რეზონანსი
(05.09.2023)

პარლამენტში საშემოდგომო სესია იხსნება. პლენარული სხდომაზე გაკეთდება პოლიტიკური განცხადებები. ერთ-ერთ მთავარ საკითხად უმრავლესობის მიერ წამოწყებული პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა იქნება. ოპოზიცია ინიციატივის მხარდაჭერაზე უარს ამბობს.

პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ "ქართული ოცნების" ბრალდებები, თითქოს პრეზიდენტი საჯაროდ აფიქსირებს პოზიციას, რომ ქვეყანა არ იმსახურებს სტატუსს, დეზინფორმაციაა.

"არაფერი მსგავსი პრეზიდენტს არ უთქვამს. თუ ვინმე სახელმწიფო ინსტიტუტებიდან რაიმეს აკეთებს საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის გადარჩენისთვის დემოკრატიულ ოპოზიციასთან, თავისუფალ მედიასთან, არასამთავრობო სექტორთან და რაც ყველაზე უმთავრესია, ქართველ ხალხთან ერთად, ეს არის სწორედ პრეზიდენტი ზურაბიშვილი და სწორედ ამისთვის ისჯება ის. იმპიჩმენტის პროცესი არაფერია მეტი, გარდა იმისა, რომ ეს არის მნიშვნელოვანი თემების გადაფარვის, პრეზიდენტის დასჯის და ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური მომავლის საბოტაჟირების მცდელობა," - აცხადებს თინა ბოკუჩავა.

პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" გენერალური მდივანი პაატა მანჯგალაძე კი ამბობს, რომ ევროპაში ვიზიტის გამო პრეზიდენტს კონსტიტუცია არ დაურღვევია.

"კონსტიტუციის განხილვა მხოლოდ ერთი მუხლით არის სისულელე. პრეზიდენტის აქვს თავის უფლებამოსილება. 78-ე მუხლი ყველას გვავალდებულებს, რომ ყველამ ყველაფერი გავაკეთოთ ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის და ამ დროს, პრეზიდენტს არ უშვებენ ევროპაში. რატომ? შარლ მიშელთან შეხვედრით როგორ დაარღვია კონსტიტუცია?" - აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე