რეზონანსი
(17.09.2023)

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, უკრაინაში მიმდინარე ომი სწრაფად ვერ დასრულდება.

„ომების უმეტესობა იმაზე დიდხანს გრძელდება, ვიდრე მათი დაწყების დროს იყო მოსალოდნელი, ამიტომ ჩვენ უნდა მოვემზადოთ უკრაინაში ხანგრძლივი ომისთვის", - განაცხადა სტოლტენბერგმა გერმანულ მედია ჯგუფთან Funke-თან ინტერვიუში.

მისი თქმით, მშვიდობის მიღწევა შეუძლებელია, თუკი უკრაინელები ცალმხრივად შეწყვეტენ ბრძოლას.

"ჩვენ ყველას გვსურს სწრაფი მშვიდობა, მაგრამ ამავე დროს ჩვენ უნდა ვაღიაროთ: თუ პრეზიდენტი ზელენსკი და უკრაინელები ბრძოლას შეწყვეტენ, მათი ქვეყანა აღარ იარსებებს. თუ პრეზიდენტი პუტინი და რუსეთი იარაღს დაყრის, ჩვენ მშვიდობა გვექნება", - აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების საკითხზე საუბრისას სტოლტენბერგმა ხაზი გაუსვა, რომ „ეჭვი არ არის, უკრაინა საბოლოოდ ნატო-ში იქნება".

„როდესაც ეს ომი დასრულდება, ჩვენ გვჭირდება უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისტორია შეიძლება განმეორდეს", - დასძინა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე