რეზონანსი
(02.09.2023)

მივმართავ „ქართული ოცნების" ლიდერებს, აგვიხსნან გერმანიის პრეზიდენტთან ან ევროსაბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრით როგორ არღვევს საქართველოს პრეზიდენტი კონსტიტუციას და როგორ ეწინააღმდეგება საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კურსს - თუ ვინმეს ლუსტრაცია მოხდა და მოხდება ამ იმპიჩმენტის წამოწყების პროცესით, ეს „ქართული ოცნებაა", - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის" გენერალურმა მდივანმა პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც მმართველი პარტიის მხრიდან საქართველოს პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცესის წამოწყება შეაფასა.

მანჯგალაძის თქმით, აღნიშნულის დასაბუთება „მნიშვნელოვანი და პრინციპულია".

„მათ [„ქართული ოცნების"] მიერ არჩეულ პრეზიდენტს იმპიჩმენტს უპირებენ მხოლოდ იმის გამო, რომ მან საქართველოს ევროატლანტიკური კურსის მიმართ მხარდაჭერა ღიად დააფიქსირა. მივმართავ „ქართული ოცნების" ლიდერებს, კობახიძეს, ღარიბაშვილს და ა.შ. - დაგვისაბუთონ, აგვიხსნან საქართველოს მოქალაქეებს, შტაინმაიერთან - გერმანიის პრეზიდენტთან ან ევროსაბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრით როგორ არღვევს საქართველოს პრეზიდენტი კონსტიტუციას და როგორ ეწინააღმდეგება საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კურსს; რა ზიანის მომტანია ეს შეხვედრები საქართველოს ევროატლანტიკური კურსისთვის. ამის დასაბუთება მნიშვნელოვანი და პრინციპულია. თუ პირიქით - ისინი აკეთებენ რუსულ საქმეს, როდესაც პრეზიდენტს და სხვა ყველა პროდასავლურად განწყობილ ოპოზიციას არ აძლევენ შესაძლებლობას, რომ ქართველი ხალხის [ნების] რეალიზება მოხდეს", - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე