
საერთაშორისო კვლევებისა და პროგნოზირების ცენტრის ვიცე-პრეზიდენტი ნიკა შენგელია ბოლო დროს საწვავის მკვეთრ გაძვირებას ეხმიანება და ეკონომიკის მინისტრს დებატებში იწვევს:
„საწვავზე ფასის ზრდა ბევრ სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული. მხოლოდ ის, რომ მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ღირებულება გაიზარდა და ამიტომ საქართველოშიც ნახტომისებურად ძვიდება საწვავი, ასეთი ახსნა და „გაპრავება“ კარგად აქვს აპრობირებული საქართველოში ნავთობპროდუქტების კარტელს კომპანია „სოკარის“ თავმჯდომარეობით.
ამ საკითხთან დაკავშირებით მინდა დებატებში გამოვიწვიო ეკონომიკის მინისტრი და ვისაუბროთ საწვავზე ფასების ზრდის სხვა ფაქტორებზე. მათ შორის იმაზე, რომ საწვავის გაძვირებას როგორ უწყობს ხელს ეკონომიკური გუნდის დანაშაულებრივი ან უმოქმედობის პოლიტიკა.
ვისაუბრებთ იმაზეც, რამ გამოიწვია „სოკარის“ დაქვემდებარებაში ნავთობპროდუქტების ბაზრის გადაცემამ, რატომ დუმს ეკონომიკური გუნდი, როცა ქართველი იმპორტიორი დისკრიმინირებულია აზერბაიჯანის მხრიდან. ასევე გვინდა ვისაუბროთ, კარტელი და მისი „მეტასტაზი“ სხვა ვითომ ბრენდები როგორ ზრდიან ფასებს და ვითომ აქვთ კონკურენცია ერთმანეთში. ამ ყველაფერს როგორ ებრძვის კონკურენციის სააგენტო, რომელიც ამ საკითხში ფაქტობრივად უფუნქციოა.
დებატებში ბევრ საკითხზე შეიძლება ვისაუბროთ, რომლის შემდეგ საზოგადოება გაიგებს სიმართლეს, თუ რასთან გვაქვს საქმე. ერთი წლის წინ, როდესაც ეიფორიაში ჩავარდა ჩვენი ეკონომიკური გუნდი და დაიწყო საუბარი საწვავზე ფასის დაწევის შესახებ, მთავარ ფაქტორად რუსული იაფი საწვავი სახელდებოდა. ჩვენ ბევრჯერ აღვნიშნეთ, რომ ეს ყველაფერი დროებითია, ზუსტად მიგითითეთ დრო, რომ სექტემბრიდან დაიწყებოდა საწვავზე ნახტომისებური გაძვირება, რომელიც გაგრძელდება 2 თვის განმავლობაში.
გამოსავალზეც ვთქვით, რომ საჭიროა სახელმწიფო ნავთობპროდუქტების სააგენტოს შექმნა,რომელსაც ექნება გარკვეული ფუნქციები, სადაც არ უნდა დაასაქმოთ ბიძაშვილ-მამიდაშვილები, უნდა იყვნენ კომპეტენტური ადამიანები და ამით ეშველებოდა ფასების დარეგულირებას ამ სექტორში“ - აღნიშნა ნიკა შენგელიამ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



