თამთა ჩაჩანიძე
(29.09.2023)

„მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია პოლიტიკაში ბრუნდება, ჯერჯერობით უცნობია ის რომელ პოლიტიკურ გუნდს შუერთდება, თუმცა ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ მან და ენმ-ს ყოფილმა თავჯდომარემ ნიკა მელიამ ერთიანი პლატორმა ჩამოაყალიბონ, ან გვარამიამ ცალკე თავად შექმნას პარტია, თუნდაც ძველ თანამოაზრეებთან ერთად.

რამდენიმე დღის წინ, „მთავარის" ეთერში წამყვანმა გიორგი გაბუნიამ ენმ-ის მოქმედი თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი მწვავედ გააკრიტიკა. თავად გვარამიას თუ აქვს მსგავსი პოზიცია ხაბეიშვილზე ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ანალიტიკოსების აზრით შესაძლოა ეს გახდეს დამაბრკოლებელი და ენმ-ს დღევანდელ მენეჯმეტთან ალიანსზე უარი თქვას.

თავად გვარამია კი ამბობს, რომ წამყვანის მაგიდასთან თავი ამოწურა, დროა პოლიტიკაში დაბრუნდეს და 2024 წლის არჩევნებისთვის იბრძოლოს.

"ტელევიზიაში მე დირექტორი არ ვარ და არც დავბრუნდები... მე მივდივარ იქ, სადაც ბრძოლა მოიტანს შედეგებს. მე 2024 წელს მინდა, რომ თანამონაწილე ვიყო ბიძინა ივანიშვილისა და რუსეთის დამარცხების. ეს არის ის, რისი თქმაც მინდა... მე ვიქნები იქ, სადაც იქნება პოლიტიკური ბრძოლა ივანიშვილის წინააღმდეგ, ერთმნიშვნელოვნად და ცხადად. ყველაზე უფრო ეფექტური რაც იქნება, ჩემი აზრით, ვიქნები იქ.

„მე მგონია, რომ ამოვწურე წამყვანის მაგიდასთან საკუთარი თავი. ტელევიზიის ხელმძღვანელადაც და მადიამენეჯერადაც, ვფიქრობ, თავი ამოვწურე, დამოუკიდებელ ჟურნალისტადაც... მე ვფიქრობ, რომ ჩემი ადგილი ამ წუთას არის იქ, სადაც პოლიტიკური მეთოდებით შეიძლება ბრძოლა და გამარჯვების მოპოვება. მე მინდა, რომ დავეხმარო ამ სეგმენტს. უფრო მეტად სპეციფირება არ შემიძლია ამ საკითხის, როგორ იქნება და რანაირად",- ამბობს გვარამია „მთავართან".

კითვაზე რამდენად შესაძლებელია, რომ ნიკა მელიამ და ნიკა გვარამიამ ცალკე ახალი პლატფორმა შემნან, ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ გამორიცხული არაა, თუმცა იმასაც ამბობს, რომ შესაძლოა ყველაფრის მიუხედავად, ენმ-სთანაც ითანამშრომლოს.

„პოლიტიკაში ყველაფერი შესაძლებელია, ის კი არა, ცხოვრებაშიც ასეა, გაშორებული ცოლ-ქმარიც შესაძლოა ხელახლა რამდენჯერმე დაქორწინდეს. გვარამია რომელ გუნდს შეუერთდება, პროგნოზისთვის ბევრი რამ იმაზეა დამოკიდებული ვის უკან რა ძალები დგას. ის ვერსიაც იყო გავრცელებული, რომ ძველი გვარდიის ის წარმომადგენლები, რომლებიც ხაბეიშვილს მხარს უჭერდნენ, შესაძლოა აღარ უჭერენ.

„როცა გვარამია იარაღსასხმული იბრძოდა, პოლიტიკურ შედეგებზე მაშინაც დიდი გავლენა არ ჰქონდა. ახლაც ალბათ რაღაც ჯგუფებში მიიღებს მონაწილეობას, მაგრამ შედეგიანი იქნებაო, ამის თქმა მიჭირს. როცა ენმ-სთან იყო, მის გამო პარტიას უფრო მეტი რეიტინგი არ ჰქონდა და ახლაც მის ბიოგრაფიაში არაფერიო მომხდარა ისეთი, რაც სავარაუდოს გახდის, რომ ახლანდელი გვარამია თუ პოლიტიკაში შევა, პოლიტიკის ზღვა უკან დაიხევს და გზას მას დაუთმობსო",- განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან".

შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" არ გამორიცხავს, რომ გვარამიამ პოლიტიკური პლატფორმა თავად შექმნას „რა, სად, როდის" მოაზრივნეების ნაწილთან ერთად.

„არაა გამორიცხული, რომ გვარამიამ რომელიმე პროდასავლურ ძალასთან ითანამშრომლოს, მაგალითად ნიკა მელიას ფრთასთან ერთად, მელიამაც განაცხადა, რომ განსხვავებული პლატფორმის შექმნას აპირებს. შესაძლოა, გვარამიამ თავადაც შექმნას განსხვავებული პოლიტიკური ძალა, ცნობადობა და რეიტინგი მაღალი აქვს. „რა, სად, როდის" მოაზროვნეების ნაწილმა თავის დროზე გვარამიას გათავისუფლების შტაბი შექმნეს და არ გამოვრიცხავ, რომ მათთანაც ითანამშრომლოს.

„გვარამია წონადი ფიგურა ნამდვილა არის, ინტელექტუალური თვისებებით გამოირჩევა, მას მებრძოლი სული აქვს, წლების განმავლობაში ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ იბრძოდა, რეჟიმის მსხვერპლიც იყო და ციხეში მოხვდა. იმ პოლიტიკურ ძალის თუ ჯგუფის რეიტინგი აიწევს, სადაც გვარამია წავა",- განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანასთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე