ელზა პაპოშვილი
(29.09.2023)

რა გზავნილია „ედისონ რისერჩის“ კვლევები ქართული პოლიტიკური სპექტრისთვის და განსაკუთრებით ოპოზიციისთვის. როგორც ანალიტიკოსები „რეზონანსთან“ ფიქრობენ, თუ ამ კვლევებს დავეყრდნობით, მაშინ „ოცნება“ უმრავლესობის შექმნას მაინც შეძლებს, რადგან 2024 წლამდე  ენმ-ში სიტუაცია ისე ვითარდება, რომ მას რეიტინგი კიდევ უფრო  დაბლა დაუვარდება. თუკი პარტია ორად გაიყოფა, მაშინ 17%-ანი შედეგი  გამორიცხული იქნება. 

ამ ფონზე ანალიტიკოსებისთვის საინტერესო მოთამაშე გიორგი ხარიაა, სადაც კვლევის მიხედვით ის 5%-იან ბარიერს ლახავს და არ არის გამორიცხული, კოალიციური  მთავრობის შექმნის პირობებში, გადამწყვეტი როლი ითამაშოს. თუმცა ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე აქ უფრო  „საზოგადოების რაღაცისთვის  მომზადებას“ ხედავს, რადგან მიაჩნია, რომ ამ კვლევაში გახარია მიზანმიმართულად არის შემოყვანილი. 

„ედისონ რისერჩის“ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, ალოკაციით, შეწონვის მეთოდით პასუხები ასე ნაწილდება:  ქართული ოცნება - 37%, გამარჯვების პლატფორმა  - 22%, საქართველოსთვის - 10%, გირჩი მეტი თავისუფლება, დროა - 4%, ლეიბორისტული პარტია - 4%, ლელო - 4%, ხალხისთვის (ანა დოლიძე) - 4%, გირჩი (იაგო ხვიჩია) - 4%, კონსერვატიული მოძრაობა ალტ-ინფო - 3%, მოქალაქეები - 2%, ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის - 1%, პატრიოტთა ალიანსი - 1%, სხვა - <1%.

კვლევის მიხედვით, კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, ალოკაციის გარეშე პასუხები ასე ნაწილდება:

ქართული ოცნება - 25%, გამარჯვების პლატფორმა - 15% , საქართველოსთვის - 6,8%, გირჩი მეტი თავისუფლება, დროა - 3%, ლეიბორისტული პარტია - 2,9%, ლელო - 3,9%, ხალხისთვის (ანა დოლიძე) - 2,9%, გირჩი (იაგო ხვიჩია) - 2,6%, კონსერვატიული მოძრაობა ალტ-ინფო - 2%, ხალხის ძალა - 1,9%, მოქალაქეები - 1,2%, ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის - 0,9%, პატრიოტთა ალიანსი - 0,8%, სხვა - 0,4%, არ ვიცი/უარი პასუხზე - 31,8%. 

პოლიტიკური საკითხების მკვლევარი სერგი კაპანაძე „ფეისბუქში“ ამ კვლევების მიხედვით წერს სავარაუდო მონაცემებს, რომელიც შესაძლოა 2024 წელს პოლიტიკურმა პარტიებმა აიღოს. 

„თუ არჩევნები სრულდება ამ შედეგით, როგორც ედისონის 2023 წლის ივლისის სლაიდზეა, ეს ნიშნავს, იმის გამო, რომ 5%-იან ბარიერს გადალახავს მხოლოდ 73%, საბოლოოდ მანდატები განაწილდება ამგვარად: ქართული ოცნება - 76 (+1), ენმ-სტრატეგია - 52, გახარია - 11, ლეიბორისტები - 10, ლელოც და გირჩი/დროა თუ ლახავენ (დავუშვათ, რომ ენმ-ს/ოპოზიციის ხარჯზე), მაშინ მანდატები განაწილდება ასე:, ქართული ოცნება - 66 (+1), ენმ-სტრატეგია - 45, გახარია - 11, ლეიბორისტები - 9, ლელო - 9, გირჩი/დროა - 9,“ - წერს კაპანაძე.

ამასთან, მისი გათვლებით, 2023 წლის სექტემბრის კვლევაში შედეგებით თუ დაჯდა რიცხვები, მაშინ მანდატები ასე განაწილდება: ოცნება - 81, ენმ/სტრატეგია - 48, გახარია - 21.

„ანუ, აქედან არის ერთი მთავარი გაკვეთილი. რაც შეიძლება მეტმა ოპოზიციურმა პარტიამ უნდა გადალახოს ბარიერი და ეს უნდა გააკეთოს ან: 1. იმის ჩვენებით, რას სთავაზობენ ხალხს და მარტომ გადალახონ, ან 2. გამსხვილდნენ, ან 3. ორივე,“ - წერს კაპანაძე სოციალურ ქსელში.  

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე  კი „რეზონანსთან“ ფიქრობს, რომ მოცემული კვლევები ბოლომდე რეალობას არ ასახავს, თუმცა აქედანაც ნათლად ჩანს, რომ ოპოზიცია მძიმე მდგომარეობაშია. გახარიას რეიტინგი და საუბარი იმაზე, რომ ის 5%-იან ბარიერს გადალახავს, საზოგადოების გარკვეული აზრის მომზადებას უფორ ჰგავს, რადგან წარმოუდგენელია, პოლიტიკოსი არსად ჩანდეს და ამხელა რეიტინგი ჰქონდეს. 

„საერთოდ ასეთი გამოთქმა არსებობს, მუსიკას ვინც უკვეთავს, ის ცეკვავსო. ასეთი შთაბეჭდილება მრჩება ამ კვლევების შემხედვარეს. საქმე კი იმაშია, რომ ამ კვლევით ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის ნათქვამი. პირველ რიგში ის, რომ ენმ-ის რეიტინგი ამხელა ვერ იქნება, რადგან პარტია ფაქტობრივად დაშლის პირას იმყოფება და ის კომიკური ფიგურები, რომლებიც პარტიას სათავეში ჩაუდგნენ, თავად ამ პარტიის ელექტორატსაც კი არ ადარდებს. რაც შეეხება სააკაშვილს, მის მიმართაც ვხედავთ უკვე რა განწყობაც არსებობს, ამიტომ ეს 17%, რომელიც ენმ-ს დაუწერეს, ტყუილია. რაც შეეეხება „ოცნების“ რეიტინგს, აქაც ბოლომდე ეტყობა ტყუილი ვერ იკადრეს და პირველ ადგილას ლოგიკურია, რომ ის არის გასული. კვლევები ხომ ამით უფრო დამაჯერებელი იქნება. 

„ასევე აქ მნიშვნელოვანია გიორგი გახარიას ფაქტორი, რომელსაც 6%-ი დაუწერეს და ამით გაზარდეს იმის ალბათობა, რომ შესაძლოა „ოცნებამ“ უმრავლესობა ვერ აიღოს და კოალიციური მთავრობის შექმნა გახდეს საჭირო. გახარია ვიცით, რომ ძირითადად „ოცნების“ ხმების წამღებია. ამიტომ ესეც გამიზნულად არის გაკეთებული, რომ ადამიანებმა, რომლებსაც ხელისუფლების მიმართ იმედგაცრუება აქვთ და არც ნაციონალები უნდათ, ხმა გახარიას მისცენ. ეს არის ერთგვარი დაზღვევა ოპოზიციისთვის, რომ გახარიამ შემდეგ კოალიცია შეუქმნას. საბოოო ჯამში კი ოპოზიცია კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაშია, ვიდრე კვლევაშია მოცეული“, - ამბობს  საყვარელიძე. 

მისივე თქმით, გახარიამ და მისმა გუნდმა ბევრი პოლიტიკური ტაიმი გამოტოვეს, ამიტომ  კულისებში გადასულ ექსპრემიერს ამხელა მხარდაჭერა ვერ ექნება. მისი აზრით, ეს გარკვეული სცენარისთვის  მზადებაა, სადაც გახარიას უკვე თავისი როლი აქვს. თუმცა საყვარელიძე გახარიას მიმართ ოპოზიციას ასეთ ნდობას არ ურჩევს. მისი აზრით, ის საკმაოდ უცნაური პოლიტიკოსია, რომლის  სვლების განსაზღვრა ძალიან რთულია. ამიტომ არც ის არის გამორიცხული, თუკი მან 5%-იანი ბარიერი ნამდვილად გადალახა, კოალიცია „ოცნებას“ შეუქმნას და ისევ პრემიერობაზე ჰქონდეს  პრეტენზია.       

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე