თამთა ჩაჩანიძე
(02.10.2023)

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ე.წ. რევოლუციური სცენარის საქმეზე ახალ დეტალებს ასაჯაროვებს - უწყება ოპერატიულ ჩანაწერს ავრცელებს და აღნიშნავს, რომ კადრებში ორგანიზაცია „კანვასის" წევრებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შეხვედრაა ასახული. ამასთან, „ხდება ერთ-ერთი დიდი ჯგუფის გადამზადება", რომლებმაც, სუს-ისინფორმაციით, „გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულონ ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის პროცესების მომზადებასა და განხორციელებაში".

აღნიშნულს გამოხმაურებები მოჰყვა, როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან - „ქართული ოცნება" სუს-ის განცხადებას საგანგაშოს უწოდებს და აცხადებს, რომ პრევენციული ზომებია მისაღები. მათი თქმით, „ქვეყანაში შენარჩუნებული იქნება მშვიდობა და არავის მიეცემა საშუალება, რომ შემოიტანოს რევოლუცია, დაპირისპირება, სისხლისღვრა, ხელისუფლების დამხობა ბინძური მეთოდებით".

ოპოზიცია კი ამბობს, რომ სუს-ის მიერ გავრცელებული 2 ოქტომბრის განცხადება "ქართული ოცნების" მიერ წარმოებული ჰიბრიდული ომია, რომლის მიზანიც „დაშინების გზით ხელისუფლების შენარჩუნების მცდელობაა".

სუს-ის ინფორმაციით, 2023 წლის 25 სექტემბერს საქართველოში USAID-ის პროგრამის აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მოწვევით ჩამოვიდნენ სერბეთის მოქალაქეები სინისა სიკმანი, იელენა სტოისიჩი და სლობოდან ჯინოვიჩი, რომლებიც დაკავშირებული არიან 2003 წელს საქართველოში განვითარებულ რევოლუციურ მოვლენებთან, სხვადასხვა წლებში კი მათ ასევე კავშირი ჰქონდათ სერბეთში, უკრაინასა და სხვა სახელმწიფოებში მიმდინარე ანალოგიურ პროცესებთან.

როგორც ოპოზიცია აცხადებს, ამ საქმეში აშშ-ს ხსენება USAID-ის სახით ნიშნავს იმას, რომ „ხელისუფლება პარტნიორებს თავს ესხმის". პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კი სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით USAID-ის ადგილობრივი ოფისისგან გამჭვირვალე განმარტებებს ელოდება.

როგორც სუს-ი აღნიშნავს, ზემოთ აღნიშნული სერბეთის მოქალაქეები აქტიურად ახორციელებდნენ საპროტესტო მუხტის წარმოქმნის მეთოდიკისა და ძალადობრივი აქციების ჩატარების ტაქტიკის სწავლებას. წარმოადგენენ ორგანიზაცია „კანვასის" მმართველ რგოლს, აგრეთვე, სინისა სიკმანი და სლობოდან ჯინოვიჩი არიან ორგანიზაცია „ოტპორის" ყოფილი წევრები, რომელიც სერბეთში წარმოადგენდა ქართული ორგანიზაცია „კმარას" ანალოგს.

„კანვას - საქართველო" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელზე, ის იმ აქტივისტებზე, ვინც ორგანიზაციასთან თანამშრომლობენ, ზეწოლად აფასებს.

როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ორგანიზაცია მოუწოდებს საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებს, საქართველოში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვით დაინტერესებულ მხარდამჭერებს, ყურადღება მიაქციონ აღნიშნულ ფაქტს.

რას აცხადებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

სუს-ის თანახმად, აღნიშნული პირების საქართველოში ჩამოსვლის გაცხადებული მიზეზი იყო კულტურის სფეროში მოღვაწე ჯგუფებისთვის ტრენინგების ჩატარება ,,სტრატეგიული არაძალადობრივი ბრძოლის" საკითხებში, მაგრამ, გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოში მათი ჩამოსვლის მიზანი მხოლოდ ეს არ იყო. კერძოდ, ვიზიტის რეალური დანიშნულება იყო იმ ახალგაზრდებსა და გავლენიან არასამთავრობო ორგანიზაციებთან კომუნიკაციის დამყარება და ტრენინგების ჩატარება, რომლებიც საქართველოში მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში დაგეგმილი დესტრუქციული მოქმედებების და კანონსაწინააღმდეგო ქმედებების ბირთვი უნდა გახდნენ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, 26-29 სექტემბერს USAID-ის დაფინანსებით ჩატარებულ კონფერენციას ორგანიზება „კანვას-საქართველომ" და აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტმა გაუწიეს.

„აღნიშნული პირების საქართველოში ჩამოსვლის გაცხადებული მიზეზი იყო კულტურის სფეროში მოღვაწე ჯგუფებისთვის ტრენინგების ჩატარება ,,სტრატეგიული არაძალადობრივი ბრძოლის" საკითხებში, მაგრამ გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოში მათი ჩამოსვლის მიზანი მხოლოდ ეს არ იყო. კერძოდ, ვიზიტის რეალური დანიშნულება იყო იმ ახალგაზრდებსა და გავლენიან არასამთავრობო ორგანიზაციებთან კომუნიკაციის დამყარება და ტრენინგების ჩატარება, რომლებიც საქართველოში მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში დაგეგმილი დესტრუქციული მოქმედებების და კანონსაწინააღმდეგო ქმედებების ბირთვი უნდა გახდნენ.

„მათ მიერ 2023 წლის 26-29 სექტემბერის პერიოდში ქ. თბილისში მდებარე სასტუმროში „იბისი" მიმდინარეობდა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო აქტივისტების წარმომადგენლების, კერძოდ, ერთ-ერთი დიდი ჯგუფის გადამზადება, რომლებმაც გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულონ ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის პროცესების მომზადებასა და განხორციელებაში. აღნიშნულ პირებს ჩაუტარდათ სწავლება, თუ როგორ უნდა იმოქმედონ სამიზნე ჯგუფების, კერძოდ, ხელისუფლების, მართლმადიდებლური ეკლესიის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და სხვა უწყებების წინააღმდეგ, ასევე, გზებზე პიკეტების და ხელოვნური საცობების შექმნისა და ადმინისტრაციული შენობების წინ კარვების მოწყობის ტექნიკაზე, როგორ უნდა შეიტანონ მღელვარება ძალოვან სტრუქტურებში, რა ძალადობრივი პასუხი უნდა გაეცეს მათ კანონიერ მოთხოვნებს.

„მსმენელები შეამზადეს მოსალოდნელი დაკავებების პროცესისთვის და სწავლება ჩაუტარეს ასეთ დროს წინააღმდეგობის გაწევის ხერხებზე, აქციის მონაწილეთა დაფინანსების საკითხებზე, პარლამენტის შენობაში შეჭრაზე, მაუწყებლობის სადგურების გათიშვასა და ძალაუფლების ხელში აღებაზე, საქართველოს კანონიერად არჩეული ხელისუფლების ჩამოშლაზე, რა დროსაც მათ მიერ შედარებითი ანალიზისთვის მოყვანილ იქნა სერბეთში განვითარებული რევოლუციური პროცესების არაერთი დრამატული მაგალითი",-ნათქვამია განცხადებაში.

გამოხმაურება ხელისუფლებიდან

პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ სამწუხაროა ის, რაც USAID-თან დაკავშირებით გახდა ცნობილი და იმედოვნებს, რომ ორგანიზაციის თბილისის ოფისიდან სათანადო, გამჭვირვალე ახსნა-განმარტება იქნება.

„მინდა კიდევ ერთხელ გავაფრთხილო როგორც ქვეყნის შიგნით მოქმედი მტრული ძალები, ასევე მათი მხარდამჭერები ქვეყნის საზღვრებს გარეთ, ჩვენ არ დავუშვებთ არავითარ არეულობას ქვეყანაში.

„მათ რა თქმა უნდა, არ მოსწონთ ის წარმატებები, რომელიც დღეს ქვეყანაში გვაქვს. არ მოსწონთ, რომ დღეს ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა შევინარჩუნეთ. მათი სურვილი არის ძალადობრივი გზით ხელისუფლების დამხობა და ქვეყანაში „მეორე ფრონტის" გახსნა. ეს იყო მათი თავდაპირველი მიზანი და სამწუხაროდ, დღესაც რჩება მათ მიზნად.

„ამიტომ, განცხადებები, რომელიც სუს-მა გაავრცელა, არის პრევენციული ხასიათის, გამაფრთხილებელი განცხადებები კონკრეტული მტკიცებულების სახით. მინდა ყველას მოვუწოდო, რომ მაქსიმალური გონიერება გამოიჩინონ. ნუ მისცემენ ასეთ დესტრუქციულ ძალებს უფლებას, რომ თავი გამოაყენებინონ. კარგად გვახსოვს მარტის მოვლენები, თუ როგორ გამოიყენებს სტუდენტები და შემდეგ მიატოვეს. რა თქმა უნდა, ასე მოხდება.

„ეს ყველაფერი არის მათი დაგეგმილი ბინძური ანტიეროვნული, ანტისახელმწიფოებრივი გეგმები. ჩვენ ამას შევეწინააღმდეგებით და არ დავუშვებთ. ყველა იქნება მაქსიმალური სიმკაცრით დასჯილი, ვინც ამ ანტისახელმწიფოებრივ გეგმებს მოქმედებაში მოიყვანს",- აღნიშნა ღარიბაშვილმა.

როგორც თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, მნიშვნალოვანია ქვეყანაში თითოეული ადამიანის უსაფრთხოება დაცული იყოს, მისი თქმით სახელმწიფო მოწოდების სიმაღლეზე იქნება და „არავის გამოუვა, რომ ქვეყანაში შემოიტანოს რევოლუცია, დაპირისპირება, სისხლისღვრა, ხელისუფლების დამხობა ბინძური მეთოდებით".

„რატომ კეთდება აღნიშნული კანონპროექტი? განმარტებები იყო გაკეთებული. მნიშვნელოვანია, თითოეული ადამიანის უსაფრთხოება დაცული იყოს ამ ქვეყანაში. იმიტომ გახდა საჭირო რომ, განცხადებები იყო გაკეთებული, იგეგმება არეულობები, მიზნობრივი პროვოკაციები, კონკრეტულად - კარვებში, ეს იქნება იარაღის შეტანა, ასაფეთქებელი მასალების შეტანა რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან, ვინც გეგმავს გადატრიალებას, არეულობას თავიანთი უცხოელი აქტორების ჩართულობით, მაგრამ არავის არაფერი გამოგივათ. ქვეყანაში შენარჩუნებული იქნება მშვიდობა და არავის მიეცემა საშუალება, რომ ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი გამოყენებული იყოს საზარბაზნე ხორცად და მეორე ფრონტი იყოს გახსნილი", - განაცხადა კალაძემ.

„ნამდვილად არ არის სასიხარულო სუს-ის ინფორმაცია არც ჩვენთვის და არც აშშ-სთვის, არ მგონია, ამერიკა ის სახელმწიფო იყოს, რომელიც სხვა სახელმწიფოში გეგმავდეს რევოლუციებს", - ამბობს „ოცნების" დეპუტატი მიხეილ სარჯველაძე, რომელიც ოპოზიციის განცხადებებსც პასუხობს, რომ სუს-ის განცხადება არავითარი გადაფარვის და არაფრის დამალვის მცდელობა არ არის, ეს „კონკრეტული ინფორმაციაა".

რას ამბობს ოპოზიცია

როგორც ენმ-ს წევრი ანი წითლიძე ამბობს, სუს-ის გამოძოება არის მცდელობა, რომ ყოფილი გენპროკურორის ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებული მოვლენები გადაიფაროს.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო ორგანიზაციაა. მინდა, ამ განცხადების პასუხად ვკითხო, სად იყო სუს-ი და რას აკეთებდა, რიდესაც საქართველოს გენერალური პროკურორი რუსეთის აგენტი იყო? რას აკეთებდა, როდესაც რუსეთის აგენტი ფარცხალაძე კოორდინირებას უწევდა სამართალდამცავ ორგანოებს და ერეოდა არჩევნებში? რას აკეთებს ახლა, როდესაც ამერიკის მიერ უკვე ოფიციალურად აგენტად დეკლარირებული ფარცხალაძე თავისუფლად გადაადგილდება საქართველოში და მას არავინ არაფერს არ უზღუდავს? როგორიც არ უნდა იყოს სუს-ის მცდელობა, რომ აბსურდული ბრალდებები შექმნას, მას აუცილებლად მოუწევს მთავარ კითხვებზე პასუხის გაცემა", - განაცხადა ანა წითლიძემ.

არარსებული მტერი გამოიგონა სუს-მა და საკუთარ თავს მოუძებნა საქმე, რომ ამ "მტრებმა" ვერ მოუწყონ არარსებული და არშემდგარი რევოლუცია - ეს არის ანტიამერიკული კამპანიის ნაწილი , - ამის შესახებ "გირჩის" დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.მისი თქმით, ხელისუფლება არარსებულ მტრებს მაშინ იგონებს, როცა პრობლემები ექმნება.

„ეს არის ანტიამერიკული კამპანიის ნაწილი, სადაც ამერიკულ ინსტიტუტებს სახელი უნდა გაუტყდეთ. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ამით ამერიკელ პარტნიორებთან ვიფუჭებთ საქმეს და არა იმაში, რომ "იუესაიდი" ან მანამდე იყო ან ამის მერე გახდება რევოლუციური იდეების მხარდამჭერი ან ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგები მოახერხებენ რევოლუციის მოწყობას. რევოლუციას ახდენს ხალხი და ჩემი კოლეგებიც, სუსიც, ხელისუფლებაც ხელს უშლიან. გაერკვნენ, თუ რა პრინციპების საფუძველზე უნდა მოხდეს ხელისუფლების ცვლილება, ეს რომ არ მოხდეს, ამიტომ არის მოწყობილი ისტერია ამ არარსებულ ამბებზე", - განაცხადა ხვიჩიამ.

პარტია "საქართველოსთვის" წევრის მიხეილ დაუშვილის განცხადებით, სუს-ის განცხადება "ქართული ოცნების" მიერ წარმოებული ჰიბრიდული ომია, რომლის მიზანიც დაშინების გზით ხელისუფლების შენარჩუნების მცდელობაა. ამბობს, რომ აშშ-ს ხსენება მიშნავს, რომ, მმართველი გუნდი საერთაშორისო პარტნიორებს თავს ესხმის.

"ამ განცხადებიდან ერთადერთი რამ შეგვიძლია ამოვიკითხოთ - ეს არის ოცნების ჰიბრიდული ომის გაგრძელება ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგ. ოცნება ცდილობს ჩვენი მოქალაქეების დაშინებას იმისთვის, რომ შიშის ფონზე შეინარჩუნონ ძალაუფლება და მეტი არაფერი.

„რაც შეეხება ამ განცხადებაში USAID-ის და შეერთებული შტატების ხსენებას. უკვე ცალსახად და ნათლად ვხედავთ, რომ ოცნება ბევრი ინსტრუმენტით თავს ესხმის ჩვენ პარტნიორებს, მათ შორის შეერთებულ შტატებს", - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე