რეზონანსი
(05.09.2023)

ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ვებ-გვერდზე ლობისტურ კომპანიებზე ახალი დოკუმენტები გამოქვეყნდა. ამჯერად საუბარია ტელეკომპანია "ფორმულას" მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის "ქორნერსთოუნ გავერმენთ ეფიარსის" გასული სამი თვის საქმიანობის შესახებ.

დოკუმენტებით ირკვევა, რომ კომპანიამ, მაისიდან აქტიურად დაიწყო ტელეკომპანია "ფორმულას" ლობირება და ლობიზმის ფარგლებში საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე ინფორმაცია მიაწოდა აშშ-ის კონგრესისა და აღმასრულებელი ხელისფულების წარმომადგენლებს, ამერიკულ მედიას, ანალიტიკურ ცენტრებსა და სხვა ორგანიზაციებს.

მომსახურებაში ლობისტური ჯგუფი ჯამში 420 000 დოლარს იღებს. დოკუმენტებით ირკვევა, რომ ტელეკომპანიამ მაისსა და აგვისტოში "ქორნერსთოუნ გავერმენთ ეფიარსს" დაახლოებით 110 000 დოლარი გადაუხადა. ანგარიშში საუბარია ლობისტური ჯგუფის კავშირებზე ჟურნალისტ ალექს რაუფ-ოღლუსთან, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის ბრიფინგებისას საქართველოს შესახებ კრიტიკული განცხადებებით გამოირჩევა.

ასევე, იკვეთება ლობისტური კომპანიის კავშირები შეერთებული შტატების მთავრობისა და კონგრესის წარმომადგენლებთან, როგორიცაა, კონგრესის ჰელსინკის კომისიის თანამშრომელი მაიკ ჩეჩირე.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის არჩილ თალაკვაძის განცხადებით,

"ტვ ფორმულა" ენმ-ს დაემსგავსა.

"სამწუხაროდ ტელეკომპანია "ფორმულა" დაემსგავსა ენმ-ს. ზუსტად იგივე საქმეში იხდის ფულს, რაშიც "ნაციონალური მოძრაობა". იხდის ფულს არა საქართველოს ინტერესების ლობირებისთვის, არა თავისუფალი მედიის საკითხებისთვის, არამედ იმაში, რაშიც იხდის სააკაშვილის გარემოცა.

ეს არის ჟურნალისტებს ამოფარებული დანაშაულებრივი კლანის მხილება. მათ ნახევარი მილიონი დოლარი გადაიხადეს საქართველოს იმიჯის დაზიანებისთვის. ისინი წარმოაჩენენ ისე, თითქოს საქართველო აღარ არის დასავლური ოჯახის ნაწილი და ასეთ სამარცხვინო საქმეში არის ეს ფული გადახდილი," - აცხადებს არჩილ თალაკვაძე.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილის რატი იონათამიშვილის განცხადებით კი, უცხოელი აქტორების დაინტერესება მხოლოდ ფულშია და მათ საქართველოს ბედი არ აინტერესებთ.

"ამერიკული ფარა განაგრძობს უცხოური აგენტების ლუსტრირებას. საქართველოს კრიტიკის უკან დგას ფული და სინამდვილეში ამ აქტორებს, მხოლოდამხოლოდ ფული აინტერესებთ. ამ პროცესში კი მთავარი გზავნილებია, რომ საქართველო სტატუსს არ იმსახურებს, ვფიქრობ ისინი გააძლიერებენ თავიანთი აგენტების დაფინანსებას, მაგრამ ამით თავიანთ რეპუტაციას გამოუთხრიან ძირს და ჩვენს ქვეყანას ვერაფერს დააკლებენ," - აცხადებს რატი იონათამიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე