ნაზი ბერიძე
(29.08.2023)

ევროკავშირის შემდგომი გაფართოების სავარაუდო თარიღი ცნობილია - 2030 წელი. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ორშაბათს გაკეთებულ ამ რეზონანსულ განცხადებაში ევროკავშირის გაფართოებაზე საუბრისას ოთხი სახელმწიფო ახსენა - პირველ რიგში უკრაინა და მოლდოვა და შემდეგ - საქართველო და ბოსნია-ჰერცოგოვინა. ანალიტიკოსთა შეფასებით, ეს ერთმნიშვნელოვნად პოზიციური სიგნალია საქართველოსთვის, თუმცა, ამავდროულად არის მთელი რიგი ფაქტორები, რომელმაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე. მაგალითად, როდის და რა შედეგით დასრულდება ომი უკრაინაში, როგორ დასრულდება 2024 წლის არჩევნები თავად ევროპარლამენტში და როგორ ჩაივლის მომავალ წელს საპარლამენტო არჩევნები საქართველოში.

„გაფართოება აღარ არის ოცნება. დროა, წინ წავიწიოთ. ეს იქნება რთული, მაგრამ ჩვენ უნდა დავისახოთ მკაფიო მიზანი. მჯერა, რომ მზად უნდა ვიყოთ 2030 წლისთვის გაფართოებისთვის", - განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა სლოვენიაში სტრატეგიულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.

შარლ მიშელის თავის სიტყვაში 4 ქვეყანა ახსენა, მათ შორის საქართველოც. მისი თქმით, ეს ამბიციური, მაგრამ აუცილებელია.

„ეს აჩვენებს, რომ ჩვენ სერიოზულები ვართ, ამიტომ ევროკავშირის ლიდერები განიხილავენ გაფართოებას ევროსაბჭოს მომავალ სხდომებზე. ჩვენი პოზიციაა უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებების დაწყება; ასევე, ველოდები, რომ ბოსნია-ჰერცეგოვინისა და საქართველოს საკითხიც დაბრუნდება მოლაპარაკების მაგიდასთან. ახლა არ არის ადგილი წარსული კონფლიქტებისთვის. ჩვენ ვგრძნობთ, რომ თქვენ და თქვენს ხალხს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, სურთ, შთაგონებული იყვნენ უფრო ნათელი, სამართლიანი, აყვავებული მომავლით და შეუერთდნენ ჩვენს კავშირს", - განაცხადა შარლ მიშელმა.

„ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ განცხადებას დაზუსტება სჭირდება.

„ჩვენ გვაქვს ოპტიმიზმის საფუძველი იქიდან გამომდინარე, რომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად ყველაფერი მზად არის. ზოგადად, კონკრეტული თარიღის დასახელება ცუდი არ არის, ეს კარგია, მაგრამ დაზუსტება სჭირდება იმას, თუ ვისზე ვრცელდება ეს თარიღი - მხოლოდ იმ ქვეყნებზე, რომლებმაც 12-18 წლის წინ მიიღეს კანდიდატის სტატუსი, თუ ეს ეხება იმ ქვეყნებსაც, რომლებმაც შარშან მიიღეს კანდიდატის სტატუსი ან წელსაც უნდა მიიღონ", - განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, რეალურად, 2030 წლისთვის საქართველო ყველაზე მეტად იქნება მზად იმისთვის, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყანა გახდეს, მათ შორის ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით.

„2030 წლისთვის ვინ იქნება მზად ევროკავშირის წევრობისთვის, ეს იქნება საქართველო სწორედ იმ პოლიტიკიდან გამომდინარე, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება აწარმოებს. ეს არის ჩვენი პოლიტიკის წმინდა პოლიტიკური განზომილება, ასევე ეკონომიკური განზომილება. 2030 წელს თუ ვინმეს ექნება წევრობის სტატუსის მიღების პერსპექტივა, ეს საქართველო იქნება, თუმცა ჩვენ ამასთან დაკავშირებით მეტი კონკრეტიკა გვჭირდება", - განაცხადა კობახიძემ.

ოპოზიციის შეფასებით კი, მიშელის განცხადებიდან გამომდინარე აშკარაა, რომ ევროკავშირში უკვე მიღწეულია შიდა შეთანხმება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

„შარლ მიშელის განცხადება მეტყველებს, ყველა შეთანხმდა, რომ საქართველოს ადგილი ევროკავშირშია. ერთადერთი, ვინც ამას ეწინააღმდეგება, თავგზააბნეული „ქართული ოცნებაა", - განაცხადა „ლელოს" დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა.

საინტერესო კომენტარი გააკეთა შარლ მიშელის განცხადებაზე რადიო „თავისუფლების" ბრიუსელის ბიუროს მთავარმა რედაქტორმა რიკარდ იოზვიაკმა. მისი ინფორმაციით, საქართველოს წლის ბოლოს, სავარაუდოდ, მიიღებს კანდიდატის სტატუსს, ოღონდ გარკვეული დათქმით, რაც საქართველოს საგარეო პოლიტიკასთან იქნება კავშირში.

„არსებობს პირობები, რომელთა შესრულებაც რთულია და მათ შორის ერთ-ერთი პოლარიზაციაა. ისინი შეისწავლიან დეტალურად ყველაფერს. ჩემი აზრით, საქართველოს, სავარაუდოდ, მისცემენ (კანდიდატის სტატუსს), მაგრამ დაამატებენ უფრო მეტ პირობას და პოტენციურად ერთ-ერთი შეიძლება იყოს საგარეო პოლიტიკასთან კავშირი. მაგალითად: ევროკავშირის სანქციებთან მიერთების დაწყება.

„ახლა არ მგონია, ყველა საქართველოზე ფიქრობდეს. ახლა უკრაინაა მთავარი. შემდეგი მოლდოვაა და მესამე მოდის საქართველო. როდესაც ველაპარაკები ჩემს წყაროებს, ისინი ამბობენ, რომ ქართველებს დიდად არ უნდათ ეს. იღებენ მინიშნებებს უკრაინისა და მოლდოვისგან, მაგრამ საქართველოსგან მიღებული განწყობა ორაზროვანია. ასე რომ, ერთგულებაა ის, რის ნაკლებობასაც განიცდიან", - განაცხადა იოზვიაკმა „ფორმულასთან" საუბრისას.

მიშელის განცხადების მეორე ნაწილი

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" აღნიშნავს, რომ ქართულ მედიაში შარლ მიშელის განცხადების განხილვისას აქცენტი კეთდება მის მიერ ევროკავშირის გაფართოების კონკრეტული ვადის დასახელებაზე, თუმცა ყურადღების გარეშე დარჩა მიშელის სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვანი გზავნილები.

„მე ვფიქრობ, რომ ამ თარიღზე ჩამოკიდება არ არის მთლიანად მიზანშეწონილი. ჩემი აზრით, მან 2030 წელი დაასახელა, როგორც ერთგვარი საორიენტაციო თარიღი. იმიტომ, რომ 2030 წლამდე ბევრი რამ შეიძლება მოხდეს მსოფლიოში, ევროპის კონტინენტზე და მათ შორის იმ ქვეყნებში, რომლებიც მოიაზრებიან ევროკავშირის ასპირანტ ქვეყნებად, კანდიდატის სტატუსი აქვთ და ა.შ.

„მე ასეთი დასკვნა გამოვიტანე, რომ შარლ მიშელმა ეს დაასახელა როგორც საორიენტაციო თარიღი, თუმცა ჩვენმა არც ოპოზიციამ, არც მასთან აფილირებულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და არც ექსპერტებმა ყურადღება არ მიაქციეს შარლ მიშელის განცხადების მეორე ნაწილს, სადაც მან თქვა, რომ ევროკავშირმა თავის დროზე შეცდომა დაუშვა იმასთან დაკავშირებით, რომ ძალიან ზედმიწევნით გამოეკიდა ამ კრიტერიუმებსა და კანდიდატი თუ ასპირანტი ქვეყნების პროგრესს. შესაბამისად, ჩვენ ახლა უნდა ვიყოთ, მზად იმისათვის, რომ უფრო სერიოზულად შევხედოთ ევროკავშირის შესაძლებლობას ახალი წევრების მიღებასთან მიმართებით.

„შარლ მიშელის ეს სიტყვები იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირში შესაძლოა უკვე ფიქრობენ, რომ ზედმეტად ჩაციკვლა იმაზე, თუ რამდენად ზედმიწევნით შესრულდა ეს რეკომენდაციები და რამდენად შთამბეჭდავია პროგრესი, არ არის სრულად სწორი და რომ შეიძლება გადაწყვეტილება მიიღონ უფრო სხვა კონტექსტში, მაგალითად, გეოპოლიტიკური მოსაზრებების გამო, რადგან დღეს ისეთი სიტუაციაა, რომ ევროპას ხშირად უწევს გეოპოლიტიკური ხასიათის გადაწყვეტილების მიღება, როგორც ეს მოხდა მოლდოვისა და უკრაინის შემთხვევაში.

„მაგრამ ერთი რამესაც მინდა ხაზი გავუსვა - 2024 წელს არის ევროპარლამენტის არჩევნები. არ არის გამორიცხული, რომ ის ადამიანები, ვინც ახლა ხელმძღვანელობენ ევროსტრუქტურებს, აღარ იყვნენ მისი ხელმძღვანელები და სხვები მოვიდნენ, რომელთაც შეიძლება ჰქონდეთ სხვა, განსხვავებული შეხედულებები", - განაცხადა ანჯაფარიძემ „რეზონანსთან".

ევროინტეგრაცია და ხელისუფლებაში „ოცნების" დარჩენა

ზაალ ანჯაფარიძეს აზრით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენს საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე, „ქართული ოცნებისა" და დასავლეთის დაძაბული ურთიერთობებია. მისი აზრით, ევროპაში აცნობიერებენ, რომ თუკი საქართველო წლის ბოლოს მიიღებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს, ეს იქნება „ქართული ოცნების" ხელისუფლებაში კიდევ ერთი ვადით დარჩენის გარანტია. საკითხი კი ამჟამად შეიძლება ასეც დგას - აწყობს თუ არა ევროკავშირს საქართველოს ხელისუფლებაში „ოცნების" დარჩენა.

„დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, პირველი საქართველომ რაც უნდა გააკეთოს, არის ის, რომ ამ 12 რეკომენდაციის შესრულების შეფასებაში საქართველო და ევროკომისია უნდა იყვნენ ერთიანი. ანუ არ უნდა იყოს მოსაზრებათა განსხვავება, რომ, ვთქვათ, ევროკომისიამ განაცხადოს, რომ რეკომენდაციები სრულად ვერ შესრულდა, ხოლო საქართველოს ხელისუფლება ამტკიცებდეს, რომ სრულად შესრულდა. ორივე ერთნაირად და ერთდროულად უნდა თქვან, რომ კი, რეკომენდაციები შესრულდა.

„მეორე, იოზვიაკის სიტყვებიდან ჩანს, რომ რეკომენდაციების შესრულების გარდა, არის კიდევ დამატებითი მოთხოვნები, რომელიც დოკუმენტში არ არის გაწერილი - რომ ევროკავშირი მოითხოვს საქართველოსგან უფრო მეტ ერთგულებას და თანმიმდევრულობას ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურ კურსთან მიმართებაში. ეს ნიშნავს, რომ საქართველო უნდა იყოს უფრო აქტიური უკრაინის მხარდაჭერაში, საქართველო უნდა შეუერთდეს სრულად ანტირუსულ სანქციებს, ანუ მოიქცეს ისე, როგორც იქცევიან ევროკავშირის წევრი ქვეყნები.

„ამ კონტექსტიდან გამომდინარე, პერსპეტივა - მოგვანიჭებენ თუ არა კანდიდატის სტატუსს - არის სადღაც 40%/60%-ზე, იმიტომ, რომ გარდა ამ ფორმალური მხარისა, რაც არის 12 რეკომენდაციის შესრულება, არსებობს კიდევ რაღაც ქვე დინებები, რაც უკავშირდება სტატუსის მინიჭება-არმინიჭებას. ეს წმინდად პოლიტიკური საკითხია და უკავშირდება „ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნას.

„მე ერთ ასეთ მოსაზრებას ვიტყვი - შეიძლება ეს საკამათო იყოს, მაგრამ ასე მგონია, რომ აქ მარტო ევროკავშირის პოზიცია არ იქნება გათვალისწინებული. ალბათ აშშ-იც იტყვის თავის სიტყვას ამასთან მიმართებით. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ - ეს უკავშირდება „ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის პესპექტივას, რომელთანაც აშშ-საც და ევროპასაც აქვს საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა.

„ევროპაში აცნობიერებენ, რომ თუკი საქართველო მიიღებს სტატუსს, ეს იქნება „ქართული ოცნების" ხელისუფლებაში კიდევ ერთი ვადით დარჩენის გარანტია. უნდათ მათ ეს? - აი, ასე დგას ეს საკითხი. ჩემი აზრით, მათ ეს არ უნდათ", - განაცხადა „რეზონანსთან" ზაალ ანჯაფარიძემ.

„საუბარი იმაზე, რომ ეს აპრიორი გავრცელდება საქართველოზე, უსაფუძვლოა..."

ბრიუსელის საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკის ევროპული ცენტრის EჩIPE-ის უფროს მკვლევარი, ჯიპა-ს ასოცირებულ პროფესორი, პრეზიდენტის ყოფილ მრჩეველს საგარეო ურთიერთობების საკითხებში, თენგიზ ფხალაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ საქართველომ ბევრი უნდა იმუშაოს, რათა მოხვდეს იმ ქვეყნების კალათაში, რომლებიც ევროკავშირის შემდგომ გაფართოებაში მოიაზრებიან.

„ეს არის სავარაუდო თარიღი, რომ 20230 წელს მოხდება ევროკავშირის ხელახალი გაფართოება. ამ შემთხვევაში ეს მოსაზრება ეფუძნება იმას, რომ იქამდე ქვეყნები რომლებსაც აქვთ ეს ამბიცია, მზად იქნებიან და ამავე დროს, ის კონსერვატიზმი, რაც იყო თავად ევროკავშირში გაფართოების მიმართ, უნდა გადაიხედოს. აი, ამაზე დღეს არის ძალიან პოზიტიური განწყობა, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ხედვა მომავალთან დაკავშირებით და აქ ჩვენი მთავარი ამოცანა ისაა, რომ ჩვენ ვიყოთ იქ, იმ კალათაში. უნდა მოვიაზრებოდეთ იმ ქვეყნებში, რომლებიც არიან ამ გაფართოების შემდგომ ტალღაში. ამისთვის ძალიან სერიოზულად უნდა ვიმუშაოთ.

„დღეს არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ჩვენ ამ კალათაში არ მოვიაზრებით მარტივი მიზეზის გამო - ჩვენ გვაქვს ევროპული პერსპექტივა, მაგრამ არა კანდიდატის სტატუსი, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვართ სხვა ქვეყნებზე უკან. იმისათვის, რომ მოვიაზრებოდეთ აი ამ პირველ ეშელონში, ამისათვის ძალიან ბევრი უნდა ვიმუშაოთ, მივიღოთ კანდიდატის სტატუსი და მერე რაც შეიძლება სწრაფად დავიწყოთ მოლაპარაკება. ამ შემთხვევაში ეს პერსპექტივა გახდება უკვე ხელშესახები. სხვანაირად, საუბარი იმაზე, რომ ეს აპრიორი გავრცელდება საქართველოზე, უსაფუძვლოა.

„ამისთვის არსებობს როგორც მინიმუმ 12 რეკომენდაცია, რაც უნდა შესრულდეს, მივიღოთ სატატუსი, მერე უკვე ვიფიქროთ მომავალზე და იმ ნაბიჯებზე, რომელიც საჭიროა მოლაპარაკებების დაწყებისათვის.

„არავინ იცის წლის ბოლოს გვექნება თუ არა კანდიდატის სტატუსი. ამის დიდი სურვილი არის, მაგრამ უპირველესად ჩვენ უნდა ვიმუშაოთ და მერე უნდა ველოდოთ ევროკავშირისგან შემხვედრ ნაბიჯებს. ჯერჯერობით პირველი შემთხვევა არ არის, როცა ჩვენ ჩვენს თავს საქმე გავუფუჭეთ. მსგავსი შეცდომა აღარ უნდა დავუშვათ.

„კიდევ ერთხელ ვამბობ - შარლ მიშელის განცხადება არ ნიშნავს არც სტატუსს და არც იმას, რომ საქართველო მაინც და მაინც იმ ჯგუფში ავტომატურად ხვდება. მიშელის განცხადება ნიშნავს, რომ ევროკავშირი მზად არის მომავალში გაფართოებისათვის, დანარჩენი კი ქვეყნებზე დამოკიდებული, რამდენად კარგად იშრომებენ და რამდენად მზად იქნებიან ამ შესაძლებლობისათვის", - განაცხადა „რეზონანსთან" თენგიზ ფხალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე