უახლოეს რამდენიმე კვირაში, შეიძლება მსოფლიო კიდევ ერთი დიდი ომის წინაშე აღმოჩნდეს - ამერიკული მედიის ცნობით, აშშ-ის სალმწიფო მდივნმა ენტონი ბლინკენმა დახურული საიბრებისას კონგრესმენთა ჯგუფს განუცხადა, რომ არსებული მონაცემებით, უახლოეს კვირებში შესაძლოა აზერბაიჯანი სომხეთში შეიჭრას. საუბარია სომხეთის სამხრეთში მდებარე სიუნიკის რეგიონზე, სადაც აზერბაიჯანს ნახიჭევანთან დამაკავშირებელი სახმელეთო გზის (ზანგეზურის კორიდორი) გაჭრა სურს. ანალიტიკოსთა შეფასებით, ბაქოს ეს ნაბიჯი რეგიონისთვის და მათ შორის საქართველოსთვის სრულიად დამანგრეველი აღმოჩნდება, რადგან ეს იქნება არა სამხრეთ კავკასიის ორი სახელმწიფოს, არამედ ორი სამხედრო-პოლიტიკური ალიანსის დაპირისპირება. ამ დაპირისპირებაში საქართველოს პერსპექტივა კი მეტად არასახარბიელოა.
როგორც გამოცემა „პოლიტიკო" ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, 3 ოქტომბერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა კონგრესმენთა კონკრეტულ ჯგუფთან ისაუბრა იმაზე, რომ შესაძლოა უახლოეს კვირებში აზერბაიჯანი სომხეთში შეიჭრას.
როგორც ოფიციალურმა პირებმა, რომლებიც აღნიშნული დისკუსიის საქმის კურსში არიან, „პოლიტიკოს" განუცხადეს, ბლინკენმა აღნიშნა, რომ სახდეპი არ განაახლებს მიმდინარე შეთანხმებას, რომელიც აშშ-ს ბაქოსთვის იარაღის მიწოდების უფლებას აძლევს. ხელშეკრულება 2002 წლიდან ყოველწლიურად განახლებადი იყო და მისი მოქმედების ვადა ივნისში ამოიწურა.
გამოცემა დასძენს, რომ ოფიციალური პირების თქმით, 3 ოქტომბერს საუბრისას ბლინკენმა იმედი გამოთქვა, რომ კონფლიქტი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მაინც შეიძლება მოგვარდეს პროდუქტიული დიპლომატიური მოლაპარაკებების გზით.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აცხადებს, რომ თუ აზერბაიჯანი სომხეთში მართლაც შეიჭრა, ეს იქნება ალიანსური ომი, რადგან, მისი თქმით, რეგიონში ორი სამხედრო პოლიტიკური ბლოკია - თურქეთი-აზერბაიჯანი-პაკისტანი და რუსეთი-სომხეთი-ირანი. ამიტომაც მაისაიას მიაჩნია, რომ ბაქო ამ რისკზე არ წავა და შეეცდება მოლაპარაკებების გზით მოაგვაროს საკითხი. ამ შემთხვევაში კი დასავლეთისთვისაც და ჩვენი რეგიონისთისაც ყველაზე მოსახერხებელი თბილისის პლატფორმაა.
აქვე აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილხამ ალიევი არ დაესწრო 5 ოქტომბერს ესპანეთის ქალაქ გრანადაში ბაქოსა და ერევანს შორის დაგეგმილ სამშვიდობო მოლაპარაკებებს. მოგვიანებით ალიევმა საქართველო შესთავაზა სომხეთთან მოლაპარაკებების მასპინძელ ქვეყანად, თუმცა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა შეთავაზებაზე უარი თქვა. ანალიტიკოსთა აზრით, ფაშინიანის უარის მიზეზი ისაა, რომ მას უფრო მყარი გარანტორი სურს, ან საერთოდაც ფიქრობს და საბოლოოდ დათანხმდეს ამ შეთავაზებას.
რამდენიმე კდღის წინ კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა ზანგეზურის კორიდორის პრობლემა გარკვეული თვალსაზრისით მოგვარდეს - ირანი და აზერბაიჯანი ირანის ტერიტორიის გავლითი რკინიგზის მშენებლობაზე შეთანხმდნენ, რომელიც ნახიჭევანს დანარჩენ აზერბაიჯანთან დააკავშირებს.
როგორც სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აცხადებს, სამხრეთ კავკასიის დღევანდელი მოცემულობიდან გამომდინარე, ბლონკენის პროგნოზი არადამაჯერებელია.
„ამჯერად ბლინკენის განცხადება არადამაჯერებლად მეჩვენება. აზერბაიჯანს ახლა დამატებითი სამხედრო ქმედებები ნამდვილად არ სჭირდება, ეს უკვე სომხეთზე პირდაპირი თავდასხმაა და ამას თავისთავად ირანისა და რუსეთის რეაგირება მოჰყვება და არ მგონია, რომ ამ იდეას თურქეთმაც დაუჭიროს მხარი.
„ალიევი როცა თბილისში იყო, ფაშინიანს თბილისის პლატფორმა შესთავაზა, რომ მშვიდობიანი მოლაპარაკებები გამართულიყო. მგონია, რომ სომხეთს საბოლოოდ ამ ფორმატზე უარი არ უთვამს და ფიქრობს. მგონია, რომ ეს მოლაპარაკება დაიწყება. აშშ-სა და ევროკავშირის ეგიდით აზერბაიჯანი მოლაპარაკებებზე არ მიდის და ისინი სთავაზობენ რუსეთის ხელშეწყობით, ან „3 პლუს 3" ფორმატის (თურქეთი, ირანი და რუსეთი პლუს სომხეთი, აზერბაიჯანი და საქართველო). ასეთი მიდგომა კი აშშ-ს არ აწყობს. ამიტომაც ამერიკელები ცდილობენ სიტუაცია ისე წარმოაჩინონ, რომ თუ აზერბაიჯანმა ჩვენს ფორმატებზე ხელი გვიკრა, ის ომით წავაო. ესაა აშშ-ის სახდეპის ლოგიკა.
„აზერბაიჯანს თბილისი უფრო აწყობს, ვიდრე რუსეთის შუამავლობა. სხვა შუამავალი არ ვიცი. ჩინეთს ამ ეტაპზე აზერბაიჯანი, სომხეთი და ზოგადად კავკასიის რეგიონი ასი წელი არ სჭირდება, თანაც ასეთი ფუნქციების შესასრულებლად პეკინი ნაკლებად გამოდგება. საბოლოოდ თბილისის ფორმატისკენ მივდივართ", - განაცხადა ანალიტიკოსმა.
მაისაია ასევე საუბრობს იმ სცენარზე, თუ რა მოხდება იმ შემთხვევაში რეგიონსა და საქართველოში, თუ აზერბაიჯანმა ეს ნაბიჯი მაინც გადადგა და ომი წამოიწყო.
„თუ აზერბაიჯანმა ეს ნაბიჯი გადადგა, ეს პირდაპირი მნიშვნელობით რეგიონალური ომი იქნება. ორი სამხედრო პოლიტიკური ბლოკია, თურქეთი-აზერბაიჯანი-პაკისტანი და რუსეთი-სომხეთი-ირანი. აქედან გამომდინარე ეს არა აზერბაიჯან-სომხეთის, არამედ ალიანსურ-ბლოკური ომი იქნება.
„ასეთ შემთხვევაში საქართველო გახდება ლიბანი. როგორც ისრაელმა და სირიამ ლიბანი გასასვლელი - გამჭოლი კორიდორი გახადეს, აქაც ასე იქნება. როცა ენდომებათ შევლენ და გავლენ, უარსაც ვერ ვეტყვით, რადგან რეგიონში ომი თუ დაიწყო, რუსეთი არც შეგეკითხება და კორიდორს პირდაპირ გაჭრის. არც თურქეთი მოინდომებს ჩვენთან ცერემონიებს, ის ძალიან მკაცრი მოთამაშეა და თუ დასჭირდათ, გადაგვივლიან და გადმოგვივლიან.
„ჩვენთან სომხური და აზერბაიჯანული დიასპორაა და საქართველო სატრანზიტი შავი გამჭოლი კორიდორი გახდება, მაგრამ არ მგონია, რომ აზერბაიჯანმა ეს ნაბიჯი გადადგას", - განაცხადა მაისაიამ „რეზონანსთან".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე