რეზონანსი
(26.08.2023)

თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა აბდულკადირ ურალოღლუმ განუცხადა, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი მთლიანად გარემონტდება.

მინისტრმა აღნიშნა, რომ თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ოქტომბერში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს:

„ჩინეთი დაინტერესებულია ერთობლივი მუშაობით თურქულ ხაზებზე კონიაში, აქსარაიში, იენიჯსა და აკდენიზში. ამ მიმართულებით არაერთი ტენდერი და მოლაპარაკება გაიმართა.

ჩვენს რეგიონში არის საკმარისი შესაძლებლობები, რომელიც დაკავშირებულია ერთი სარტყელი, ერთი გზის ინიციატივის საქმიანობასთან. ქვეყნების უმეტესობას სურს მონაწილეობა მიიღოს ამ პროექტში სატრანზიტო როლის შესრულებით ან უშუალო მონაწილეობით. ასევე გვაქვს ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი, რომელიც სრულად გარემონტდება", - განაცხადა მინისტრმა.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ „აზერბაიჯანის რკინიგზის" შვილობილმა კომპანია ADY Container-მა, ბაქო-თბილისი-ყარსის (BTK) სარკინიგზო ხაზის საქართველოს მონაკვეთზე სარემონტო-აღდგენითი სამუშაოების მიმდინარეობის გამო, დამკვეთებს ალტერნატიული მარშრუტი შესთავაზა.

„რკინის აბრეშუმის გზა" იგივე „ბაქო-თბილისი-ყარსის" რკინიგზა ექსპლუატაციაში 2017 წლის 30 ოქტომბერს შევიდა.

პროექტის ფარგლებში აშენდა ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის 98 კმ სიგრძის მონაკვეთი, საიდანაც 68 კმ თურქეთზე, ხოლო 30 კმ საქართველოზე გადის. ასევე საქართველოში ახალქალაქი-თბილისის 183 კმ მონაკვეთის რეკონსტრუქცია განხორციელდა.

რკინიგზის მაგისტრალის ქართულ ნაწილზე სამუშაოები აზერბაიჯანმა დააფინანსა, და საქართველოს ორი შეღავათიანი სესხი გამოუყო, ჯამში $775 მილიონი.

BTK-ის საერთო სიგრძე 826 კმ-ია. 2021 წელს ამ რკინიგზაზე ტვირთის გადაზიდვის მოცულობამ შეადგინა 476,9 ათასი ტონა (+ 2,1-ჯერ მეტი 2020 წლის მაჩვენებელზე).

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე