რეზონანსი
(10.09.2023)

გურიაში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მესამეა დღეა მიმდინარეობს. იწმინდება ცენტრალური გზა. ადგილზე შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ. მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, მერაბ გამყრელიძის განცხადებით, რეგიონში ელექტროენერგიის გარეშე მხოლოდ 4 სოფელია დარჩენილი.

„მეწყერმა ძალიან ბევრი უბანი დააზიანა. დილიდან ელექტროენერგიის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. 100 ოჯახია გამოყვანილი და სასტუმროშია განთავსებულია. გეოლოგების ძალიან დიდი ჯგუფი მუშაობს ოზურგეთშიც და ლანჩხუთშიც და სანამ ყველა ლოკაციას არ ნახავენ და არ შეისწავლიან და სანამ დასკვნა არ დაიდება, ის კრიტიკული წერტილები, სადაც მეწყრული პროცესებია, ცოტა ხანი ის სახლები მოქალაქეებმა უნდა დატოვონ. ამ ეტაპზე ცენტრალური გზების გაწმენდა მიმდინარეობს“, - განაცხადა მერაბ გამყრელიძემ.

გურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ. საძიებო სამუშაოების შედეგად ნაპოვნია სამი ცხედარი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე