ერაყში საბრძოლო მისიით ნამყოფი და პენტაგონის მიერ სპეციალური მედლით დაჯილდოვებული სამხედრო მზვერავ როინ შავაძის მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში 18 სექტემბერს ჩანიშნული წინა სასამართლო სხდომა არ გამართულა; დაცვის მხარემ სხდომის ორი თვით გადადება მოითხოვა, რასაც ბრალდების მხარე არ დაეთანხმა; სასამართლომ კი მკვლელობაში ბრალდებულების ადვოკატების ეს მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და წინა სასამართლო სხდომის თარიღად 2023 წლის 25 ოქტომბერი ჩანიშნა. ამ სტატიაში გიამბობთ გასული 15 წლის განმავლობაში შავაძის მკვლელობის საქმის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე.
2008 წლის 16 აგვისტოს, საომარი მოქმედებებიდან ბათუმში ორი დღის დაბრუნებული თავდაცვის სამინისტროს სენაკის 23-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის მზვერავი, როინ (რომა) შავაძე, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის (კუდ-ი) წარმომადგენლებმა ჯერ აწამეს და შემდეგ დახვრიტეს. იმავე დღიდან საზოგადოებაში შავაძის „მოღალატეობის" შესახებ ინფორმაცია გაავრცელეს და მოგვიანებით, ამის შესახებ მინიშნებები პარლამენტის ტრიბუნიდანაც გააკეთეს. თუმცა, გამოძიება არა სამშობლოს ღალატის, არამედ ნარკოტიკების შეძენა-გადაზიდვის ბრალდებით დაიწყეს.
საქმის ხელახალი გამოძიება და მკვლელობის საქმეზე ათი პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა მომხდარიდან 15 წლის შემდეგ, 2023 წლის 28 ივლისს დაიწყო - გენპროკურატურამ შავაძის უკანონო დაკავების, განზრახ მკვლელობისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით 8 პირი დააკავა, ხოლო 2-ის მიმართ ძებნა გამოაცხადა. ამაზე ინფორმაცია 2023 წლის 28 ივლისს, გენპროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.
მეორე დღეს, 2023 წლის 29 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ იგივე ბრალდებით ათ პირს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ამ დროს სასამართლო დარბაზში ათიდან რვა ბრალდებული იმყოფებოდა. საქმის პროკურორია გიორგი მუჯირი. ბრალდებულებს შორის არიან როგორც სპეცრაზმის, ისე კუდ-ის იმჟამინდელი წარმომადგენლები.
შავაძის მკვლელობაზე ხმაური „რეზონანსში" გამოქვეყნებულ ჟურნალისტურ მოკვლევას მოჰყვა
მკვლელობიდან ერთი თვე იყო გასული, როცა 2008 წლის 24 სექტემბერს „რეზონანსში" დაიბეჭდა სტატია სათაურით „ბათუმში ჯარისკაცი წამებით მოკლეს" (აღნიშნული მოკვლევა ეყრდნობა ბათუმში კონკრეტულ პირებთან ჩაწერილ ინტერვიუებსა და დოკუმენტებს). იმავე დღეს პარლამენტის ტრიბუნიდან ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა მწვავე განცხადებები გააკეთეს - შავაძის მკვლელობის საქმის ირგვლივ ხმაური დაიწყო.
2008 წლის სექტემბრიდან მოყოლებული დღემდე „რეზონანსმა" როინ შავაძის მკვლელობის საქმის ირგვლივ არაერთხელ მიმართა პროკურატურას და მიღებული პასუხები სტატიების სახით სხვადასხვა წლებში გამოქვეყნდა, ისევე როგორც ინტერვიუები ადვოკატთან, სახალხო დამცველთან, ჯარისკაცის ქვრივთან... წამებით მოკლული ჯარისკაცის ოჯახის ინტერესებს პირველივე დღიდან იცავს ადვოკატი რამინ პაპიძე. ოჯახის ინტერესების დაცვისა და უსაფრთხოების საქმეში მნიშვნელოვანი იყო იმჟამინდელი სახალხო დამცველის, სოზარ სუბარისა და ბათუმში მისი წარმომადგენლების, გიორგი ჩარკვიანისა და ლადო მგალობლიშვილის როლი.
2008 წლის ნოემბერში როინ შავაძის მეუღლეს, ციცინო შავაძესა და მის ძმებს გაჩუმების სანაცვლოდ 50 000 დოლარი შესთავაზეს. პასუხი გახლდათ მკაფიო - „ჩვენ გაჩუმებას არ ვაპირებთ, არ ვიყიდებით, ჩვენ სამართალს - მკვლელების, მწამებლების დასჯას ვითხოვთ!" იმ დროისთვის გამოძიება მიმდინარეობდა შავაძის განზრახ მკვლელობისა და ნარკოტიკების შეძენა-გადატანის მუხლებით (ნარკოდანაშაული შავაძეს ბრალდებოდა). ციცინო შავაძე მისი მშობლების ოჯახში გადავიდა, სადაც მორიგეობით ათევდნენ ღამეს სახალხო დამცველის წარმომადგენლები და შავაძის ოჯახის უფლებების დამცველი ადვოკატი, რადგან ოჯახის წევრებთან რომ ვერაფერს გახდნენ, ნათესავებზე გადავიდნენ - მათგან ითხოვდნენ ჯარისკაცის ოჯახის გაჩუმებას.
2008 წლის 10 ნოემბერს ციცინო შავაძემ და მისმა ძმამ, მურად კონცელიძემ პროკურატურას განცხადებით მიმართეს და გამოძიების დაწყება მოითხოვეს. ზუსტად ცხრა დღის შემდეგ მუქარის ფაქტზე გამოძიება დაიწყო და ნათესავებისა და ოჯახის ღიად დატერორება ჩაანაცვლა „შეთვლებმა".
ამ დროისთვის ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები შავაძის საქმეზე ნათლის მოფენას ღირსების საქმედ მიიჩნევდნენ და აცხადებდნენ, რომ საომარი მოქმედებებიდან ორი დღის დაბრუნებული როინ შავაძე ჯერ აწამეს, შემდეგ მოკლეს და რომ მის ოჯახს საფრთხე ვერ დაემუქრებოდა, რადგან ჯარისკაცის ოჯახი უკვე მარტო აღარ იყო.
2008 წლის 14 ნოემბერს სოზარ სუბარის ინიციატივით, როინ შავაძის ქვრივი შეხვდა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარ თომას ჰამარბერგსა და საქართველოში საფრანგეთის ელჩს, ერიკ ფურნიეს. იმავე დღეს თომას ჰამარბერგმა პრესკონფერენცია გამართა, რა დროსაც თქვა - „ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობ სახალხო დამცველთან, რომელმაც სრული ინფორმაცია და მასალები მომაწოდა. ეს ინფორმაცია ნამდვილად შემაშფოთებელია. ამ საკითხით აუცილებლად დავინტერესდებით".
2009 წლის 27 თებერვალს პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია რუსთაველის გადაკეტვის მცდელობითა და პოლიციასთან შეხლა-შემოხლით დასრულდა. აქციის მოთხოვნა იყო სანდრო გირგვლიანის, ზურა ვაზაგაშვილის, ამირან რობაქიძის, გურამ შარაძის, როინ შავაძის, გიორგი გამცემლიძის მკვლელებისა და მათი მფარველების დასჯა. ახალგაზრდებს - ჯაბა ჯიშკარიანს, დაჩი ცაგურიასა და სხვებს ხელში ეჭირათ როინ შავაძის ნაწამები ცხედრის ფოტოები და პლაკატები, და მკვლელების დასჯას ითხოვდნენ.
ტერორის, უსამართლობისა და ხმაურის ფონზე „საქართველოს ბანკმა" მოკლულ როინ შავაძეს აპატია 5 300 დოლარის ოდენობის ვალი, რასაც წინ უძღვოდა ჯარისკაცის ქვრივის ციცინო შავაძის და უფლებადამცველების განცხადება ბანკის გენდირექტორ ირაკლი გილაურის სახელზე.
გახმაურებული მკვლელობების, მათ შორის შავაძის საქმის გამოძიებისა და დამნაშავეების დასჯის მოთხოვნით 9 მარტს პარლამენტის წინ ქუჩის გადაკეტვა ისევ სცადეს, რაც დაჩი ცაგურიას დაკავებით დასრულდა. მანამდე ჩატარებული აქციები თუ წყნარად სრულდებოდა, 9 მარტს პოლიციის მხრიდან გამოჩენილ ძალადობას მანქანების გამაყრუებელი სიგნალები მოჰყვა. 11 მარტს შავაძის მკვლელების დასჯის მოთხოვნით აქცია უკვე ბათუმში მოეწყო, რა დროსაც ქუჩა ნახევარი საათით გადაკეტეს. პოლიციას განსაკუთრებული აგრესია არ გამოუჩენია. გავლელ-გამომვლელები აქციის მონაწილეებს ასე ესალმებოდნენ - „კარგია, მიდით, მიაწექით".
სენაკის 23-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის მზვერავის, როინ (რომა) შავაძის მკვლელობის წლისთავზე ჯარისკაცის ქვრივი ისევ არ იყო ცნობილი დაზარალებულად; მისი უფლებების დამცველ ადვოკატს რამინ პაპიძეს საქმის მასალებს ისევ არ აცნობდნენ. იმჟამინდელმა მთავარმა პროკურატურამ კითხვაზე - რატომ არ ცნობთ ციცინო შავაძეს დაზარალებულის უფლებამონაცვლედ? უპასუხა - „როინ შავაძე არ არის დაზარალებული და აქედან გამომდინარე საქმეში არ მოიპოვება საკმაო საფუძველი, რომ გარდაცვლილ როინ შავაძის ქვრივი ციცინო შავაძე ცნობილ იქნას დაზარალებულის უფლებამონაცვლედ".
ამ ფონზე ქვეყნის იმჟამინდელი მმართველი პარტია აქტიურად ავითარებდა შავაძის მოღალატეობის, ჯაშუშობის ვერსიას, რაზეც მაშინდელი სახალხო დამცველის პასუხი შემდეგნაირი იყო:
„ასეთ შემთხვევაში „ჯაშუში" კი არ უნდა მოეკლათ, არამედ პირიქით, საქმე უნდა გამოეძიებინათ და შავაძე უნდა ყოფილიყო ძალიან ძვირფასი წყარო იმისა, როგორ იგეგმებოდა აგრესია, ოკუპაცია, რა ინფორმაციას აწვდიდნენ და როგორ თანამშრომლობდნენ, მაგრამ ცხადია, რომ ასე არ იყო; წინააღმდეგ შემთხვევაში ოფიციალურ ბრალდებად ნარკოტიკები კი არ უნდა წაეყენებინათ, არამედ ჯაშუშობა. ნარკოტიკებს კიდევ ჯიბეში არ ჩაიდებდა ადამიანი, რომელიც წინა დღით დაკავებული იყო. ცხადია რომ ნარკოტიკიც ჩაუდეს, დაკავებაც უსაფუძვლო იყო; შეთხზეს და შეთითხნეს ეს საკითხი".
ამასობაში ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს აჭარის რეგიონალური ექსპერტიზის სამსახურის მიერ მომზადებული დასკვნა „რეზონანსმა"დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრ „ვექტორის" ხელმძღვანელ ალექსანდრე გეჯაძესთან მიიტანა. დოკუმენტის გაცნობის შემდეგ მან ინტერვიუში 2010 წლის 29 მარტს დაადასტურა, რომ ომიდან ორი დღის დაბრუნებული ჯარისკაცი ჯერ აწამეს და შემდეგ დახვრიტეს.
როინ შავაძე ორწლინახევრის მოკლული იყო, როცა სასამართლოში მოწმედ გამოიძახეს
ეს მოხდა 2010 წლის 6 დეკემბერს, რაც ციცინო შავაძემ ასე აღწერა: „ჩვენს ოჯახში მოვიდნენ სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი ახალგაზრდა მამაკაცი და გოგონა. მათ მითხრეს, როინ შავაძე სასამართლოში ვერა დოლიძესთან არის დაბარებულიო. კინაღამ გავგიჟდი, ჭკუიდან გადავედი, ხმამაღლა ვიკივლე - მიაკითხეთ სასაფლაოზე და გამოგყვებათ-მეთქი. გოგონა, მგონი, სასამართლოს მანდატური იყო. ახალგაზრდა მამაკაცმა მითხრა, რომ ის პოლიციაში მუშაობდა და დაიფიცა, არ ვიცოდით, რომ როინ შავაძე მკვდარი იყოო. არადა, მათი წასვლის შემდეგ გავიგე, რომ ჩვენთან მოსვლამდე მეზობლებისთვის უკითხავთ, რაზეც პასუხად მიუღიათ - „არ მიაკითხოთ, არ შეხვიდეთ სახლში, ქალი გაგიჟდება, არ იცით, რომ მკვდარიაო?!" გოგონას პოლიციელისთვის უთქვამს, სახლში არ ავიდეთო..."
2011 წლის 1 მარტს, ბრიუსელში ყოფნისას, მედია-კავშირ „ობიექტივის" და "წინააღმდეგობის მოძრაობის" წარმომადგენლებმა, ირმა ინაშვილმა და დავით თარხან-მოურავმა, შავაძის საქმის მასალები ევროპარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეს, ჰაიდი ჰაუტალას გადასცეს. იქვე გაირკვა, რომ შავაძის საქმის განხილვა მოხდებოდა ევროპარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე.
იმავე 2011 წელს, შავაძის მკვლელობის ირგვლივ ჩანაწერი გაჩნდა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საქართველოზე მომზადებულ დოკუმენტში - „ადგილი არ ჰქონია შემდეგ წინსვლას და ის მოსალოდნელი არაა როინ შავაძის საქმესთან დაკავშირებით... "
2012 წლის 3 მაისს შავაძის საქმე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაიგზავნა. ამ პერიოდისთვის როინ შავაძე ისევ ეჭვმიტანილი იყო ნარკოტიკების უკანონოდ შეძენასა და გადაზიდვაში.
2012 წლის 1 ოქტომბერს ხელისუფლების სათავეში „ქართული ოცნების" მოსვლიდან მალევე შავაძის საქმე პროკურატურამ თაროდან ჩამოიღო და ოჯახის ადვოკატს საქმის მასალების გაცნობის უფლება მიეცა. ასე გახდა ცნობილი, რომ სენაკის 23-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის მზვერავის, ერაყში საბრძოლო მისიით ნამყოფი და პენტაგონის მიერ სპეციალური მედლით დაჯილდოვებული როინ შავაძის მკვლელობის საქმეში ფიგურირებენ შინაგან საქმეთა ექსმინისტრი ვანო მერაბიშვილი, კუდ-ის ყოფილი უფროსი დათა ახალაია, აჭარის კუდ-ის ყოფილი უფროსი თემურ პატარიძე და ე.წ. ელიტარული სპეცრაზმის თანამშრომლები.
რამინ პაპიძე, ადვოკატი: „120-მდე ადამიანი მოწმის სტატუსით დაკითხეს. ბევრი მათგანი ადასტურებს, რომ 2008 წლის 16 აგვისტოს, ბათუმში, ე.წ. ოქროს ბირჟის მიმდებარე ტერიტორიაზე როინ შავაძე არ გაუჩხრეკიათ, არც ოქმი შეუდგენიათ; მას თავს დაესხნენ, ავტომატის კონდახებითა და წიხლებით დაახლოებით სამი წუთი სცემდნენ; შემდეგ მანქანაში შეაგდეს და იქაურობას გაეცალნენ. როინ შავაძე ჯერ აწამეს, შემდეგ ქაქუთში ესროლეს. ამ დროს თემურ პატარიძეც იქ იყო და როინ შავაძის მკვლელობაში თავადაც მონაწილეობდა. კონკრეტულად სად აწამეს, ეს დადგენილი არ არის. ოქროს ბირჟიდან კუდ-ის შენობაში გადასულან. ირწმუნებიან, შიგნით არ შეგვიყვანია, იქ დოკუმენტები ავიღეთ; გზაზე რომ გადაგვყავდა და მოდულში რომ უნდა შეგვესახლებინა, ამისთვის მიმართვა დასაბეჭდი იყო და იქიდან პირდაპირ თბილისისკენ გავემგზავრეთო. ოპერაციაში აჭარის კუდ-ის სპეცდანიშნულების რაზმის წევრები მონაწილობდნენ, რომლებიც თბილისიდან მიღებული დავალებით მოქმედებდნენ. პატარიძე თავის ჩვენებაში ამბობს, შავაძე თბილისში მერაბიშვილის დავალებით გადაგვყავდა, მაგრამ ამის მიზეზი რა იყო, არ ვიციო. ქაქუთში მომხდარ გასროლას ემთხვევა შემთხვევის ადგილზე მყოფი თემურ პატარიძის ტელეფონიდან დათა ახალაიას ტელეფონზე განხორციელებული გამავალი ზარი".
კითხვაზე, დაკითხულია თუ არა გიორგი ჩიქოვანი, მეტსახელად „მაიმუნა", რომელმაც როინ შავაძე მკევლელობამდე რამდენიმე საათით ადრე სახლიდან კუდ-ის შენობაში მიიყვანა, რამინ პაპიძემ განაცხადა - „მაიმუნა" 2008 წლის აგვისტოში დაკითხეს, მაგრამ ჩვენება ხელმეორედ ვერ ჩამოართვეს, რადგან მან საქართველო ჯერ კიდევ 1 ოქტომბრის არჩევნებამდე დატოვა და ახლა მის ადგილსამყოფელს ვერ ადგენენ".
2013 წლის შემდეგ შავაძის გამოძიების საქმეში ხანგრძლივმა პაუზამ დაისადგურა. ეს საქმე აქტუალური 2020 წლის 19 ნოემბერს გახდა - ამ დღეს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება გამოცხადდა - 2012 წლის 3 მაისს როინ შავაძის ოჯახისა და მათი უფლებების დამცველი ადვოკატის მიერ გაგზავნილ საჩივარზე. ადამიანის უფლებათა ვროპულმა სასამართლომ როინ შავაძის მიმართ ლეტალური ძალის გამოყენების ოფიციალური ვერსია არ გაიზიარა. ანუ, თბილისში გადმოყვანის დროს გაგვექცა და ამიტომ ვესროლეთო, ეს ვერსია სტრასბურგმა უარყო და სახელმწიფოს ეფექტური გამოძიების ჩატარების ვალდებულება დააკისრა - 200 წლის 19 ნოემბრის „გადაწყვეტილების აღსრულებასა და გამოძიების მსვლელობაზე ზედამხედველობას ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი ახორციელებდა".
დღეს როინ შავაძის მკვლელობაში ბრალდებულები, იგივე შემსრულებლები გისოსებს მიღმა არიან. ახლა დამკვეთების ჯერია. საქმის ვითარებას როგორი გაგრძელება ექნება, ეს სასამართლო სხდომებზე გახდება ცნობილი. 25 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში წინა სასამართლო სხდომა 16 საათზე დაიწყება.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე