თამთა ჩაჩანიძე
(30.09.2023)

მართველი გუნდი შეკრებისა და მანიფესტაციების დროს დროებითი კონსტრუქციების მოწყობასთან დაკავშირებით კანონის გამკაცრებასა და ახალი ამკრძალავი ნორმების ამოქმედებას გეგმავს. როგორც ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსს" ეუბნება, ეს ნიშნავს, რომ „ოცნება" ოპოზიციის აქციებისათვის ემაზდება, თუმცაღა, მისი აზრით, ეს კანონი, არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე, დიდი ალბათობით, არ იმუშავებს. ამბობს, რომ, სავარაუდოდ, არც ოპოზიციის აქციები იქნება მასობრივი და პერმანენტული, რადგან დღეს საზოგადოებაში ეს განწყობა არაა.

კანონპროექტის ავტორები და ინიციატორები „ოცნების" დეპუტატები არიან, რომლებიც სუს-ის განცხადებაში მითითებულ საფრთხეებზე „ეფექტიანი და დროული რეაგირების აუცილებლობიდან გამომდინარე", კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას და მიღებას ითხოვენ.

„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონში ცვლილებების მიხედვით, შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილეებს დროებითი კონსტრუქციების მოწყობა ეკრძალებათ, თუ მისი მოწყობა:

- საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს;

- ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას;

- იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას;

- შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება.

პროექტის მიხედვით, „საჯარო სივრცის იერსახის დამახინჯების თავიდან აცილების მიზნით", შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს დროებითი კონსტრუქციის მოწყობა იმ შემთხვევაშიც ეკრძალებათ, თუ მისი მოწყობის გარეშე შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება არსებითად არ ფერხდება.

ახალი ამკრძალავი ნორმების დარღვევა გამოიწვევს სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას და დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით ან სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას და ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ხოლო თუ დამრღვევი ორგანიზატორია - სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას და დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.

როგორც ძაბირაძე „რეზონანსთან" ამბობს, უახლოესი ისტორიის მანძილზე ყველა ხელისუფალი მსგავსი კანონების გამკაცრებას ცდილობდა, მათ შორის „ნაცმოძრაობის" ხელისუფლებაც, თუმცა პრაქტიკამ აჩვენა, რომ ამას შედეგი არ მოაქვს.

„აქციები ისედაც იქნება და მაშინაც, თუ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი ვერ მივიღეთ. პერმანენტულის რა მოგახსენოთ, დღეს ასეთი განწყობა და მოცემულობა არაა. „ოცნებას" რომ ეშინია - ესეც ფაქტია. შიშს დიდი თვალები აქვს და ცდილობენ რაღაც კანონები გაამკაცრონ. თუმცა, მე ვურჩევდი მათ, რომ ჩვენი უახლესი ისტორია ნახონ, რადგან ყველა ხელისუფალი კანონის გამკაცრებით ცდილბდა, რომ სიტუაცია დაერეგულურებინა და საპროტესტო განწყობები შეემცირებინა, მაგრამ, კომუნისტებიდან მოყოლებული და „ნაციონალების" ჩათვლით, არცერთს არ გამოუვიდა.

„თუ არ ვცდები, ენმ-ის დროს ისიც იყო, რომ სასამართლო და ადმინისტრაციულ შენობებს რამდენიმე მეტრით არ უნდა მიახლოვებოდი. როცა სისტემა რღვევას იწყებს და ისე აღარ მუშაობს, როგორც საჭიროა, ასეთი კანონების გამკაცრებას აზრი არ აქვს. როცა მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა უკვე შენი მხარდამჭერი არაა, ამას შედეგი არ მოაქვს. იქნება აქციები, რაღაცეებს გადაჯეგავენ და ყველაფერი ამით დასრულდება, ისევე, როგორც დასრულდა ენმ-ის, შევარდნაძისა და კომუნისტების დროს.

„ყველა ხელისუფალი მაგას აკეთებს და არცერთხელ ამ კანონს არ უმუშავია. ვერ იმუშავებს ისევე, როგორც ცენზურის შემოღების მცდელობა. ხალხი ამ კანონის წინააღმდეგ თუ ადრე მიდიოდა, ახლა რატომ არ წავა? ამით ვერცერთმა ხელისუფალმა ვერანაირი შედეგი ვერ მიიღო. ეს მაშინაც კი არ მუშაობდა, როცა მხოლოდ ორი ტელევიზია იყო. დღეს კი სოციალური ქსელებია და ამას აზრი არ აქვს გარდა იმისა, რომ თვითდამშვიდების ელემენტს შეიცავს. სისტემა როცა რღვევას იწყებს, იმას არაფერი აღარ შველის. „ოცნების" სისტემა ამ დღეშია", - განაცხადა ანალიტიკოსმა.

კითხვაზე თუ საქართველომ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო, რამდენად მოსალოდნელია მასობრივი და პერმანენტული აქციები, ძაბირაძე ამბობს:

„საპროტესტო გამოსვლები იქნება და ალბათ უნდა იყოს კიდეც, მაგრამ აქ უკვე ოპოზიციის პრობლემაა, რადგან ისეთი აქციები არ იქნება, რომ პერმანენტული იყოს და ამით პროცესი დაასერიოზულონ. საპროტესტო ტალღის აგორება მგონია, რომ ვერ მოხერხდება, საზოგადოებაში დღეს ასეთი განწყობა არაა. ამ მხრივ უარყოფითი განწყობაა და ეს უარყოფითი მუხტი თანდათან იზრდება.

„სიმართლე რომ გითხრათ, მე პროტესტს უფრო გაზაფხულზე ველოდები და რა თქმა უნდა, არჩევნების დროს. ეს უკვე კატასტროფა იქნება, მაგრამ რას ვიზამთ", - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე