რეზონანსი
(21.09.2023)

ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე და პარტია „ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ოპოზიციას სურს ქართველი ხალხი გააბრაზოს, როდესაც ოთარ ფარცხალაძის ქონების გადაფორმებას ეროვნული ბანკის გუშინდელ გადაწყვეტილებასთან აკავშირებს.

„[ოპოზიციას] მიზანი აქვს ხალხის გაბრაზება ტყუილის მეშვეობით, [ფარცხალაძის] ქონება არაფერ შუაშია. ქონების გადაფორმება-გადმოფორმება ამას არ ეხება. ეროვნული ბანკი ამ გადაწყვეტილებას [სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით გამონაკლისის დაშვების გადაწყვეტილება] მიიღებდა, თუ არა, ამასთან დაკავშირებით ქონება არაფერ შუაშია. ერთ ტყუილში იქნა კიდევ მხილებული ოპოზიცია, როდესაც ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას და ამ საკითხებს, ფარცხალაძის მოქალაქეობის თაობაზე, ქონებასთან აკავშირებს. ძალიან კარგი რამ მოხდა, გამოჩნდა ვინ ვინ იყო, რაღაც ინსტიტუტები გაიწმინდა ვიღაც-ვიღაცებისგან და მეორეს მხრივ, მოქალაქეებს ამ პრეცედენტიდან გამომდინარე, შეექმნათ მყარი გარანტია, რომ ასე უაპელაციოდ ქვეყნის შიგნითაც რომ გავრცელდეს დასანქცირება, ასე არ იქნება. საქართველო არ არის მიერთებული სანქციებს. დასანქცირებული პირი ტრანზაქციებს საქართველოში ვერ აკეთებს. საქართველო აცხადებს, რომ აღიარებს ამ სანქციებს იმ ნაწილში, რომ ვერ გამოდგება სანქციების გვერდის ავლის საშუალებად, ეს არის სიმართლე", - აღნიშნა მდინარაძემ.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საქართველოს მოქალაქის უფლებებისა და თავისუფლებების სრულყოფილად რეალიზების მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შეიმუშავა და აამოქმედა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში შესაბამისი ცვლილება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე