
ვფიქრობ, ჯოზეფ ბორელის განცხადებები ახლა მკაცრი იქნება, როგორც რეკომენდაციებთან მიმართებაში, ასევე იმ პროცესებზე, რაც ქვეყანაში არის, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ „პალიტრანიუსის" გადაცემა „360 გრადუსში" განაცხადა.
მისივე თქმით, გაერთიანების ნაცვლად, „ქართული ოცნება" მხარდაჭერილი პრეზიდენტის წინააღმდეგ იწყებს იმპიჩმენტს იმის გამო, რომ ის ევროკავშირის წევრ დედაქალაქებში წავიდა.
„ პრეზიდენტი, რომელიც გერმანიის და საფრანგეთის პრეზიდენტს, ასევე, შარლ მიშელს ხვდება, ფაქტობრივად გაპარულია. ის მოსკოვში ხომ არ გაიპარა? გაპარულია ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, რადგან „ქართულმა ოცნებამ" არ გაუშვა. რანაირად უნდა ირწმუნოს დასავლეთმა, რომ ნამდვილად უნდა „ქართულ ოცნებას" ქვეყნის ევროპული მომავალი?
ამ ვითარებაში 12 რეკომენდაცია არასრულფასოვნად არის შესრულებული, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის თანხვედრა 44%-დან 31%-მდე ჩამოვიდა, პრეზიდენტს აგერ იმპიჩმენტით ემურებიან, რათა ევროკავშირის დედაქალაქებში ლობირებს ქვეყნის ევროპულ მომავალს. ეს რანაირი შესაძლებლობის გამოყენებაა?!
კიდევ ერთხელ გვეუბნებიან, რომ ყველა უნდა გაერთიანდეს. გაერთიანების ნაცვლად, „ქართული ოცნება" საკუთარ ინიციირებულ, მხარდაჭერილ პრეზიდენტსაც კი უწყებს იმპიჩმენტს იმის გამო, რომ ის ევროკავშირის დედაქალაქებში წავიდა. ჩვენ გვახსოვს ბორელის განცხადებები როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ბრიუსელიდან. მისი განცხადებები უფრო რბილი იყო, ვიდრე სხვა ოფიციალური პირების, მაგრამ ვფიქრობ, რომ მისი განცხადებები ახლა მკაცრი იქნება, როგორც რეკომენდაციებთან მიმართებაში, ასევე იმ პროცესებზე, რაც არის.
ხათუნა სამნიძე იქნება ბორელთან შეხვედრაზე „რეფორმების" ჯგუფიდან. ჩვენი პოზიციაა, რომ საქართველოსთვის როგორც არასდროს მნიშვნელოვანია დასავლეთის გვერდში დგომა და კანდიდატის სტატუსის მინიჭება. რუსეთის გავლენის ზრდა საქართველოში სახეზეა, ამას „ქართული ოცნება" ხელს უწყობს. ამიტომ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს იმედგაცრუებაში არ გადაიზარდოს და საქართველო საბოლოო ჯამში არ დაუბრუნდეს იმ რუსულ წარსულს, რომლისგანაც ბევრი მძიმე ფასის შედეგად გამოვედით",- აღნიშნა აქუბარდიამ.
ცნობისთვის, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი საქართველოს 7-8 სექტემბერს ეწვევა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



