ნაზი ბერიძე
(29.08.2023)

არის თუ არა ოპოზიციაში აზრთა სხვადასხვაობა წელს საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით? „მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს მოუწოდებს, ნუ იხვეწებიან წელს საქართველოსათვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიცემას, რადგან, მისი თქმით, წელს ევროინტეგრაციის თვალსაზრისით შესაძლებლობების ფანჯარა არ იხურება. შესაბამისად, გვარამიას აზრით, ოპოზიცია უნდა მოემზადოს იმისათვის, რომ წელს საქართველო ამ სტატუსს ვერ მიიღებს და ამის საფუძველზე მმართველი პარტია დამარცხდება 2024 წლის არჩევნებში.

„ქართულ ოცნებაში" მიიჩნევენ, რომ ეს იმის პირდაპირი დადასტურებაა, რომ ოპოზიცია საქართველოსათვის კანდიდატის სტატუსის მიცემის წინააღმდეგ მუშაობს. ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე კი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ გვარამია რეალობასაა აცდენილი.

„არაა საჭირო ზუზუნი და წუწუნი. ჯერ შოლცმა, დღეს - მიშელმა გასაგებად თქვა: ევროკავშირი არის ლისაბონიდან თბილისამდე და 2030 წლამდე გაფართოების ეს ეტაპი დასრულდება. ასე რომ, სტატუსს თუ წელს ვერ მივიღებთ (და, დარწმუნებული ვარ, ვერ მივიღებთ „ქართული ოცნების" დიდი მეცადინეობის შედეგად), არავითარი შესაძლებლობის ფანჯარა არ დაიხურება. დაიხურება „ქართული ოცნება" და მისი ხელისუფლება, ხოლო ევროკავშირში 2024 წელს არჩეული ახალი ხელისუფლება შეიყვანს საქართველოს.

„არც ეს „მაინც მოგვეცით" ვაჭრობაა გამართლებული - ეს თან არასერიოზულია და თან კონტრპროდუქტიული და გამაღიზიანებელი ჩევნი პარტნიორებისთვის. არაა საჭირო ევროკავშირის დანამუსება და ლამის „წველა". საკუთარ საქმეს მივხედოთ და დასავლეთისკენ მიმავალ გზაზე ყველაზე შემაფერხებელი კედელი გადავდგათ 2024 წელს.

„და თუ ჩვენს ვალს ჩვენი სამშობლოს წინაშე პირნათლად ვერ მოვიხდით, რატომ გადავწყვიტეთ, რომ რამეს ვიმსახურებთ, ეგ გულუბრყვილო დასკვნა ჩემთვის გამოცანაა - ხალხი იმსახურებს იმას, რასაც თავისი ბრძოლით და პრინციპულობით აღწევს. როგორც დიდი ხნის წინ არისტოტელემ თქვა, ოლიმპიურ თამაშებში (ძველ ბერძნულ) იმარჯვებს არა ყველაზე ლამაზი და ჭკვიანი, არამედ ის, ვინც ყველზე მეტი იბრძოლა და სხვებზე უკეთ იასპარეზა.

„ყველაფერი კარგად იქნება, ეჭვიც არ მეპარება", - წერს ნიკა გვარამია.

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ აქ პირდაპირ ჩანს ოპოზიციის მიზანი, რომ საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და ხალხის აღქმაში ეს დაუკავშირდეს ხელისუფლებას.

„ნიკა გვარამია სხვაზე უფრო მეტად არის ამ საკითხებში ჩახედული ან უფრო საღად მსჯელობს, ვინაიდან მან პირველმა დაინახა ის, რომ ამ თემით მანიპულირება არის უაზრო და უადგილო, აქედან გამომდინარე, მარტივ ფორმულირებას სთავაზობს თავის მომხრეებს - ის რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერია - რომ იარონ ერთი გზით, პრიმიტიული ფორმულით: საქართველომ არ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი და ხალხის აღქმაში კანდიდატის სტატუსის არმიღება უნდა დაუკავშირდეს ხელისუფლებას, საქართველოს ხელისუფლებას უნდა დაბრალდეს ის, რომ სტატუსს ვერ მიიღებს, ანუ, ყველამ უნდა იმუშაოს იმისთვის, რომ საქართველომ სტატუსი ვერ მიიღოს, ეს არის მთავარი ამოცანა", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

როგორც ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" ამბობს, საუბარი იმაზე, რომ წელს კანდიდატის სტატუსის ვერმიღება ავტომატურად გახდება 2024 წელს ხელისუფლების ცვლილების მიზეზი, უსაფუძვლოა.

„სტატუსი თუ ვერ მივიღეთ, ეს რა თქმა უნდა ხელისუფლების დამსახურება იქნება და ამაში, მე მგონი, სადავო და საკამათო არც არაფერია. უბრალოდ, სხვა თემაა, პოლიტიკურად რამდენად სწორი იქნება ჩვენი პარტნიორების ასეთი გადაწყვეტილება.

„მაშინაც კი, როდესაც ჩვენ არ მოგვცეს სტატუსი, გარკვეულწილად დაშვებული იქნა შეცდომა ჩვენი პარტნიორების მხრიდან და ვფიქრობ, დეკემბერში ამ სტატუსს მივიღებთ. მაგრამ თუ ვერ მივიღეთ სტატუსი, ეს იქნება ცალსახად ხელისუფლების დამსახურება.

„საქართველოს ხელისუფლების მიმართ არის პრეტენზიები ჩვენი პარტნიორების მხრიდან და ვფიქრობ, ეს საკმაოდ საფუძვლიანი პრეტეზიებია. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ მიდის ბრალდებები და არა კრიტიკა ქართული ხელისუფლების მხრიდან ჩვენს პარტნიორებზე, დაახლოებით ისეთივე ტონში და სტილში, როგორც საქართველოს ხელისუფლება ოპოზიციას ელაპარაკება.

„რაც შეეხება იმას, რა შემთხვევაში გამოვა ხალხი ქუჩაში, ვფიქრობ სტატუსს თუ არ მოგვცემენ, ჩემი აზრით, ეს არ გამოიწვევს რაღაც მასობრივ პროტესტს. პროტესტი იქნება მხოლოდ მაშინ, როდესაც საპარლამენტო არჩევნებში ვნახავთ, თუ რა ვითარება შეიქმნება. მაგრამ აქაც არის მთავარი დათქმა - თუ მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა დარწმუნდა, რომ არჩევნები მართლა გააყალბეს, მაშინ, რა თქმა უნდა, იქნება ძალიან ძლიერი პროტესტი და „ქართული ოცნება" იძულებული იქნება, დათმოს ძალაუფლება. მაგრამ, თუ ასეთი რამ არ მოხდა და არჩევნები არ გაყალბდა, მაშინ „ქართული ოცნება" მშვენივრადაც შეინარჩუნებს და შეირგებს ძალაუფლებას.

„დღევანდელ ვითარებაში, ათასჯერ მითქვამს და კიდევ ერთხელ ვიტყვი, ორი პარტიაა რომელსაც აქვს 5%-იანი ბარიერის გადალახვა გარანტირებული. ეს არის „ნაციონალური მოძრაობა" და „ქართული ოცნება" . ყველა დროში, ყველა გამოკითხვით და ყველა პარამეტრით „ქართული ოცნება" მიიღებს მეტ პროცენტს, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობა" და თუ მანდატები ორ პარტიას შორის გადანაწილდა, მაშინ „ქართული ოცნებას" ექნება უმრავლესობა პარლამენტში. ასე რომ, ის ძალაუფლებას შეინარჩუნებს.

„ქართულ ოცნებაზე" ძალიან ცოტა რამაა დამოკიდებული. დღეს ოპოზიციურად განწყობილია ამომრჩევლების 2/3. ამიტომ ეს 2/3 ოპოზიციამ უნდა აითვისოს. თუ ვერ აითვისა, ამაში „ქართულ ოცნებას" ვერ დაადანაშაულებს. საკუთარი თავი დაადანაშაულოს, რეალობა ასეთია. თუ ვერ აკეთებს ოპოზიცია ამას, მაშინ გაღმა შედავეს პრინციპი არ მუშაობს.

„გვარამიას რა ელანდება მე არ ვიცი, ან რა უნდა, მაგრამ, იმის მცდელობა, რომ თუ მართლაც არ გაყალბდა არჩევნები, ვინმე მაინც ააგორებს საპროტესტო ტალღას, თანაც მართლა ისეთს, რომ ამან ხელისუფლების შეცვლა გამოიწვიოს, ვფიქრობ ეს რეალური პოზიცია არაა", -განაცხადა „რეზონანსთან" ვახტანგ ძაბირაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე