
„ნიკორა" სასამართლო დავისთვის ემზადება. კომპანიის წინააღმდეგ სარჩელი იმ ადამიანებს შეაქვთ, რომლებიც „ნიკორას" პროდუქცით მოიწამლნენ. ქათმის ხორცში სალმონელას ბაქტერია აღმოჩნდა. ცნობილი სუპერმარკეტების ქსელს უკვე აეკრძალა მზა საკვების გაყიდვა. ჯანმრთელობისთვის საშიში პროდუქტი კი ამოღებულია.
8 მოქალაქეს "ნიკორას" სუპერმარკეტში შეძენილი "კიევური კატლეტის" მიღებიდან მვავე ინტოქსიკაციის ნიშნები მალევე გამოუვლინდა. ეპიდემიოლოგიური კვლევით დადგინდა, რომ ყველა მათგანის ორგანიზმში საშიში ბაქტერია მოხვდა და სალმონელოზის ინფექცია განვითარდა.
ინტოქსიკაციის ფაქტს სწავლობს სურსათის ეროვნული სააგენტო. სააგენტოს ინსპექტორებმა ლაბორატორიული კვლევისთვის პროდუქტის ნიმუშები აიღეს, რომლებშიც პათოგენური მიკროორგანიზმი სალმონელა აღმოჩნდა. მზა კერძების წარმოება დაჯარიმდა და საწარმოო პროცესიც შეუჩერდა. ამოღებულია და შესაბამისი წესების დაცვით განადგურდება პათოგენით დაბინძურებული 20 კგ ქათმის ფილე, 100 კგ სხვადასხვა სახეობის სურსათისა და 22 კგ "კატლეტი კიევურის" ფარში.
8 ადამიანის კვებითი ინტოქსიკაციის ფაქტზე მოკვლევა ამ დრომდე გრძელდება.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



