მსოფლიო ორი მასშტაბური ომის წინაშეა, რომელთა დასრულების თარიღებზე პროგნოზის გაკეთება სპეციალისტებს განსაკუთრებით უჭირთ, სულ ცოტა ხნის წინ კი კავკასიის რეგიონში სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის კიდევ ერთი მძლავრი „აფეთქება" ვიხილეთ, რამაც სიტუაცია რეგიონში კარდინალურად შეცვალა. როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, მსოფლიოს ახალი წესრიგის ჩამოყალიბებამდე საქართველომ „თავი სიფრთხილით უნდა გაიტანოს", თუმცა ეს უნდა მოხდეს დასავლურ ინსტიტუტებთან თანდათან დაახლოებით.
ახალ-ახალი კონფლიქტები დროდადრო თავს იჩენს - 8 ოქტომბერს პალესტინელთა რადიკალური მოძრაობა „ჰამასი" ისრაელს თავს დაესხა, თავდასხმას ისრაელმა მძლავრი სარაკეტო დარტყმებით უპასუხა, 9 ოქტომბერს ისრაელმა გამოაცხადა გადაწყვეტილება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, ღაზის სექტორის საჰაერო სივრცეს, სანაპიროს ისრაელი აკონტროლებს. ამასთან, ისრაელის არმიამ ორ დღეში კონტროლი აღადგინა ქვეყნის სამხრეთში, ღაზის სექტორთან მდებარე ყველა დასახლებულ პუნქტზე.
ისრაელსა და ჰამასს შორის ომში დიდი მსხვერპლია ორივე მხრიდან. ტერორისტების თავდასხმას დიდწილად მშვიდობიანი მოქალაქეები შეეწირნენ. სამხედრო საქმის სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ სახმელეთო ოპერაციაც დაიწყოს, ეს კი ნიშნავს, რომ ომი ხანგრძლივი იქნება.
აქვე აღსანიშნავია, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს მოუწოდა, რომ ისრაელის სამხედრო დაფინანსებასთან დაკავშირებით გადაუდებელი დამატებითი ზომები მიიღონ. ამის პარალელურად აშშ სამხედრო დახმარებას უკრაინასაც უწევს.
სულ რამდენიმე დღის წინ სექტემბრის ბოლოსკენ შეწყდა ცეცხლი სომხეთ აზერბაიჯანს შორის, რა დროსაც აზერბაიჯანმა თითქმის მთლიან ყარაბაღზე კონტროლი აღადგინა. რის შემდეგაც, მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის მნიშვნელოვანმა ნაწილმა მამაპაპისეული საცხოვრებელი დატოვა და სომხეთში გადავიდა.
თავად სომხეთშიც სიტუაცია რთულია, პერიოდულად საპროტესტო გამოსვლებია, აქციებს ორი ფრთა ატარებს, ერთნი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან გამოსვლას ითხოვენ, მეორენი კი პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადაყენებას, თავად სომხეთის მთავრობას კი მოსკოვთან ურთიერთობა განსაკუთრებულად დაეძაბა.
2022 წლის თებერვალში დაწყებული რუსეთ-უკრაინის ომი კვლავ ცხელ ფაზაშია, რუსეთი საჰაერო იერიშებს უკვე მეორე წელია არ წყვეტს და უკრაინაც საპასუხო ზომებს იღებს, რთული სიტუაციაა სახმელეთო ოპერაციების თვალსაზრისითაც და როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, მისი დასრულების კონტურები ჯერჯერობით არ იკვეთება.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ საქართველომ, რომელიც რუსული ოკუპაციის ქვეშაა თავი სიფრთხილით უნდა გაიტანოს ახალ მსოფლიო წყობამდე.
„საზოგადოებაში ეს კითხვები ტრიალებს, რომ რა უნდა გააკეთოს საქართველომ ამ ვითარებაში? დავითვალოთ რა ვარიანტები გვაქვს - ან სიფრხთილით თავი უნდა გაიტანო, თუ ძლიერი სახელწიფო ხარ, მაშინ ან უნდა იომო, ან ომისთვის მზადყოფნა გამოაცხადო. 2008 წელს ომი ხუთი დღე გაგრძელდა და ახლა გაცილებით დიდი ძალით დგანან.
„უკრაინა-რუსეთის კონფლიქტში იყო მოსაზრება, რომ საერთო მტერი გვყავს. სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტში ჩვენ პრინციპულად არ ვერთვებოდით და ამან შედეგი მოიტანა, რომ მხარეები საქართველოს იმ ადგილად თვლიან, სადაც შესაძლოა მშვიდობიანი დიალოგი გაიმართოს. ისრაელ-პალესტინელების კონფლიქტთან ჩვენ არაფერ შუაში არ ვართ. სიახლოვე გვაქვს ებრაელებთან, თუმცა მათ ჩვენი დახმარება ნამდვილად არ სჭირდებათ.ისრაელში ისეთი პროცესები მიდის, რომ საქართველომ რომ რაიმე თქვას და რაიმე მხარეს ჩადგეს, ღიმილისმომგვრელი იქნება, რადგან ერთმანეთს უზარმაზარი ძალები უპირისპირდებიან.
„ძალიან სახიფათო სიტუაციაში კი ვართ, მაგრამ ჯერჯერობით ეს ე.წ. სტიქიური უბედურებები გარშემო ხდება და ჩვენი მხრიდან რა შეიძლება გაკეთდეს გარდა იმისა, რომ სტიქიას თავი ავარიდოთ.
„ძალიან ხშირ შემთხვევაში, ჩვენი, როგორც პატარა ქვეყნის სტრატეგია დაცდა-დალოდება იქნება, თუ როგორ ჩამოყალიბდება ახალი მსოფლიო წყობა, რადგან როგორც აღმოსავლური ანდაზები ამბობენ, სპილოების ომის დროს, ჭიანჭველები იმ ადგილს უნდა გაეროდნენ, ჩვენ ამ შემთხვევაში ჭიანჭველების ზომისა ვართ",- განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან".
შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ საქართველომ დემოკრატიული რეფორმების გატარებით დასავლეთის მხარდაჭერა უნდა გაზარდოს, მხოლოდ ასეთ შემთხვეაში შეძლებს ახალ რეალობაში თავის დამკვიდრებას.
„ისეთი ტიპის მშვიდობას, რომელზეც დღეს „ოცნება" საუბრობს, ალბათ არ უნდა ვესწრაფოდეთ, რადგან ამ „მშვიდობის" პირობებში რუსეთი საქართველოს ორ ისტორიული რეგონის შემდგომ ანექსიას აგრძელებს. პუტინი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ლიდერებს შეხვდა. ასევე, რუსეთი ოჩამჩირეში სამხედრო საზღვაო ფლოტის გახსნას გეგმავს. ეს არ მოხდებოდა ანაკლიის პროექტის ფუნქციონირება რომ გაგრძელებულიყო, დასავლეთის ინტერესებში განსაკუთრებით იქნებოდა, რომ ანაკლიის ნავსადგურის უსაფრთხოება დაეცვა.
„სანამ ახალი მსოფლიო წყობა ჩამოყალიბდება, საქართველოს გადარჩენის ფორმულა ესაა- პირველ რიგში ჩვენ დასავლეთის მიმართულებით უნდა გავაგრძელოთ წინსვლა. საჭიროა, რომ ქვეყანაში ისეთი პოლიტიკური ძალა, ან ძალები არსებობდეს, რომელიც საქართველოს დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაციას მოახდენს, ეს არ ნიშნავს, რომ ხვალ და ზეგ ნატოსა და ევროკავშირის წევრები გავხდებით, მაგრამ, ამ მიმართულებით უნდა ვიაროთ და ამისთვის საჭიროა ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება, ეს „ოცნების" პირობებში შეუძლებელია.
„ამით დასავლეთის ინტერესი გაიზრდება ჩვენი მისამართით. დღეს დემოკრატიული უკუსვლა გავქვს და მათგან მხარდაჭერა ნაკლებია. დემოკრატიის განვითარების შემთხვევაში, საქართველო დასავლეთისთვის საყრდენი იქნება კავკასიაში.
„ამასთან, ეკონომიკური თვასაზრისითაც უნდა ვიმუშაოთ და უნდა ვფიქროთ საქართველოს, როგორც სატრანზიტო როლის ზრდაზე, საუბარია ბაქო-თილისი-ახალქალაქი-ყარსის რკინიგზის ხელშეწყობაზე, რომლის მეშვეობით ჩინეთსა და ევროპას შორის უნდა მოხდეს კავშირი, ამის შემდეგ ევროპას და დასავლეთს საქართველოს მისამართით უფრო მეტი ინტერესი ექნებათ. პლიუს ენერგეტიკული და სატრანსპორტო და ანაკლიის პეროექტები უნდა განვითარდეს.
„თუ საქართველოს სატრანზიტო როლი გაიზარდა და დემოკრატიულად გაძლიერდა, რუსეთს ნაკლები ბერკეტი ეიქნება, რომ საქართველოზე ზეწოლა მოახდინოს და ასეთ შემთხვევაში მიუხედავად იმისა, რომ პატარა ქვეყანა ვართ, შეგვიძლია, რომ ახალ მსოფლიო წესრიგში თავი დავიმკვიდროთ", -განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე