„ნაციონალური მოძრაობა“ შესაძლოა ოქტომბერში ორად გაიყოს. ამის ალბათობა უკვე რეალურია, რადგან პოლიტიკური მოძრაობის ყოფილი თავმჯდომარე, საბოლოო გადაწყვეტილებას პარტიის დატოვების თაობაზე 7 ოქტომბერს თანაგუნდელებთან ერთად დაგეგმილ შეკრებაზე მიიღებს. ნიკა მელიას მიერ ახალი პლატფორმის შექმნაზე განსხვავებული დამოკიდებულებაა ოპოზიციაში. მმართველ გუნდში კი დარწმუნებული არიან, რომ არც ცალკე და არც რომელიმე პარტიასთან გაერთიანებით, მელიას გუნდს არჩევნებში წარმატების შანსი არ აქვს.
რატომ აპირებს ნიკა მელია „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვებას? - ყოფილი თავმჯდომარე ამ გადაწყვეტილებაზე საუბრობს.
„ის, რაც პარტიაში მოხდა და ხდება არ არის მცირე ამბავი, პირიქით, გამოწვეულია ფუნდამენტური განსხვავებების გათვალისწინებით. შედეგად მიღებულია მძიმე, ღრმა ჭრილობა, რომელიც არ არის შეხორცებული და შეიძლება არც არის შეხორცებადი. ლოგიკურ დასასრულამდე ეს პროცესი უნდა მივიდეს და ჩვენ, უმრავლესობა რასაც ვაკვირდებით ამ თვეების განმავლობაში ვფიქრობთ, რომ ღია მსჯელობა უნდა გაიხსნას, განსხვავებით იმ ადამიანებისგან, ვინც დღეს არიან მენეჯმენტში. არც მე და არც ჩვენი მეგობრები გაუთავებლად არ ვაპირებთ ვანო მერაბიშვილსა და კეზერაშვილზე საუბარს. ეს გასაგებია, მთელმა ქვეყანამ იცის, დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ რეალური მართვა ამ ადამიანების ხელშია, ამიტომ აქედანაც არის გამომდინარე ეს უდიდესი კონტრასტული სხვაობა.
ჩვენ გამოვრიცხავთ რომელიმე, სხვა არსებულ პოლიტიკურ პარტიაში გადასვლას ან გაერთიანებას. ბუნებრივია, ეს აზრადაც არავის არ მოსვლია,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ნიკა მელიაზე საუბარს დღეს თავს არიდებენ. ანა წითლიძის შეფასებით, მისი წასვლა პარტიიდან დანაკლისი იქნება, თუმცა მათთვის უფრო მნიშვნელოვანი საკითხებიც არსებობს.
„არ მაინტერესებს ეს საკითხი... დანაკლისი ნებისმიერი ადამიანის წასვლა იქნება პარტიისთვის, მაგრამ არსებობს კიდევ უფრო პრიორიტეტული საკითხები,“ - განაცხადა ანა წითლიძემ.
ნიკა მელიას პარტიიდან გასვლის დაანონსებას პოლიტიკური შეფასებები მოყვა - „ქართულ ოცნებაში“ დარწმუნებული არიან, რომ არც ცალკე და არც რომელიმე პარტიასთან გაერთიანებით, მელიას გუნდს არჩევნებში წარმატების შანსი არ აქვს.
„ადამიანს თუ ელემენტარული თავმოყვარეობა აქვს, როდესაც ხაბეიშვილთან წააგებს რაიმე სახის არჩევნებს, იმის ამბიცია აღარ უნდა ჰქონდეს, რომ პოლიტიკაში საერთოდ რამე აკეთოს, მაგრამ კრებით „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ნაცებს“ თავმოყვარეობა, განსაკუთრებით პოლიტიკური, ნამდვილად არ აქვთ და ეს პარტიის თითოეულ ლიდერზე ითქმის, სააკაშვილის ჩათვლით. საზოგადოებისთვის არაფერი აქვს საერთო და ინტერესი, ესენი ერთად დალაგდებიან თუ ცალ-ცალკე,“ - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი.
ანალიტიკოისი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ნიკა მელიას გადაწყვეტილება შემოდგომაზე პარტიის დატოვებაზე ლოგიკურია, რადგან მას ენმ-ში ყოფნის არანაირი მიზანი აღარ აქვს; დიდი ალბათობით მელია რიგგარეშე არჩევნებს ელოდა, რაც ამ ეტაპზე შეუძლებელია. პირიქით, პარტიაში ძველი სახეების დაბრუნებას ცდილობენ, რომელთა გამოც „ნაციონალურ მოძრაობას“ ხელისუფლების დატოვება მოუწია. ამიტომ მელია ვეღარ ხედავს მიზეზს, რის გამო შეიძლება პარტიაში დარჩეს.
„ალბათ ჰქონდა რაღაცა იმედი, რომ სააკაშვილი მაინც ეცდებოდა პარტიის შესანარჩუნებლად რამე ეღონა. ჩვენ ვნახეთ რამდენიმე დღის წინ, რაღაცა საბჭოს შექმნაზე იყო საუბარი, სადაც მელია, უგულავა, კეზერაშვილი, მერაბიშვილი, თავად სააკაშვილიც და სხვა ძველი სახეები უნდა გაწევრიანებულიყვნენ. თუმცა როგორც ჩანს, მელია ამაზე არ დათანხმდა. ასევე დაკარგა მელიამ იმედი, რომ ლევან ხაბეიშვილის შეუსრულებელი დაპირების გამო შესაძლებელი იქნებოდა ხელახალი რიგგარეშე არჩევნების ჩატარება, სადაც გამარჯვებას ისევ შეძლებდა. როგორც ჩანს, ამის შემდეგ უკვე გადაწყვიტა, რომ ამ პარტიისგან თავის ჯგუფთან ერთად დისტანცირდეს.
„რაც შეეხება იმას, რა სახის ზიანი შესაძლოა ამით ნაციონალებს მიადგეთ, რა თქმა უნდა, ეს არ იქნება უმტკივნეულო გაყრა. საქმე იმაშია, რომ მელიამ ხაბეიშვილთან საკმაოდ მცირე სხვაობით წააგო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მას პარტიის ელექტორატში მხარდამჭერები ჰყავს. ამიტომ წასვლით ენმ-ს ელქტორატს წაართმევს. ეს კი 2024 წლის არჩევნების წინ ძალიან ცუდია. მელიას შეუძლია 5%-იანი ბარიერის გადალახვა, თუ გუნდთან ერთად ახალ პოლიტიკურ პარტიას შექმნის. ის ხაბეიშვილის და მისი გუნდისგან განსხვავებით, ბევრად უკეთესად გამოიყურება. თუკი ასევე მოახერხებს და ოპოციურ ფლანგზე, სხვა ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად გაერთიანდება, უკეთესი იქნება“,-ამბობს ძაბირაძე.
მისივე თქმით, მელიას რეგიონებში საკამოდ გამოცდილი პარტაქტივი უჭერს მხარს. ამიტომ ძაბირაძეს მიაჩნია, რომ თუ ეს გაყოფა მოხდა, რეგიონებში ლევან ხაბეიშვილის გუნდს საქმე არც თუ კარგად ექნება. მელია შეძლებს და არჩევნებში უკვე გამოცდილ ელექტორატს და პარტაქტივს წაიყვანს. ის რეგიონებში საკმაოდ დიდი მხარდაჭერით სარგებლობს. თუმცა ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ბევრი რამ მაინც მიხეილ სააკაშვილის პოზიციაზე იქნება დამოკიდებული.
„სააკაშვილის პოზიცია მნიშვნელოვანი იქნება, ამიტომ მელიას და მისი გუნდის წარმატება ბევრ წილად ამაზეც იქნება დამოკიდებული. თუ სააკაშვილმა ნეიტრალური დაიკავა და მელია არ გააკრიტიკა, ეს მელიასთვის კარგი იქნება. თუმცა თავად სააკაშვილს რას მისცემს, არ ვიცი. ასევე მნიშვნელოვანია ვის მხარეს დაიაკვეს ნიკა გვარამია. ის და მელია ერთად საკმაოდ საინტერესო ტანდემი იქნება. მართალია, პოლიტიკურად ენმ-ის ამომრჩეველში მელიას უფორ მეტი წონა აქვს, ვიდრე გვარამიას, მაგრამ გვარამიას აქვს საკმაოდ დიდი გამოცდილება და ერუდიცია. ის ჭკვიანი ადამიანია, რომელიც მელიას ნამდვილად დაეხმარებოდა. თუმცა ვნახოთ, ალბათ გვარამიაც სააკაშვილის პოზიციას დაელოდება, რადგან მისი მეგობარია. მგონია ენმ-ში მოვლენები საინტერესოდ განვითარდება“, - ამბობს ძაბირაძე.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე