რეზონანსი
(02.10.2023)

ვფიქრობ, საქართველოს პრეზიდენტი ვერ გაბედავს, დაიცვას საკუთარი პოზიცია სასამართლოში, რადგან თურმე კაპიტან გიგაურს ეკითხება, როგორ უნდა მოიქცეს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

მისივე თქმით, პრეზიდენტმა საქართველოს ხალხს ღია პროცესზე უნდა უთხრას, რატომ დაარღვია კონსტიტუცია.

„ვფიქრობ, ისტორიული საქმის განხილვა უწევს სასამართლოს. ისტორიული ფაქტია იმ გაგებით, რომ კონსტიტუციის დამცველი პირველი პირი, რომელიც ვალდებულია, იცავდეს საქართველოს კონსტიტუციას და იყოს ამის გარანტი, პირველი არღვევს მას დღისით, მზისით, სრულიად აშკარად. ასევე ისტორიული „ქეისია" საკონსტიტუციო სასამართლოსთვის ისეთი მარტივი და დადასტურებული ფაქტის განხილვა, რომელიც მოუწევს სასამართლოს. პირდაპირ მტკიცებულებები არის ხელის გულზე, სადაც ჩანს, რომ საქართველოს პრეზიდენტი არღვევს საქართველოს კონსტიტუციას. ვფიქრობ, საქართველოს პრეზიდენტი ვერ გაბედავს, ჩავიდეს და დაიცვას საკუთარი პოზიცია, რადგან დავინახეთ, თურმე კაპიტან გიგაურს ეკითხება, როგორ უნდა მოიქცეს. გიგაური როცა ჰყავს მრჩეველი თუ ჭკუის დამრიგებელი, სრულიად ნათელია, რა შედეგი უნდა დაუდგეს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, საქართველოს ხალხს და საკუთარ ქვეყანას ღია პროცესზე უნდა უთხრას, რატომ დაარღვია კონსტიტუცია", - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე