რეზონანსი
(29.08.2023)

მმართველი პარტიის თავმჯდომარე ევროპული საბჭოს პრეზიდენტის გამოსვლაში პოზიტიურ და ნეგატიურ ასპექტებს თანაბრად ხედავს. საუბარია შარლ მიშელის განცხადებაზე, რომელმაც ევროკავშირის გაფართოებაზე მოლაპარაკებების დაწყების თარიღად 2030 წელი დაასახელა. ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველო ამ დროისათვის ევროკავშირთან თავსებადობის პარამეტრებით ყველა ასპირანტ ქვეყანაზე წინ იქნება. რაც შეეხება ვადების გადაწევას, მმართველი გუნდის ლიდერის აზრით, შესაძლოა ამან გაწევრიანების მსურველ ზოგიერთ ქვეყანაში ევროსკეპტიკური განწყობები გააღვივოს.

"მე ვფიქრობ, რომ ჩვენ მზად უნდა ვიყოთ 2030 წელს გაფართოებისთვის" - სლოვენიაში გამართულ საერთაშორისო ფორუმზე, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ ნათქვამი ეს სიტყვები ოპოზიციისთვის ხელისუფლების კრიტიკის მორიგ საგნად იქცა. ნიკა გვარამიამ საკუთარ "ფეისბუკზე" დაწერა, რომ სტატუსზე უარი საქართველოს ხელისუფლების შეცვლის წინაპირობა იქნება. მან ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც გააკრიტიკა და თანამოაზრეებს სტატუსის მოთხოვნაზე თავშეკავება ურჩია.

გვარამიას კრიტიკა დღეს "ნაციონალურ მოძრაობასა" და მის პარტნიორ "სტრატეგია აღმაშენებელში" ნაწილობრივ გაიზიარეს. პოლიტიკოსების თქმით, კანდიდატის სტატუსს დამსახურება სჭირდება და ეს "ქართული ოცნების" პირობებში ვერ მოხდება. განსხვავებულია სხვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მოსაზრება. მათი ნაწილი ფიქრობს, რომ ევროპელმა პარტნიორებმა ქართული საზოგადოების საჭიროებები სხვებზე კარგად იციან.

გვარამიას იდეას ოპოზიციის სურვილების მორიგ ლუსტრაციად აღიქვამენ საპარლამენტო უმრავლესობაში. სახელისუფლებო პარტიაში ამბობენ, რომ ოპოზიციას ქვეყნის ევროპული მომავალი არ აღელვებს. სტატუსის საკითხს კი ხელისუფლების შეცვლისთვის პოლიტიკურ იარაღად განიხილავს. მმართველ გუნდში დღეს ნიკა გვარამიას პოლიტიკური წარსულიც შეახსენეს და თქვეს, რომ ოპონენტების რიტორიკა ევროპული ფასეულობებისგან შორს დგას.

ევროკომისიის გადაწყვეტილებას, კანდიდატის სტატუსის მონიჭებასთან დაკავშირებით, საქართველო მიმდინარე წლის დეკემბერში ელოდება. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი კი, გაფართოების პოლიტიკის დასაწყისად 2030 წელს ასახელებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე