რეზონანსი
(14.09.2023)

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 13 სექტემბერს, ბათუმში, ბრალდებული ხმოვანი პისტოლეტის გამოყენებით, ერთ-ერთი სუპერმარკეტის მოლარე ოპერატორს და დაცვის თანამშრომელს თავს დაესხა და სიცოცხლისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით 2000 ლარის გატაცება სცადა, - ამის შესახებ აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პროკურატურის განცხადებით, ბრალდებული შემთხვევის ადგილზე მისულ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილა, ერთ-ერთ თანამშრომელს ხმოვანი პისტოლეტი მხრის არეში ჩაარტყა და გაქცევა სცადა, რა დროსაც პოლიციელების მიმართულებით რამდენჯერმე გაისროლა. პოლიციელებმა ბრალდებული შემთხვევის ადგილზე დააკავეს.

„დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყაჩაღობა) და 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა) წარედგინა.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება", - აცხადებენ პროკურატურაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე