რეზონანსი
(25.08.2023)

2022 წელს საქართველოს სასტუმროები და სასტუმროს ტიპის დაწესებულებები 4.9 მილიონ სტუმარს მოემსახურა, რაც 61.9%-ით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე. სტუმართა 60.5%-ს უცხოელები წარმოადგენდნენ, - ამის შესახებ აღნიშნულია „საქსტატის" მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

„საქსტატი" 2022 წელს საქართველოში სასტუმროებისა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების საქმიანობის შესახებ ინფორმაცია აქვეყნებს.

მათივე ინფორმაციით, სასტუმროებისა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების რაოდენობის განაწილება ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმების მიხედვით 2022 წელს დეკლარირებული მონაცემების მიხედვით, იმავე წელს საქართველოში ფუნქციონირებდა სასტუმროს მომსახურებით დაკავებული 2 162 ეკონომიკური სუბიექტი, რომლებიც ფლობდნენ 2 213 სასტუმროსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებას (ადგილობრივი ერთეულებისა და ფილიალების ჩათვლით). აღნიშნული მაჩვენებელი 2021 წელთან შედარებით 24.6%-ით გაიზარდა.

სასტუმროს მომსახურებით დაკავებული ეკონომიკური სუბიექტებისათვის ყველაზე გავრცელებულ ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმას წარმოადგენდა „ინდივიდუალური მეწარმე", რომელიც შეადგენდა 2022 წელს მოქმედი სასტუმროებისა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების საერთო რაოდენობის 54.5%-ს.

სასტუმროების და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების 99.7% კერძო საკუთრებაში იყო, ხოლო 0.3% - სახელმწიფო საკუთრებაში. 2022 წელს საქართველოში მოქმედი სასტუმროებისა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების საერთო ფართობი 3 195.4 ათას კვადრატულ მეტრს შეადგენდა, რაც 20.9%-ით მეტია 2021 წლის შესაბამის მაჩვენებელზე. აქედან ყველა ნომრის საცხოვრებელი ფართობი 1 489.5 ათას კვადრატულ მეტრს შეადგენდა, რაც 12.8%-ით არის გაზრდილი წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით.

2022 წელს მოქმედ სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებში ადგილების საერთო რაოდენობამ 97.8 ათასი შეადგინა, რაც 11.4%-ით მეტია 2021 წლის შესაბამის მაჩვენებელზე. ნომრების საერთო რაოდენობა გაიზარდა 6.3%-ით და 45.8 ათასი შეადგინა.

2022 წელს საქართველოს სასტუმროები და სასტუმროს ტიპის დაწესებულებები 4.9 მილიონ სტუმარს მოემსახურა, რაც 61.9%-ით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე. სტუმართა 60.5%-ს უცხოელები წარმოადგენდნენ. მათგან უმეტესობა, 488.9 ათასი (16.4%), ისრაელის მოქალაქე იყო, რაც 2021 წლის შესაბამის მაჩვენებელზე 4.3-ჯერ მეტია. ევროკავშირის ქვეყნებიდან შემოსულები უცხოელი სტუმრების 6.2%-ს შეადგენდნენ, რომელთა უმეტესობა გერმანიისა (29.4%) და პოლონეთის (28%) მოქალაქეები იყვნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე