„დებატები რომ მიდის და მსჯელობენ, უკვე კარგია - ჯერ ევროკავშირში რეფორმები უნდა ჩატარდეს და შემდეგ ახალი სახელმწიფოების მიღება დაიწყონ“
თამთა ჩაჩანიძე
(04.10.2023)

5 ოქტომბერს ესპანეთში ევროპის ლიდერთა შეხვედრა გაიმართება, სადაც კონტინენტისთვის მნიშვნელოვანი საკითხები უნდა განიხილონ, მათ შორის მთავარი ღერძული თემაა - როგორ გაფართოვდეს ევროკავშირი რუსული აგრესიის პირობებში. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ევროკავშირის ლიდერებს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი დისკუსიები მიდის მომავალ გეგმებზე, საუბარია ე.წ. გრანადის დეკლარაციაზე და ამასთანავე, საფრანგეთი-გერმანიის სამუშაო ჯგუფის ხედვაზე.

ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ მომავალი გაფართოება ორმხრივი იყოს, როგორც ევროკავშირში შიდა რეკონსტრუქციის, ისე ასპირანტი ქვეყნების მიერ დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების თვალსაზრისით.

უკრაინა ევროკავშირის წევრი, შესაძლოა, 2030 წლამდე გახდეს, უკრაინის ადგილი ევროკავშირშია, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა.

ამასთან, მისი თქმით, ასეთი სცენარი შესაძლებელია „თუ ორივე მხარე შეასრულებს საშინაო დავალებას". „უკრაინამ და სხვა კანდიდატებმა უნდა განახორციელონ რეფორმები, ებრძოლონ კორუფციას და შეასრულონ სამართლებრივი წინაპირობები", - განმარტა მიშელმა.

ამასთან, მისი თქმით, ევროკავშირმა გადაწყვეტილების მიღების პროცესები უნდა დააჩქაროს."რუსეთთან მისი დაპირისპირების შემდეგ ცხადი გახდა: უკრაინის ადგილი ევროკავშირშია და ამავდროულად - მალე და არა ოდესმე", - აღნიშნა მიშელმა.

აღსანიშნავია, რომ 2-3 ოქტომბერს კიევში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა. ევროპის ლიდერთა შეხვედრა კი 5 ოქტომბერს ესპანეთში გაიმართება, რომელიც კონტინენტის მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავს.

ევროკავშირის გაფართოება გააძლიერებს ევროპის სუვერენიტეტს და არის გეოსტრატეგიული ინვესტიცია ჩვენს კონტინენტზე მშვიდობის, უსაფრთხოების, სტაბილურობისა და კეთილდღეობისთვის, - მის შესახებ აღნიშნულია გრანადის სამიტის დეკლარაციის პროექტში.

დასავლური მედია წერს, რომ ე.წ. გრანადის დეკლარაცია მიზნად ისახავს, მომავალი ევროკომისიისთვის მოამზადოს პოლიტიკური მიმართულება, რომელიც ეხება სხვადასხვა საკითხს, როგორებიცაა: კონკურენტუნარიანობა, მიგრაცია და გაფართოება.

დოკუმენტის თანახმად, ევროკავშირიც და მომავალი წევრი ქვეყნებიც მზად უნდა იყვნენ და „კავშირმა უნდა განახორციელოს აუცილებელი შიდა სამუშაოები" გაფართოების კუთხით.

დეკლარაციის პროექტში ასევე აღნიშნულია, რომ ევროკავშირი აპირებს, გააძლიეროს თავისი თავდაცვის შესაძლებლობები, რათა დაუპირისპირდეს რუსეთს საფრთხის შემცველი გლობალური გარემოს ფონზე.

თსუ-ს პროფესორი და ანალიტიკოსი საგარეო საკითხებში კორნელი კაკაჩია „რეზონანსთან აღნიშნავს, რომ დღეს ევროკავშირში მრავალგანზომილებიანი დებატები მიდის თუ როგორი უნდა იყოს გაერთიანება უახლოეს მომავალში.

„დღეს დებატები მიდის თუ როგორი უნდა იყოს ევროკავშირი მომავალ წლებში გაფართოების შემთხვევაში. ერთ-ერთი პროექტის ინიციატორი საფრანგეთია, რომელიც პანევროპულ რაღაც ახალ გაერთიანებაზეა საუბარი. აქ არიან წარმოდგენილი ევროპის სახელწიფოები, მათ შორის საქართველო. უნივერსიტეტში ლექციაზე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გვყავდა, რომელმაც საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად, ექსპერტების სამუშაო ჯგუფი შექმნა, რომლებმაც ეს ანგარიში მოამზადეს.

„ამ ანგარიშში წერია თუ როგორ ხედავენ ისინი გაფართოებას, საქართველოზე კარგი ვარიანტია. დებატები რომ მიდის და უკვე ამაზე მსჯელობენ, ეს უკვე კარგია. მარტო ის არ კმარა, რომ გადაწყვეტილება მიიღონ, იქ არის აღწერილი ინსტიტუციურად რა და როგორ მოხდება, რომელ სახელმწიფოს რა დრო უნდა მიეცეს. მთლიანობაში აზრი ასეთია, რომ ჯერ ევროკავშირში შიგნით რეფორმები უნდა ჩატარდეს და შემდეგ ამ ახალი სახელმწიფოების მიღება დაიწყონ. გრანადის დეკლარაცია კიდევ სხვა მიმართულებაა.

„რაცშეეხება მიშელის განცხადებას, ასეთი პოლიტიკური განცხადებები ბევრი გვინახავს. ბუნებრივია ქვეყანა ომშია და ევროკავშირი ცდილობს მხარი დაუჭიროს თუნდაც განცხადებებით, მაგრამ, რეალურად ყველაფერი ომის შემდგომ სიტუაციაზეა დამოკიდებული თუ უკრაინა და სხვა სახელმწიფოები როგორ განვითარდებიან, იგივე კორუფციის, ეკონომიკის და რიგი რეფორმების თვალსაზრისით. მთავარია სახელმწიფო კოპენჰაგენის კრიტერიუმებს რამდენად დააკმაყოფილებს და გადაუხვევს თუ არა დემოკრატიას.

„მიშელის განცხადება მნიშვნელოვანია, მაგრამ, ამას წევრი სახელმწიფოები წყვეტენ და ჯერჯერობით არავინ იცის რა მოხდება 2030 წლამდე",- განაცხადა კორნელი კაკაჩიამ „რეზონანსთან".

აქვე აღსანიშნავია, რომ კაკაჩია საუბრობს დოკუმენტზე, რომელიც ფრანგი და გერმანელი ექსპერტების ჯგუფმა წარმოადგინეს საკუთარი 60 გვერდიანი ხედვა სახელად „ ცურვა ღია ზღვაში: რეფორმირება დაევროკავშირის გაფართოება 21-ე საუკუნისთვის". დოკუმენტის მიხედვით, ევროკავშირი მოამზადებს ნიადაგს ახალი წევრებისთვის, შიდა რეფორმების თვალსაზრისით და ამასთანავე პუნქტებადაა ჩამოწერილი ის პრინციპები, რომელიც გაერთიანებაში შემავალ ქვეყანას მოეთხოვება. მომავალი წევრების მხრიდან დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის პრიციპების დაცვა საკვანძო საკითხი იქნება.

შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ მიშელის განცხადება მისასალმებელია და იმედის მომცემი, თუმცა, პირველ რიგში ასპირანტმა ქვეყნებმა უნდა იმოქმედონ დემოკრატიული რეფორმების თვალსაზრისით.

„მიშელის განცხადება მისასალმებელია, მაგრამ ამისთვის აუცილებელია, რომ ასპირანტმა ქვეყნებმა - უკრაინამ, საქართველომ, მოლდოვამ და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებმა კონკრეტული რეფრომები განახორციელონ. ევროკავშირი დემოკრატიული ქვეყნების თანამეგობრობაა და პირველ რიგში დემოკრატიული ინსტიტიტები უნდა იყოს განვითარებული, პირველ რიგში კანონის უზენაესობა.

„ამასთანავე, ქვეყნები სოციალურ-ეკონომიკურად განვითარებულები უნდა იყვნენ, ევროკავშირის პირველი მიზანი ეკონომიკური იყო, ამიტომაც ეს ქვეყნები ეკონომიკურ სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდნენ. ევროკავშირის სურვილი ერთია, მაგრამ კონკრეტულმა ქვეყნებმა რეფორმების სურვილი უნდა გამოთქვან.

„ევროკავშირის შიდა რეორგანიზაციას რაც შეეხება, აქ მთავარია აღმასრულებელ სტრუქტურებში რეფორმირება, ვგულისხმობ, ევროპულ საბჭოს, ევროპარლამენტს, ევროკომისიას. ვფიქრობ, რომ ევროკავშირის შემდგომი გაფართოება უკავშირდება, როგორც მომავალი წევრების მიერ განხორციელებულ რეფორმებს, ასევე, ევროკავშირის შიდა რეკონსტრუქციას. თუმცა, პირველ რიგში ასპირანტმა ქვეყნებმა რეფორმები უნდა განახორციელონ", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე