
მამაკაცს, რომელსაც ცოლის მოკვლას ედავებიან პროკურატურამ ბრალი უკვე წაუყენა. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 19 აგვისტოს, სოფელ სადახლოში, ქმარმა ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე ცოლს დანით, გულმკერდის არეში სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანება მიაყენა. დაზარალებული, მიყენებული ჭრილობების შედეგად საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
"კურიერმა" სადახლოში მეუღლის განზრახ მკვლელობისთვის დაკავებული მამაკაცის ვინაობა გაარკვია - ის არის 55 წლის ავაზ ხალიევი, რომელსაც ბრალი ოფიციალურად გააცნეს და რამდენიმე საათში რუსთავის სასამართლო მის აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებს.
სასამართლო სხდომაზე, პროკურატურა მამაკაცის პატიმრობაში დატოვებას მოითხოვს.
რაც შეეხება მომხდარს, ოფიციალურ მოტივად მეუღლესთან კონფლიქტი სახელდება. ადგილობრივები საუბრობენ იმაზეც, რომ მამაკაცს, შესაძლოა, ფსიქიკური პრობლემები ჰქონოდა, ვინაიდან ის გარკვეული დროის განმავლობაში ფსიქიატრიულ კლინიკაში მკურნალობდა. ის სულ რამდენიმე დღის გამოწერილი იყო კლინიკიდან, მას ქირურგიული ჩარევა ესაჭიროებოდა. მამაკაცმა სწორედ ამ პერიოდში მოკლა საკუთარი მეუღლე.
ადგილობრივების ინფორმაციით, შემზარავ დანაშაულს მოკლულის ვაჟიც ესწრებოდა, რომელიც მამის შეკავებას ცდილობდა და ამ დროს მანაც მიიღო დაზიანება.
ერთ-ერთი ვერსიით, მას შემდეგ, რაც მამაკაცმა მეუღლე მოკლა, თვითმკვლელობაც სცადა, რაშიც შვილმა შეუშალა ხელი. ამის შემდეგ, ცხელ კვალზე 55 წლის ავაზ ხალიევი პოლიციამ დააკავა.
რუსთავი 2
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



