თამთა ჩაჩანიძე
(28.09.2023)

„ოცნება" აცხადებს, რომ იმ სახელმწიფოთა ლიდერებთან, სადაც პრეზიდენტი იმყოფებოდა, საუბრები არა კანდიდატის სტატუსის მონიჭებაში მხარდაჭერაზე, არამედ სანქციების დაწესების მუქარაზე იყო, ამიტომაც მმართველ გუნდს მიაჩნია, რომ სალომე ზურაბიშვილის მიმართ იმპიჩმენტის პროცესის წამოწყება „მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო". საწინააღმდეგოს ფიქრობს ოპოზიცია და იმასაც ღიად ამბობენ, რომ იმპიჩმენტის საბოლოო გაფორმებისთვის პარლამენტში კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებენ. შესაბამისად, ნაკლებად სავარაუდოა, „ოცნებამ" საამისოდ საჭირო 100 ხმის მოგროვება შეძლოს.

ამ საკითხზე ანალიტიკოსთა შეხედულებებიც სხვადასხვაგვარია, ნაწილი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტმა რეალურად დაარღვია კოსნტიტუცია და ამასთან ევროპული ტურნეს ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე მავნებლურ განცხადებებს აჟღერებდა. ნაწილი კი ამბობს, რომ პრეზიდენტი ყველაფერს აკეთებს „ოცნების" შეცდომების გამოსაწორებლად, რათა კანდიდატობა მივიღოთ, კონსტიტუციის დარღვევაზე კი საუბარი ზედმეტია.

„ახლახანს ვიხილეთ - ერთდროულად, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარეს ვიზიტი ჰქონდა, ვიზიტის შედეგად იმ სახელმწიფოს მეთაურისგან მოვისმინეთ დიდი ენთუზიაზმით გაკეთებული განცხადება იმის შესახებ, რომ სრულად და უპირობოდ უჭერენ მხარს საქართველოს ევროინტეგრაციას და კანდიდატის სტატუსის მონიჭებას. იყო იმავე დღეს გაკეთებული განცხადება იმ სახელმწიფოების ლიდერებისგან, სადაც სალომე ზურაბიშვილი იმყოფებოდა და ლაპარაკობდნენ არა კანდიდატის სტატუსის მონიჭებაში მხარდაჭერაზე, არამედ სანქციების დაწესების მუქარაზე. ამით ყველაფერი ნათქვამია!" - აცხადებს „ოცნების" დეპუტატი მიხეილ სარჯველაძე.

„ამიტომაც იყო იმპიჩმენტის წამოწყება მნიშვნელოვანი და იმის თქმა, რომ ამ შემთხვევაში პრეზიდენტი არ არის უფლებამოსილი სახელმწიფო იმ რიტორიკით წარმოადგინოს, რომელიც მთავრობის მიერ ჩამოყალიბებულ საგარეო პოლიტიკურ ხაზთან თავსებადი არ არის. მთავრობის საგარეო ხაზია, რომ ქვეყანა კანდიდატის სტატუსის მიღებას იმსახურებს", - განაცხადა სარჯველაძემ.

„იმის მიუხედავად თუ ქართულ პოლიტიკაზე ცალკეული დასავლელი აქტორები რას ამბობენ, ზურაბიშვილმა საქართველოს კონსტიტუცია მიზანმიმართულად და არაერთგზის დაარღვია. საკონსტიტუციო სასამართლო სწორედ კონკრეტულ ფაქტებს დაეყრდნობა და არა პოლიტიკურ განცხადებებს. რაც შეეხება ზურაბიშვილის თავხედურ, მავნებრლურად ჯიუტ და დესტრუქციულ ვოიაჟებს, მას დამარწმუნებელი არგუმენტები რომ ჰქონდეს, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი დამსახურების გამო უნდა მიენიჭოს, მაშინ ლატვიის პრეზიდენტის განვხადება არ იქნებოდა, რომ ჩვენ საერთაშორისო სანქციებს უნდა მივუერთდეთ," - ამბობს ანალიტიკოს გია აბაშიძე.

„საერთაშორისო სანქციებს მიერთებული ვართ და ეს ერთსულოვნად აღიარეს რამდენიმე ხნის წინ თბილისში მყოფმა ამერიკელმა და ბრიტანელმა ექსპერტებმა, რომლებიც სწორედ ამ თემაზე მიუშაობენ. ეს უმტკიცესი დასტურია. უცხოეთიდან ცალკეული პოლიტიკური განცხადებები აბსოლუტურად მიუღებელია და კოლექტიული კუბილიუსების და ფონ კრამონების მავნებლულ განცხადებებს ემსგავსება.

„ბალტიის ქვეყნების სკეპტიკურობა არც მიკვირს, რადგან ამ ქვეყნებში საგარეო პოლიტიკურად უყურებენ ვინაა პრორუსული და ვინ პროევროპელი. სამწუხაროდ გლობალური ომის პარტია ენმ, მისი ლობისტები და ასევე ენმ-ს ერთ-ერთი პერსონაჟი სალომე ზურაბიშვილი მავნებლურად ცდილობენ როგორც ბალტიისპირეთის, ისე სხვა ქვეყნები დაარწმუნონ, რომ საქართველო თურმე პრორუსულია.

„სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკური აქტივობა იმდენად ბრიყვულია, რომ მას რაღაცეები წამოცდენია, არ ვიცი ეს უნებურად იყო თუ მიზანმიმართულად, მაგრამ ეროვნულ ბანკზე ამბობს, რომ პრორუსულია. მათ შორის ჩვენს დამოუკიდებელ მართლსაჯულებასაც ამუნათებს, რაც გასაკვირი არაა. ზურაბიშვილი აგენტოკრატიის ერთგული ვასალია, ოღონდ გლობალურ ომის პარტიასთან მას რა ვალდებულებები აქვს, ეს გაურკვეველია.

„ზურაბიშვილი საქართველოს სახელწიფოს მტრად იქცა და იმპიჩმენტი აუცილებლად უნდა მოხდეს კონკრეტულ ფაქტებზე, რომ კონსტიტუციას მიზანმიმართულად არღვევს. თუ ნაცოპოზიციას პოლიტიკური აზროვნების რამე დარჩენია, პარლამენტში ქალბატონ ზურაბიშვილის გადაყენებას მხარი უნდა დაუჭირონ", - თქვა აბაშიძემ „რეზონანსთან".

კონფლიქტოლოგი და ყოფილი სახელმწიფო მინისტრია პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილს კონსტიტუცია არ დაურღვევია და ახლა ის „ოცნების" შეცდომებს ასწორებს. მისი თქმით, მმართველი პარტიის კრიტიკა, რომ ტურნეს ფარგლებში შეხვედრებზე არცერთ ევროპელ ლიდერს არ უხსენებია, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს იმსახურებს, არასწორია, რადგან ამას პრემიერ ღარიბაშვილის ვიზიტების დროსაც არ ამბობენ.

„კონსტიტუციაში პირდაპირ და ცალსახად გვიწერია, რომ საქართველო ნატოში და ევროკავშირში მიისწრაფის, შესაბამისად პრეზიდენტმა ეს პოზიცია განახორციელა. მეც კი, რომელიც რიგითი მოქალაქე ვარ, 12 პუნქტის დაწესების შემდეგ, ევროპაში სულ ცოტა სამჯერ ვიყავი სამოქალაქო სექტორთან ერთად პროპაგანდა გაგვეწია, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი აუცილებლად უნდა მისცენ, უამრავი არგუმენტებით, კონფერენციებით და ა.შ. მე ისე წავედი, არავისთვის არაფერი არ მიკითხავს, რადგან თავისუფალი მოქალაქე ვარ.

„საქართველოს კონსტიტუციაში ცალკე წერია, რომ პრეზიდენტმა მთავრობას თავისი მოგზაურობები უნდა შეუთანხმოს. პრაქტიკულად უცნაური რამ მოხდა, მთავრობამ კონსტიტუცია დაარღვია და პრეზიდენტს აუკრძალა კონსტიტუცია შეესრულებინა. თუ სასამართლო პატიოსნად ჩატარდება, უნდა დაადგინოს, რომ მთავრობამ პრეზიდენტს სხვა არაფერი არ დაუტოვა, გარდა იმისა, რომ პროცედურა დაერღვია, რათა კონსტიტუცია დაეცვა. წესით, საკონსტიტუციო სასამართლომ მთავრობას პასუხისმგებლობა უნდა დააკისროს, რომ პრეზიდენტს ეს აკრძალვა მოუხსნას და შეუქმნას იმის პირობები, რომ პრეზიდენტმა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას ხელი შეუწყოს.

„ოცნების" მხრიდან ეს დაახლოებით ისეთივე ბოდვაა, როგორც ის რომ მსოფლიოს აქ მეორე ფრონტის გახსნა უნდა. ამას რეალობასთან არაფერი საერთო არ აქვს. „ოცნება" მიხვდა, რომ საზოგადოებას რაც უფრო ბოდივით პოზიციას შესთავაზებს, მით უფრო დააჯერებს, მაგრამ ეს ასე არაა, ამის მხოლოდ მის ამომრჩეველს სჯერა.

„სალომე ზურაბიშვილი მკაფიოდ და ცალსახად ყველაფერს აკეთებს, რათა საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს. მდინარაძემ უცნაური რამ თქვა, თითქოს ზურაბიშვილის მოგზაურობა ფუჭია - აბა, რომელმა ლიდერმა თქვა, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს იმსახურებსო?... და როცა ღარიბაშვილი ევროპაში ჩადის, რომელი ლიდერი ამბობს, რომ საქართველო სტატუსს იმსახურებს?! სამწუხაროდ ევროპა მზად არაა, რომ სტატუსი მოგვცენ, ეს პრობლემა და „ოცნების" „დამსახურებაა". ზურაბიშვილს უნდა, რომ მათი ბრალი გამოასწოროს და ყველაფერს აკეთებს, რომ სტატუსი მივიღოთ.

„თუ წელს კანდიდატის სტატუსს არ მივიღებთ, ეს მხოლოდ „ოცნების" დამსახურება იქნება, ამის გამოსწორება უნდოდა ზურაბიშვილს, მაგრამ ვერ გამოსწორა. ევროპას სურს დარწმუნებული იყოს, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესში მოწოდების სიმაღლეზე იქნება, სამწუხაროდ ამ წუთში ევროპაში კოსნენსუსი არაა რომ სტატუსი მოგვცენ, თუმცა ჯერ კიდევ თვეებია დარჩენილი და პრეზიდენტს ამის გამოყენება უნდა", - განაცხადა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე