თამთა ჩაჩანიძე
(10.10.2023)

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი, მთავრობის წარმომადგენლობით დელეგაციასთან ერთად, საქართველოშია. ვიზიტის ოფიციალური ნაწილი ოთხშაბათსაა დაგეგმილი. გაკეთდება ორმხრივი განცხადებები და გაიმართება მემორანდუმებზე ხელმოწერის ცერემონია, თუმცა მათი შინაარსი წინასწარ ცნობილი არაა. როგორც ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" აცხადებს, უნგრეთი დღეს არის საქართველოს მთავარი და საიმედო პარტნიორი და მისი ლობისტი ევროკავშირში და ამ კუთხით ორბანის ვიზიტი მნიშვნელოვანია მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებსა და საქართველოს კანდიდატის სტატუსზე ევროკომისიის დასკვნის წინ.

უნგრეთის პრემიერი თბილისში მეუღლესთან, ანიკო ლევაისთან ერთად ჩამოვიდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ვიქტორ ორბანს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, უნგრეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თამარ ლილუაშვილი და საქართველოში უნგრეთის ელჩი ანა მარია შიკო დახვდნენ.

ვიქტორ ორბანი საქართველოს დელეგაციასთან ერთად ეწვია. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ვიქტორ ორბანისა და ირაკლი ღარიბაშვილის პირისპირ შეხვედრა. შედგება საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა, რომლის შემდეგაც მემორანდუმებზე ხელმოწერის ცერემონია გაიმართება. საქართველოსა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

„ჩვენ ევროკავშირში გვყავს გულმხურვალე მხარდამჭერი სახელმწიფო, როგორიც არის უნგრეთი", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

„უნგრეთი სამართლიანად და დაბეჯითებით მოითხოვს, რომ საქართველოს მიეცეს ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსი. ვხედავთ, რომ ევროპის ყველა წამყვანი ლიდერი ამბობს, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხს მხარს დაუჭერს, მაგრამ ყველაზე მკაფიოდ ამის გამოთქმას ბატონი ორბანი ახერხებს", - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

როგორც ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე გვეუბნება, მემორანდუმები შეიძლება ეხებოდეს საქართველოსა და უნგრეთს შორის თანამშრომლობას 2014 წელს ევროკავშირთან გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ფარგლებში.

„მნიშვნელოვანი ვიზიტია იმ კუთხით, რომ საქართველოს ევროკავშირში ძალიან მყარი და ერთგული მხარდამჭერი ჰყავს, რომელიც ლობირებას გაუწევს იმას, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს.

„ვიქტორ ორბანზე რაც არ უნდა ილაპარაკონ, მას ევროკავშირში გარკვეული გავლენები აქვს. შესაბამისად ამ ვიზიტის მნიშვნელობას სწორედ ასე ვხედავ, რომ საქართველოს ჰყავს ევროკავშირში ერთ-ერთი საიმედო და მართლაც გამორჩეული მეგობარი, რასაც ევროკავშირის სხვა სახელმწიფოებზე ვერ ვიტყვით, იგივე პოლონეთზე, ბალტიის ქვეყნებზე და სხვებზე.

„მემორანდუმები შეიძლება იყოს თანამშრომლობის თაობაზე, კონკრეტულ სავაჭრო ურთიერთობებზე საქართველოსა და უნგრეთს შორის. საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობა განსაზღვრულია 2014 წლის ევროკავშირთან გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებით. არ მგონია უნგრეთი ამ სქემისგან განსხვავებულად მოქმედებდეს, რადგან ის ევროკავშირის წევრია და უნდა თუ არა მათ რეკომენდაციებს ექვემდებარება.

„წარმომადგენლობითი დელეგაციით ჩამოსვლა კი სავარაუდოდ იმ დამოკიდებულების გამოხატვაა, რაც უნგრეთს საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების მიმართ აქვს. ორბანსა და ირაკლი ღარიბაშვილს შორის არა მხოლოდ კოლეგიალური და სამთავრობათაშორისო, არამედ გარკვეული პიროვნული ურთიერთობები არსებობს. გვახსოვს, რომ ღარიბაშვილი უნგრეთში გამართულ შეხვედრას ესწრებოდა, რამაც მითქმა-მოთქმა გამოიწვია. შესაბამისად, ამ წარმომადგენლობითი დელეგაციით ჩამოსვლა ნიშნავს, რომ შესაძლოა სხვადასხვა სფეროში ძალიან მყარი და ურთიერთსასარგებლო ურთიერთობა დამყარდეს. სხვანაირად უნგრეთის მთავრობა არ მოცდებოდა იმაზე, რომ ასეთი დელეგაციით ჩამოსულიყო.

„რადგან ორბანი წარმომადგენლობითი დელეგაციით ჩამოვიდა, ეს იმას ნიშნავს, რომ არ იქნება მხოლოდ მეგობრობის ვიზიტი ვიზიტისათვის", - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე