როგორ დალაგდება პოლიტიკური სპექტრი და ვინ შეიძლება იყოს „ოცნების" მთავარი კონკურენტი მომავალ საპარლამენტო არჩევნებში, ამ საკითხზე „რეზონანსი" პოლიტოლოგ იგორ კვესელავას ესაუბრა, რომელიც უახლოეს პერიოდში ქართულ პოლიტიკურ ველზე რადიკალურ ცვლილებას ვარაუდობს, „ოცნების" სერიოზულ მეტოქედ კი ამ არჩევნებში პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიაჩნია.
„რეზონანსი": როგორ შეაფასებდით ნაციონალურ მოძრაობაში არსებულ დაპირისპირებას და ნიკა მელიას მიერ სხვა პლატფორმიდან ბრძოლის დაანონსებას? „ოცნებაში" აცხადებენ, რომ ნაციონალურ მოძრაობაში ლოგიკური პროცესი მიმდინარეობს - დაყოფა და შემდეგ პოლიტიკური ასპარეზიდან გაქრობა.
იგორ კვესელავა: ნაციონალური მოძრაობა პოლიტიკური ასპარეზიდან ვერ გაქრება, თუმცა პარტიის გაყოფას არ გამოვრიცხავ. ადრეც ვამბობდი, რომ ნიკა მელია დატოვებდა პარტიას. დიდი ალბათობით, ნიკა მელია და ნიკა გვარამია ერთად იქნებიან, რადგან თემატურადაც და იდეურადაც ერთმანეთთან ახლოს არიან. ძალიან კარგი ალიანსი იქნება და მათ გუნდს ნაციონალური მოძრაობიდან ბევრი შეუერთდება, ბევრი გადავა მელია-გვარამიას მხარეს.
„რ": სააკაშვილი როგორ შეხვდება ამ ამბავს, მან ხომ მთელ ოპოზიციურ სპექტრს გაერთიანებისკენ მოუწოდა?
ი.კ: არ ვფიქრობ, რომ პარტიაში რამე მიშას გარეშე ხდება. ალბათ სააკაშვილი თავის მიზანდასახულობას ოქტომბერში გამოაცხადებს. პარტია ორადაც რომ გაიყოს, ორივე გადალახავს 5%-იან ბარიერს. ანუ ბრძოლა იქნება ბარიერთან დაკავშირებით, მიზანი და ამოცანა კი ერთია - ამ ხელისუფლების გასტუმრება და ხელისუფლებაში მოსვლა. შეიძლება მთელი ძალაუფლება ხელში ვერ აიღონ, მაგრამ როგორც „ნაციონალებისთვის", ასევე მთელი ოპოზიციისთვის დიდი წარმატება იქნება კოალიციური მთავრობის შექმნა.
„რ": ქართულ პოლიტიკურ ასპარეზზე მესამე პოლიტიკური ცენტრის ფორმირების პერსპექტივა გაქრა?
ი.კ: არა, ეს ძალა აუცილებლად გამოჩნდება და არ გამოვრიცხავ, რომ სწორედ მესამე ძალას სათავეში საქართველოს პრეზიდენტი ჩაუდგეს. სალომე ზურაბიშვილი იქნება „ოცნების" თავსატეხი და ამ არჩევნებში სერიოზულ მეტოქეობას გაუწევს „ქართულ ოცნებას".
პრეზიდენტს დიდი მხარდაჭერა აქვს საერთაშორისო ასპარეზზე, დასავლელი ლიდერები დიდ პატივს სცემენ. ზურაბიშვილი ძალიან სწორ ნაბიჯებს დგამს თუნდაც ფარცხალაძესთან დაკავშირებით, რომელსაც ამ დრომდე მოქალაქეობა არ ჩამოართვა. კრიტიკის ქარცეცხლში კი გაატარეს, მაგრამ მისი ყველა სვლა გათვლილია და ქვეყნისთვის მომგებიანი.
იმპიჩმენტის პროცესის დაწყებით კი „ქართულმა ოცნებამ" უკვე წააგო, იგი დამარცხდა. მმართველი გუნდი პარლამენტში პრეზიდენტის გადაყენებაზე ოპოზიციონერებს ვერ დაითანხმებს. პრეზიდენტის იმპიჩმენტის გამოყენებას უარყოფითი შეფასება მისცა დასავლეთმა, რაც ხელს შეუშლის ქვეყნის მიერ კანდიდატის სტატუსის მიღებას. იგივე მოსაზრებაა აშშ-ის მაღალ პოლიტიკურ წრეებშიც. ევროპული ვოიაჟის შემდეგ, გამორიცხული არ არის, სალომე ზურაბიშვილი ვიზიტით აშშ-ში გაემგზავროს და პრეზიდენტ ბაიდენს შეხვდეს. ზურაბიშვილი იქნება „ოცნების" მთავარი კონკურენტი ამ არჩევნებში და ეს ოფიციალურ სახეს მალე მიიღებს.
„რ": „ოცნებაში" არ გამორიცხავენ, რომ რთული არჩევნები იქნება. პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ შემდგომი წელიწად-ნახევარი კრიტიკულია, თუმცა დარწმუნებულია, რომ გადავაგორებთ და განსხვავებული პოლიტიკური სურათი გვექნება საპარლამენტო არჩევნების შემდეგო.
ი.კ: ირაკლი კობახიძის ნაჩქარევი გამონათქვამების გამოა, რომ „ოცნება" რეიტინგს კარგავს. ჩემი ანალიზი ამ პარტიასთან მიმართებით არ შეცვლილა. „ოცნების" ავტორიტეტი ქართველ საზოგადოებაში მათი მოქმედების გამო არ იზრდება. ეჭვი არ მეპარება, რომ „ქართული ოცნება" 5%-იან ბარიერს გადალახავს, მაგრამ უმრავლესობით ვერ მოვა. საქმე კი იქამდე მივა, რომ შეიძლება პარტია ორად გაიყოს. ბიძინა ამ თამაშში არ ჩაერევა, მას თავისი გასაჭირი აქვს და ქვეყანაში კოალიციური მთავრობა თუ შეიქმნა, ეს „ოცნების" კი არა, ბიძინას სერიოზული დამარცხება იქნება.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე