რეზონანსი
(04.09.2023)

38 წლის ნიკოლოზ ჩალაძე შოვში კოტეჯების მშენებლობაზე ორ მეგობართან ერთად მუშაობდა, როცა მეწყერი ჩამოწვა. ნიკას ცხედარს რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ მაშველები, ბოლოს ის წყალმა სტიქიის ეპიცენტრიდან 30 კილომეტრში, მისი სახლის ახლოს ჩაიტანა და მდინარის ნაპირზე გამორიყა. ნიკა შოვის სტიქიიდან მე-19 დღეს დაკრძალეს.

ნიკოლოზ ჩალაძეს ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა – დემეტრე და დავითი. სტიქიის დროს დაღუპული კაცის ოჯახს დღეს საზოგადოების მხარდაჭერა და სოციალური შემწეობა სჭირდება. 

“პატარას, დავითს, დაუნის სინდრომი აქვს, დახმარებას იღებს და პროგრამაშიც ჩართულია, მაგრამ მოგეხსენებათ, რამდენი რამ სჭირდება ასეთი ბავშვის მოვლას. ნიკას სურდა­ ახალი სახლი აეშენებინა. მე სამსახურის გამო დედაჩემთან ვარ სოფელ წესში, ამბ­როლაურში, ნიკას სახლი კი ონშია, სოფელ­ ლაგვანთაში, სადაც 14 კაცი ვცხოვრობთ. ახლა ოჯახის მე-15 წევრს ველოდებით”, – ამბობს ნიკოლოზ ჩალაძის მეუღლე ეკა გოგლიძე და ნიკასთან 6-წლიან ბედნიერ თანაცხოვრებაზე გვიყვება, რომელიც სტიქიამ ერთ წამში წალეკა.

„მე და ნიკამ ერთმანეთი 2016 წელს რაჭაში გავიცანით, ერთი წლის მერე კი დავქორწინდით. 6 წელი ბედნიერად ვცხოვრობდით, ხან ჩვენთან ვიყავით სოფელში, ხან ნიკას ოჯახში. ნიკას არ ჰქონდა სტაბილური სამსახური და აღებულ საქმეებზე მუშაობდა, მშენებლობებზე, ვენახში… ერთხანს თბილისშიც იყო, მაგრამ პანდემია დაიწყო და უკან დაბრუნდა. ბევრს წვალ­ობდა, ძირითადად, მის დეიდაშვილ თემურ­ ჩარკვიანთან ერთად მუშაობდა, რომელიც ასევე შოვში დაიღუპა. მათთან მესამე ბიჭიც იყო, ჩვენი თანასოფლელი დიმიტრი ფირცხალავა. ისინი იმ საბედისწერო დღეს შოვში იყვნენ კოტეჯის მშენებლობაზე. 

ბიჭები იმ ადგილას მოყვნენ, სადაც ორი ღვარცოფული მასა გაერთიანდა. ყველა­ კოტეჯი­ ქვემოთ, იმ ადგილას ჩამოიტანა, სადაც ისინი მუშაობდნენ… სამს 20 წუთი აკლდა, როცა ნიკას ბოლოს ვესაუბრე, მერე ფოტოებიც გავუგზავნე, მაგრამ არა აქვს ნანახი. 7 აგვისტოს ჩვენს უფროს ვაჟს, დემეტრეს, დაბადების დღე აქვს და რაღაცებს ვგეგმავდით. მერე სოციალურ ქსელში დაიწერა შოვში ღვარცოფის შესახებ და მაშინვე დავრეკე, ნიკას ეცოდინება, რა ხდება-მეთქი. რას წარმოვი­დგენდი, თუ რამე მოუვიდოდა. დავრეკე და ზარი არ გავიდა.­ მერე ნიკა დაკარგულად­ გამოცხადდა. გული ცუდს მაინც არ მიგრძნობდა, ვფიქრობდი, რომ ისინი გადარჩენილებთან ერთად იყვნენ და სხვებს ეხმარებოდნენ. კარგად ვიცნობდი ნიკას და ბიჭებს და მჯეროდა, ხალხს გაჭირვებაში არ მიატოვებდნენ. მაშველებმა ბოლო ადამიანი რომ გამოიყვანეს, მაშინ მივხვდი, რა უბედურებაც დამატყდა თავს.

სანამ ცხედარს ვიპოვიდით, ის 19 დღე სულ ვფიქრობდი, ნეტავ არ იპოვონ-მეთქი, მკვდარს რომ ვერ დავინახავდი, იმედი მაინც იქნებოდა, რომ სადღაც ცოცხალი იყო... მივხვდი, აზრი აღარ ჰქონდა იქ დგომას და ლოდინს, თუმცა ჩემი მაზლები და მთელი სოფლის ბიჭები იქ იყვნენ. საიდან აღარ ჩამოვიდა ხალხი, მიცვალებულებს ეძებდნენ. ყველგან ხდება მსგავსი ტრაგედია, მაგრამ თურმე სანამ საკუთარ თავზე არ გამოცდი, მაინც ისე მძაფრად ვერ აღიქვამ.

ბიჭები წყალში, მდინარის ნაპირზე იპოვეს. ჩვენ შოვიდან 30 კმ-ით ვართ დაშორებული და წარმოიდგინეთ, მდინარემ ცხედარი ჩვენი სახლის სიახლოვეს ჩამოიტანა.

პატარა ჯერ ვერაფერს ხვდება, წლინახევრისაა, მაგრამ დემეტრემ იცის, რომ მამა აღარ დაბრუნდება. მაინც მეკითხება ხოლმე, მამა როდის მოვაო, მაგრამ თან ხვდება, რომ ეს აღარ მოხდება. მართალია, დაკრძალვას არ დასწრებია, მაგრამ ხატების კუთხეში გადიდებული ფოტოები გვიწყვია, კანდელიც ხომ გვინთია და... დემეტრე ყოველდღე სურათებთან მიდის, სანთელს ანთებს და თავისებურად ლოცულობს. რომ დაასრულებს, მერე იტყვის ხოლმე, მამა კარგად იქნებაო. მან ჯერ არ იცის, რა არის სიკვდილი, 5 წლისაა", - უთხრა "კვირის პალიტრას" ეკა გოგლიძემ.

კვირის პალიტრა

ეკა გოგლიძის ანგარიშის ნომერი:

ლიბერთი ბანკი

#GE72LB0711182522606000

საქართველოს ბანკ

i#GE93BG0000000143172300

თიბისი ბანკი

#GE41TB7761345064300037

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე