სეპარატისტული ლიდერების მხრიდან "საქართველოდან მეორე ფრონტის გახსნაზე" საუბარმა უკვე ინტენსიური ხასიათი მიიღო - ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო ლიდერის ასლან ბჟანიას მტკიცებით, „მეორე ფრონტის გახსნის შემთხვევაში, საქართველო ვერც ერთ ომს ვერ მოიგებს, თუმცა, ამ მიმართულებით მცდელობები მიმდინარეობს".
„ყველაფერი ასე მარტივი არ არის, მიმდინარე წლის აპრილში საქართველოში ძალიან მძიმე ვითარება იყო - იყო გადატრიალების მცდელობა, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებამ წინააღმდეგობა გაუწია. შეძლებენ თუ არა გაგრძელებას, ასე დარწმუნებით ვერანაირ დასკვნას ვერ გამოვიტან, მაგრამ როგორც ვხედავთ, ეტყობა მოუწევთ. მოგეხსენებათ, მათაც არ აქვთ ალტერნატივა-საქართველო ვერც ერთ ომს, ვერც საბრძოლო მოქმედებას ვერ მოიგებს",-აღნიშნა ბჟანიამ.
მისი თქმით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება სამხედრო გზით შეუძლებელია, რადგან მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს, მაგრამ, სოხუმი მზად არის „მოვლენების ნებისმიერი განვითარებისთვის".
„ამ კუთხით, სამხედრო გზით ვერანაირი მიზნის მიღწევა ვერ მოხდება. დროა გავიგოთ, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს, მითუმეტეს კავკასიაში. ჩვენ არ გვინდა ომი, მაგრამ ჩვენ მზად ვართ მოვლენების ნებისმიერი შემობრუნებისთვის. ეს არ გვაშინებს. გვინდა ვიმოქმედოთ სამხრეთ კავკასიაში სტაბილური მშვიდობის პირობებში- ვიცხოვროთ და ვიმოქმედოთ",-აღნიშნა ბჟანიამ
მისივე თქმით, საქართველოს მიმართ პრეტენზია არ აქვთ, მაგრამ არ აპირებენ ვინმეს გადასცენ ის, რაც მათ ეკუთვნით.
„რა თქმა უნდა, ჩვენ დაინტერესებული ვართ რეგიონში მშვიდობის გამეფებით. ჩვენ არ გვაქვს პრეტენზია საქართველოს მიმართ, მაგრამ, ნამდვილად არ ვაპირებთ, ვინმეს გადავცეთ ის, რაც ჩვენ გვეკუთვნის",-განაცხადა ბჟანიამ.
მან უკმაყოფილება გამოხატა იმის გამო, რომ საქართველოს ტერიტორიაზე სამხედრო წვრთნები ყოველწლიურად ტარდება. ბჟანიას მტკიცებით, „დანამდვილებით იცის", რომ წვრთნების შემდეგ საქართველოს კონტროლირებად ნაწილში ამერიკული ტექნიკის ნაწილი „გროვდება" .
„საქართველოში ყოველწლიურად ტარდება 10-მდე სამხედრო წვრთნა, ერთობლივი წვრთნები და ზუსტად ვიცით, რომ ამ წვრთნების შედეგად, ტექნიკის ნაწილი, თითქოს მწყობრიდან გამოსვლის საბაბით, საქართველოს ტერიტორიაზე რჩება, ეს ყველაფერი გროვდება, ეს ვიცით. და ჩვენც შესაბამისად ვრეაგირებთ და ვგეგმავთ რეაგირებას", -აღნიშნა ბჟანიამ.
შეგახსენებთ, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მარიონეტმა ლიდერმა, ალან გავლოევმა რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილესთან, დიმიტრი მედმედეთან 25 აგვისტოს გამართული შეხვედრის დროს კვლავ გამოთქვა რუსეთის ფედერაციასთან შეერთების სურვილი. გაგლოევმა მედვედევთან საუბრის დროს ახსენა ცრუ ისტორიული ფაქტიც.
„ყველასთვის ცნობილი ფაქტია, რომ 1774 წელს ოსეთი რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში ნებაყოფლობით შევიდა და მას შემდეგ არასდროს შეუცვლია ისტორიული არჩევანი. მსურს დაგარწმუნოთ, პატივცემულო დმიტრი ანატოლევიჩ, რომ ჩვენ დღესაც მზად ვართ ინტეგრაციის პროცესი რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლამდე განვავითაროთ"-თქვა გაგლოევმა.
საერთაშორისო ურთიერთობის სპეციალისტი, ჯიპას პროფესორი გიორგი კობერიძე: „ პირველ რიგში მედვედევმა დასვა საკითხი თავდაპირველად ანექსიასთან დაკავშირებით, რაც რუსეთს დიდი ხანია აქვს განზრახული, მეორე მხრივ ეს არის ასევე დაშინება - ცდილობენ რომ ქართულ საზოგადოებას უთხრან, რომ რეალურად ეს ომი საქართველოსგან შორს არ არის. ამაზე ხდება ხაზგასმა - ეუბნებიან, რომ საქართველოს ომი პირდაპირ თუ ირიბად ეხება. მეორე მხრივ თვითონ სეპარატისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისთვის ხდება მინიშნება იმაზე, რომ თითქოს მათ აშინებენ და მათ ეუბნებიან რომ ომი არც მათგან არ არის ძალიან შორს.
„ამას აქვს შორს მიმავალი გეგმები - ტერიტორიების ანექსია სურს რუსეთს. რუსეთი შეეცდება და გააგრძელებს კვლავ აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობის დაშინებას, ისე როგორც სამაჩაბლოში მცხოვრები მოსახლეობის დაშინებას და იმის თქმას, რომ აგერ საქართველო რაღაცას აპირებს. მითუფრო, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ დღეს განაცხადა, რომ თუკი უკრაინის კონფლიქტში რუსეთი დამარცხდებოდა საქართველოსთვის ეს იქნებოდა ერთგვარი გაერთიანების ძალიან დიდი შანსი" - განაცხადა „რეზონანსთან" გიორგი კობერიძემ.
სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" ბჟანიას პოლიტიკურ უმეცრებაზე საუბრობს.
„ბჟანია როგორც ჩანს მოიკოჭლებს საერთაშორისო სამართალში და ისეთ საკითხში, როგორიც არის -განიარაღების და შეიარაღების კონტროლი, იმიტომ, რომ თუ ბჟანიას საერთაშორისო სამართალში რამე გაეგება, მიხვდებოდა რომ სამხედრო წვრთნები და საბრძოლო ტექნიკის გამოყენება შედის გაეროს წესდების 102-ე მუხლის შესაბამისად, სპეციალური შეიარაღების კონტროლის კომიტეტის რეესტრში. ანუ, ნებისმიერი სამხედრო ტრანზაქცია, რომელიც მათ შორის, თუ ბჟანიას მოსაზრებებით ვიმსჯელებთ, თუ რჩება საქართველოს ტერიტორიაზე გარკვეული შეიარაღება, ეს აუცილებლად აისახება ამ რეესტრში.
„ასე რომ, ეს ელემენტარული უმეცრებაა, შეიარაღების კონტროლის სფეროში არცოდნის გამოვლინება. აფხაზეთის სეპარატისტულ ლიდერს ასეთი რამ არ უნდა ეშლებოდეს. თვითონაც იყო ძალოვანი სტრუქტურის მაღალი ჩინოსანი და ასეთ რაღაცებში არ უნდა შეცდეს.
„რაც შეეხება მეორე საკითხს - მე ვურჩევდი ასლან ბჟანიას და მთელ აფხაზურ საზოგადოებას რომ მეორე ფრონტზე იფიქრონ რუსეთის მიმართულებიდან. რამდენიმე დღით ადრე პირდაპირ განაცხადა მედვედევმა, რომელიც რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეა და კურირებს სწორედ პოსტსაბჭოთა სივრცეს, რომ რუსეთი აპირებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის შეერთებას.
„ამიტომ მეორე ფრონტი საიდან მოელით მათ, ეს ჯობია აფხაზურმა საზოგადოებამ თვითონ დააფიქსიროს. აფხაზური საზოგადოება ძალიან ბრძენი საზოგადოებაა და კარგად ესმის რა ხდება და აფხაზური საზოგადოების პოზიცია კარგად გამოხატა სეპარატისტული რეჟიმის უშიშროების საბჭოს მდივანმა, სერგეი შამბამ, რომელმაც უფრო ღირსეული პასუხი გასცა მოსკოვს, ვიდრე სეპარატისტული რეჟიმის პრეზიდენტმა. და ძალიან კარგად მიუთითა რომ მეორე ფრონტი საიდან შეიძლება გაიხსნას - აფხაზეთი არავისთან შეერთებას არ აპირებს და ის დაიცავს საკუთარ ეროვნულ ინტერესებს.
„მეორე ფრონტიდიმიტრი მედვედევის სიტყვებიდან გამომდინარე, ეს იქნება რუსეთის ფედერაციის მხრიდან და არა თბილისიდან. ჯერ ერთი იმიტომ, რომ თბილისს ამისი საშუალებაც არ გააჩნია და მეორეც - აფხაზი სეპარატისტების შიშით თუ ჩვენ წვრთნები ვერ ჩავატარეთ, კარგად წავა ჩვენი საქმე.
„ეს არის თავდაცვის კონტექსტში განხორციელებული ქართულ-ამერიკული სამხედრო წვრთნები და არავის წინააღმდეგ ეს წვრთნები არ არის მიმართული. წვრთნებში მონაწილეობენ სომეხი, აზერბაიჯანელი, ფრანგი, ქართველი ამერიკელი და სხვა სამხედრო შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები და ეს იმართება ნატოს სულისკვეთების ეგიდით. რომლითაც ძირითადად სამშვიდობო ოპერაციების და კრიზისების მართვის ოპერაციების განხორციელება ხდება. თუ სომეხი და აზერბაიჯანელი შეიარაღებული ძალების წარმომადგენლების მონაწილეობა აფხაზ სეპარატისტებს ჰგონიათ რომ ეს არის მათ წინააღმდეგ მიმართული, ეს მათი პრობლემაა.
„ბჟანია არის კრემლისგან ხელდასმული პიროვნება და რა თქმა უნდა ის ასრულებს კრემლის მიერ გარკვეული ფსიქოლოგიური ომის სტრატეგიას. როგორც ჩანს ეს არის კიდევ ერთხელ რუსეთისა და აფხაზი საზოგადოების დიდი ნაწილისათვის გამიზნული, რომელსაც ჯერ კიდევ სჯერა რუსული სიკეთის შესახებ" - განაცხადა „რეზონანსთან" ვახტანგ მაისაიამ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე