რეზონანსი
(30.08.2023)

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 30 აგვისტოს დღის მეორე ნახევრამდე აღმოსავლეთ საქართველოში ძლიერი წვიმის, სეტყვისა და ქარის შესაძლებლობა ნარჩუნდება. მათივე ცნობით, შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მატება, მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება.

„30 აგვისტოს დღის მეორე ნახევრამდე აღმოსავლეთ საქართველოს რაიონებში ზოგან ძლიერი წვიმის, სეტყვის და ქარის შესაძლებლობა ნარჩუნდება, რამაც აღნიშნული ტერიტორიის მდინარეებზე, შესაძლებელია, წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე – წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ცნობისთვის წვიმამ თბილისში პრობლემები შექმნა - დაიტბორა გზები, მიწისქვეშა გადასასვლელები, წაიქცა ხეები, დაზიანდა სადენები. ზოგიერთ უბანში წყალი ჩავიდა სადარბაზოებში, ლიფტებში და სახლებში.

მერია ამბობს, რომ გაწმენდითი სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება, რომ დღისით გზებზე გადაადგილება უსაფრთხო იყოს.

თბილისის მერიის ინფორმაციით, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, წყნეთი-ბეთანიის დამაკავშირებელ გზაზე მოძრაობა დროებით შეიზღუდა.

"არანაირი პანიკა მეგობრებო, არანაირი პრობლემა არ არის, უბრალოდ პრევენციის მიზნით მივიღეთ ეს გადაწყვეტილება", - თქვა კახი კალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე