაზრებები აქ არ არის რელევანტური, კომიტეტის გამოსვლები არ იქნება და გადავალთ უკვე უფრაქციო წევრების, პოლიტიკური ჯგუფებისა და ფრაქციების გამოსვლებზე და ამის შემდეგ დასკვნით სიტყვის უფლება ექნება მომხსენებელს, თუმცა არა თანამომხსენებელს. ეს იქნება პროცედურა საბოლოო ჯამში, რომლის განხილვის შემდეგ იქნება კენჭისყრა. იცით, რომ 100 ხმა იქნება საჭირო.
„ოთხშაბათი-ხუთშაბათი არის ორი დღე, როცა შეგვიძლია განვიხილოთ საკითხი. იქნება განხილვის შესაძლებლობა. თუკი გსურთ თქვენი პოზიციების დაფიქსირება, შეგეძლებათ, რომ დააფიქსიროთ და მათ შორის საქართველოს პრეზიდენტსაც ექნება შესაძლებლობა ამ განხილვაში, როგორც თანამომხსენებელმა, მიიღოს მონაწილეობა და გამოვიდეს თანამომხსენებლის რანგში", - განაცხადა პაპუაშვილმა.
რაზე მიანიშნა „ოცნებამ"
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ გაირკვა, რომ მმართველი პარტია პრეზიდენტის უფლებების კიდევ უფრო შეზღუდვას გეგმავს. „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ სამშაბათს განაცხადა, რომ ქვეყნის შიგნით უცხოელ წარმომადგენლებთან საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრის საკითხი „კანონის დონეზე დაუყოვნებლივ უნდა მოწესრიგდეს". ამან გააჩინა მოსაზრება, რომ თავად მმართველი პარტია პარლამენტში იმპიჩმენტის ჩავარდნასა და სალომე ზურაბიშვილის თანამდებობაზე დარჩენას არ გამორიცხავს და აქედანვე ემზადება ამის შემდგომი პოლიტიკური ცხოვრებისათვის.
„მთავრობის თანხმობა სად არის საჭირო, ეს უნდა დაზუსტდეს საგარეო ურთიერთობების სპეციალისტებთან კონსულტაციების საფუძველზე. რაღაცებზე შეიძლება მეც არ მქონდეს პასუხი, რა საჭიროებს თანხმობას და რა - არა. საგარეო ურთიერთობების სპეციალისტებთან კონსულტაციებს გავივლით და ამის მიხედვით უნდა განისაზღვროს, რა არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება. ზოგან მარტივი დასადგენია, ზოგან შედარებით რთული და ეს სპეციალისტებთან უნდა დაზუსტდეს. შესაძლოა, ეს მალე გავაკეთოთ. მთავრობას უნდა ვკითხოთ, არის თუ არა მზაობა, რადგან გარკვეული პოლიტიკური უხერხულობები არის. მაინც მგონია, რომ კანონმდებლობა სრულად ჰარმონიზებული უნდა იყოს კონსტიტუციასთან", - განაცხადა კობახიძემ.
მან ასევე ისაუბრა იმაზეც, თუ როგორ გაგრძელდება პრეზიდენტის, მთავრობისა და პარლამენტის ურთიერთობები იმპიჩმენტის ჩავარდნის შემთხვევაში.
„როგორ უნდა გაგრძელდეს ურთიერთობა, როგორც გრძელდებოდა - არის ცერემონიული ღონისძიებები, სადაც მონაწილეობას მიიღებს. ერთი ყოველწლიური მოხსენება დარჩა, რასაც დიდი ინტერესით ვერ მოვუსმენთ, მაგრამ რაღაც ფორმალობები იქნება. აღლუმზეც კიდევ ერთხელ უწევს გამოსვლა და ალბათ, იქაც ათასს უბედურებას იტყვის და ამის მოსმენა მოგვიწევს. მასთან მეტი შეხება დიდად არ გვექნება, ის პრეზიდენტი ფორმალურად არის, „ნაცმოძრაობის" პრეზიდენტია", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებას" თავიდანვე გააზრებული ჰქონდა, რომ იმპიჩმენტი ჩავარდებოდა, ამიტომაც შესაძლოა ეს განცხადებები მინიშნებადაც არ ჩაითვალოს.
„ოცნება" იმპიჩმენტს მაინც ვერ განახორციელებს. ეს თავიდანვე ჩაგდებული იყო, მაგრამ, მეორეს მხრივ, სალომე ზურაბიშვილისგან იმ რეაქციას არ ველოდი, რაც ჰქონდა. ზურაბიშვილი ჩემზე ტოვებდა შედარებით უფრო გაწონასწორებული ადამიანის შთაბეჭდილებას და პრეზიდენტი რომ იძახის - ქუჩაში დადექითო - იქ უკვე რაღაზეა ლაპარაკი?!
„რადგან ზურაბიშვილმა ასეთი სტილი აირჩია, ამიტომ ხელისუფლების ნაბიჯებიც უფრო რადიკალური იქნება. ალბათ რაღაც ნორმები კიდევ უფრო გამკაცრდება, რადგან ჩავარდნა ნიშნავს იმას, რომ პრეზიდენტი ისევ თავის პოსტზე იქნება და ამ თემას რაღაცნაირად უნდა მოევლოს. მემგონი პრეზიდენტის პირობებს გაუმკაცრებენ, კიდევ უფრო უძლურს გახდიან. ვფიქრობ, პროცესი ამისკენ წავა. პრეზიდენტს რომ სხვანაირი სტრატეგია აერჩია, შესაძლოა არ წასულიყო", - განაცხადა საყვარელიძემ.
ყოფილი სახელმწიფო მინისტრისა და კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილის აზრით კი, „ოცნების" ეს მინიშნებები მიშნავს, რომ „ოცნებაში" იმპიჩმენტის პროცესისთვის მობილიზებას არ ახდენენ და პროცესი თვიდინებაზე აქვთ მიშვებული.
„ოცნებას" ხმაური უნდოდა და მიიღო. მერე მიხვდა, რომ ეს მომგებიანი არაა. ყველაზე დიდი ბოროტება, რაც უნდა ჩაედინათ, ეს იყო ევროკავშირისთვის გზავნილი, რომ ჩვენთან საკონსტიტუციო სასამართლოც არაა და პოლიტიზირებულია. ყველაზე დიდი ბოროტება უკვე შედგა.
„მათ კარგად იციან, რომ პარლამენტში იმპიჩმენტი არ გაუვათ. დეპუტატები რომც მოისყიდონ, შესაძლოა მაინც ჩაუვარდეთ. შეიძლება „ოცნებიდანაც" ვინემ არ მისცეს ხმა. იმპიჩმენტის აღსრულებაში დარწმუნებულები არ არიან და ამიტომ ვფიქრობ, რომ ხმების მოგროვებაზე არც კი ზრუნავენ, მიშვებული აქვთ თვითდინებაზე.
„ჩავარდება თუ არა იმპიჩმენტი, არ ადარდებთ. ნებისმიერ შემთხვევაში, რაც ხდება, მათ სასარგებლოდაა. ევროკავშირი შეშფოთებულია და ალბათ კანდიდატის სტატუსს არ მოგვცემს. ხმაური იყო და ზურაბიშვილი „ნაცად" და უღირსადაა გამოცხადებული, ამასობაში დრო გაიწელა და არ ვსაბრობთ არც უმუშევრობაზე, არც სიღარიბეზე და არაფერზე.
„თუ იპმიჩმენტი გავიდა, ეს „ოცნებისთვის" ახალი პრობლემებია. შესაძლოა ზურაბიშვილი ოპოზიციაში წავიდეს. თავად პარტიას ვერ შექმნის, მაგრამ შეიძლება ვიღაც გააძლიეროს. ამიტომ „ოცნებას" იმპიჩმენტი არც უნდა აწყობდეს", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.
რას უნდა ველოდოთ ოპოზიციისგან
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე ფიქრობს, რომ ოპოზიციისგან გარკვეული სიურპრიზები გამორიცხული არაა, რადგანაც იმპიჩმენტი მათთვის პოლიტიკურად მომგებიანია, თუმცა, ამავდროულად, ამ ნაბიჯზე წასვლა გაუჭირდებათ.
„არა გამორიცხული, რომ ოპოზიციამ სიურპრიზები მოაწყოს. რეალურად შესაძლოა მათ აწყობთ კიდეც, რომ პრეზიდენტი იმპიჩმენტის მსხვერპლი აღმოჩნდეს, რადგან მერე ატეხენ ლაპარაკს, რომ ევროპაზე ორიენტირებული პრეზიდენტი რუსეთზე ორიენტირებულმა ხელისუფლებამ ასეთ დღეში ჩააგდოო. ოპოზიცია თემებს ეძებს ხოლმე, მითუმეტეს ასეთ ნოყიერ თემებს.
„თუმცაღა, მემგონი ახლა ამ ნაბიჯის გადადგმა ოპოზიციას გაუჭირდება, რადგან ოდიოზური სიტუაცია შეიქმნება - პროევროპულ პრეზიდენტს გადააყენებს პროევროპული ოპოზიცია. პარტიული ბრძოლის თვალსაზრისით ოპოზიციისათვის იმპიჩმენტი ხელსაყრელი იქნება და ვინ რას იზამს, მე პირადად ამის თქმა მიჭირს", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან".
კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი მიიჩევს, რომ ოპოზიცია ხმას არ მისცემს იმპიჩმენტს.
„ოპოზიცია ხმას არ მისცემს და ზურაბიშვილი პრეზიდენტად დარჩება. მაგრამ მერე შესაძლოა ზურაბიშვილი „ოცნებამ" კიდევ მეტად შებოჭოს და ეცდება, რომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა არ გადაურჩინოს. ზურაბიშვილს ხელ-ფეხს შეუკრავენ და ბოლოს ალბათ პირსაც ამოუკერავენ, რათა მისგან მუდმივად საფრთხობელა შექმნან", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.
რა მიზანი ჰქონდა „ოცნებას" და მიაღწია თუ არა მას
ანალიტიკოს რამაზ საყვარელიძეს უჭირს იმის თქმა, თუ რა მიზანი ჰქონდა „ოცნებას" იმპიჩმენტის პროცედურის წამოწყებით, რადგან ამით სალომე ზურაბიშვილს დასავლეთში რეპუტაცია კი არ შეელახება, არამედ უსამართლოდ დაჩაგრულის იმიჯი ექნება.
„არ მესმის „ოცნებას" იმპიჩმენტის წამოწყებით რა მიზანი ჰქონდა. ისე, როგორც თავის დროზე არ მესმოდა ის (უცხოურ აგენტებზე) კანონი უდროო დროს რატომ აიტეხეს. ახლა ამ უდროო დროს იმპიჩმენტი რატომ აიტეხეს, არ ვიცი. ეს თავიდანვე დაუფუქრებელი ნაბიჯი იყო, რადგან, ჯერ ერთი, გააფრთხილეს, რომ იმპიჩმენტს მოერიდეო, ბორელმა გვითხრა და რომც არ გაეფრთხილებინათ, რა დიდი გენიოსობა უნდა იმის მიხვედრას, რომ ქვეყანას, რომელსაც ევროპაზე აქვს ორიენტაცია, იმპიჩმენტის შემთხვევაში ეჭვის თვალით შეხედავენ. მით უმეტეს, როცა იმპიჩმეტს ფაქტიურად ევროპელს, საფრანგეთში გაზრდილ და იქ მოღვაწე ადამიანს უტარებ. გაჩნდება ეჭვი - მართლაც რუსეთის წისქვილზე ხომ არ ისხმება წყალი? ეს ეჭვი კი საქართველოსთვის დამღუპველია იმ აურზაურის ფონზე, რომ კანდიდატობა უნდა მივიღოთ.
„დავუშვათ „ოცნების" მიზანი პრეზიდენტისთვის რეპუტაციის შელახვა ყოფილიყო, ეს ნიუანსი მმართველ პარტიას რას აძლევს? შევულახეთ რეპუტაცია. მერე? ზურაბიშვილს კიდევ უფრო კარგი სახელი ექნებოდა - გმირის. გამივიდოდა, რომ პროევროპელი პრეზიდენტი დაჩაგრეს. ამით „ოცნება" რა შედეგს მიიღებდა, გაუგებარია", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან".
როგორც კონფიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, „ოცნების" მიზანი იყო, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციის დარღვევა დაედგინა, რითაც საქართველოსა და სალომე ზურაბიშვილს რეპუტაცია შეილახებოდა.
„ოცნების" მიზანი საქართველოსა და სალომე ზურაბიშვილის რეპიუტაციის შელახვა იყო. ორი ამოცანა ჰქონდათ - საქართველო არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს და ამასთანავე რუსეთის წინაშე მართლები გამოსულიყვნენ, რომ თითქოს ყველაფერს აკეთებენ. იმპიჩმენტზე რომ არ წასულიყვნენ, რუსეთი ეტყოდა - თქვენ ხომ არ თამაშობთო, მპირდებით, რომ ევროკავშირში არ მიდიხართ, თქვენი პრეზიდენტი აქ რაებს აკეთებსო?
„სალომე ზურაბიშვილის რეპუტაციის შელახვა არ გამოუვათ, რადგან ის საქართველოში პოპულარულია, ევროპაში და საფრანგეთში პატივს სცემენ და მისი ცხოვრება წარმატებული იქნება, რადგან იგი უღირს პერიოდში ღირსეულად მოიქცა",- განაცხადა ზაქარეიშვილმა.
პროგნოზები
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ, მისი პროგნოზით, იმპიჩმენტი ჩავარდება ოპოზიციის პროტესტისა და განცხადებების ფონზე, რასაც პრეზიდენტის მწვავე გამოსვლა დაემატება.
„თუ პრეზიდენტს სიტყვა მისცეს, მას ისეთი კურსი აქვს აღებული, ვშიშობ, რომ იგი ამ სიტყვას მძაფრი დაპირისპირებისთვის გამოიყენებს, რაც კიდევ უარეს მდგომარეობაში ჩააგდებს მის რეიტინგს საქართველოში. მაგრამ მე ისეთი ეჭვი მაქვს, რომ ის ამ მომენტში ძირითადად ცდილობს დასავლეთის პოლიტიკური წრეებისთვის იყოს მისაღები და მისაწონი.
„ჩავარდება იმპიჩმენტი, პრეზიდენტი გამოვა და მწვავე სიტყვებს იტყვის. ოპოზიცია შიგნით და გარეთ იყაყანებს და ჩვეული ემოციით დატვირთული უაზრო პროცესი იქნება", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან".
ანალიტიკოსი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ იმპიჩმენტზე დებატები ოპოზიციამ უნდა გამოიყენოს.
„ეს დებატები ოპოზიციამ უნდა გამოიყენოს, რადგან ეს წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია და თუ არჩევნებში გამარჯვებას აპირებენ, მაშინ მშვენიერი ტრიბუნაა. თუ ოპოზიცია უარს იტყვის, ძალიან არ მომეწონება. კენჭიყრაში მონაწილეობის არმიღება გასაგებია, მაგრამ დებატებში უნდა შევიდნენ.
„მთელი ეს პროცესი საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლაა „ოცნების" მხრიდან. ის კიდევ უფრო ამტკიცებს, რომ რუსეთის გუბერნია ვართ და უნდათ ერთმანეთს დაასწრონ ვინ იქნება ამ გუბერნიის გუბერნატორი", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე