მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კიდევ ერთხელ მოექცა საყოველთაო ყურადღების ცენტრში. საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილში მკვეთრი უკმაყოფილება გამოიწვია მისმა განცხადებამ, რომ შოვში, სტიქიის დროს გადარჩენილი ერთ-ერთი მოქალაქის, დავით ჯელაძის მიერ მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში მოყვანილი დეტალები გასარკვევი და გადასამოწმებელია.
„რატომ იყო საჭირო ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასვლა ეს არ ვიცი, იმიტომ, რომ, რა თქმა უნდა, უფრო უსაფრთხო იყო იმ ნაპირზე დარჩენა, იქ ბევრი ადამიანი დარჩა. ჩვენ ვიყავით მეორე დღეს მაგ ტერიტორიაზე და იქ გადასვლა იყო პრაქტიკულად წარმოუდგენელი, ამიტომ გადასამოწმებელია ეს ყველაფერი, არ ვიცი, მე უბრალოდ ვერ გეტყვით მაგასთან დაკავშირებით", - განაცხადა კობახიძემ.
ამან დიდი დაპირისპირება გამოიწვია საზოგადოებაში, მედიაში და პოლიტიკურ სპექტრში, რასაც მოჰყვა კობახიძის კრიტიკა და შეურაცხყოფა, ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან კი - თავის მართლება და კობახიძის გამართლება.
დეპუტატმა ნინო წილოსანმა სტატუსი გამოქვეყნა, სადაც წერს, რომ ირაკლი კობახიძეს „კანიბალების შემოტევა" აქვს. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა კი განაცხადა, რომ გარკვეული ჯგუფების მხრიდან არის სურვილი, რომ უთანხმოების ატმოსფერო შემოიტანონ.
„ესეც არის სწორედ იმ სპეკულაციის ნაწილი, რომელსაც ბოლო 12 დღეა ვაკვირდებით და ეს არის სურვილი გარკვეული ჯგუფების მხრიდან, რომ რაღაცნაირად შემოიტანონ უთანხმოების ატმოსფერო. ირაკლი კობახიძეს არანაირად არ უგულისხმია, რომ ვიღაცას რაღაც ფიზიკურად შეეძლო, თუ არ შეეძლო. იქ სტიქია რა სახის იყო, თავად ირაკლი კობახიძემაც ნახა საკუთარი თვალით. ბევრი რამ დაუჯერებელი არის და ვხედავდით მაშველებს როგორ უჭირდათ მუშაობა.
„რაც შეეხება მოქალაქეებს, ვინც გადარჩნენ, არავის თავგანწირვაში არავის ეჭვი არ ეპარება. პირიქით, 210 მამაცი მოქალაქე გვყავს, ვინც სტიქიას გადაურჩა, ვინც არ ჩავარდა პანიკაში, ვინც დროულად იმოქმედა და დაეხმარნენ გვერდით მდგომებს და გადაარჩინეს. კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ - „სანსეტ შოვის" პერსონალი, ვინც დამსვენებლები გამოიყვანა სამშვიდობოზე, რუსთავის სკოლის მოსწავლეები, მართალია ამ სტიქიის ზონაში არ იყვნენ, მაგრამ ამ სტიქიის გამო მოწყდნენ გარემოს და არავინ არ ჩავარდნილა პანიკაში, სიმშვიდე შეინარჩუნეს. ყველა ამ მოქალაქეს ეკუთვნის განსაკუთრებული მადლობა იმისთვის, რომ არ აჰყვნენ პანიკას და დაეხმარნენ ერთმანეთს", - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე მიიჩნევს, რომ მმართველ პარტიაში სტრატეგიულ კომუნიკაციებს არ ექცევა სათანადო ყურადღება. როგორც მან „რეზონანსთან" განაცხადა, პოლიტიკოსი ზოგადად უფრო ფრთხილი და მოზომილი უნდა იყოს თავის შეფასებებსა და განცხადებებში.
„რთულია ასეთი ცალსახა შეფასება მისცე, იმიტომ, რომ ირაკლი კობახიძის ეს განცხადება ყველამ გაიგო ისე, როგორც უნდოდა რომ გაეგო. მე ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა ამ განცხადებაზე რეაქციებიდან გამომდინარე. ამის ნიადაგზე წარმოიშვა ის ერთგვარი კონფლიქტური სიტუაცია, რაც დღეს გვაქვს და რაც ჯერ კიდევ გრძელდება საზოგადოებაში, სოციალურ ქსელებში, მედიაში და ა.შ.
„საერთოდ, მგონია, რომ პოლიტიკოსმა ასეთ პოლარიზებულ გარემოში, როდესაც იცი, რომ გყავს ჩასაფრებული ოპოზიცია, ჩასაფრებული ოპოზიციური მედია და ყველა შენს მიერ ნათქვამი სიტყვა და უწყინარი ფრაზა შეიძლება შენს წინააღმდეგ გამოიყენონ, უმჯობესია საერთოდ გვერდი აუარო ასეთი ტიპის საკითხებს, როდესაც ბევრი რამ არის გაურკვეველი და კიდევ დასადგენია ფაქტები.
„მესმის, რომ კობახიძეს ჟურნალისტმა დაუსვა ეს კითხვა, მაგრამ მან უპასუხა იქიდან გამომდინარე, რა ინფორმაციაც მას ჰქონდა და რა შთაბეჭდილებაც ჩამოუყალიბდა. რამდენჯერმე გადავიკითხე მისი ეს განცხადება, რაღაც ისეთი განსაკუთრებული და საშინელი იქ ვერაფერი აღმოვაჩინე. მაინც ვფიქრობ, რომ როდესაც ასეთი პოლარიზებული გარემოა (და ეს მარტო კობახიძეს არ ეხება, ზოგადად ხელისუფლების ყველა წარმომადგენელს), ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ თითოეულ სიტყვას გამადიდებელი ლუპით აკვირდებიან და შეიძლება შენს წინააღმდეგ გამოიყენონ. ასეთი პრინციპი მოქმედებს და მერე გიწევს თავის მართლება.
„ჩემი შეფასებაა, რომ სტრატეგიულ კომუნიკაციებს უფრო მეტი ყურადღება მიექცეს. როგორ? სპეციალისტებმა, ვინც ღრმად და კარგად იცის სტრატეგიული კომუნიკაციების არსი, ყოველი გამოსვლის წინ მოუმზადონ სპიკერებს, ხელმძღვანელებს და პოლიტიკოსებს პასუხების ტექსტი იმ სავარაუდო კითხვებზე, რაც შეიძლება დაისვას ჟურნალისტებისგან, დამსწრე აუდიტორიის მიერ", - განაცხადა „რეზონანსთან" ზაალ ანჯაფარიძემ.
ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" საუბრისას ირაკლი კობახიძეს „უღირს პოლიტიკოსს" უწოდებს.
„კობახიძე არაკაცობისა და უღირსი პოლიტიკოსის ყველა რეკორდს ხსნის. მე 30 წელია პოლიტიკას ვაკვირდები საქართველოში და ასეთი პოლიტიკოსი საქართველოში მე არ მახსოვს.
„გამაოგნებელია კობახიძემ რაც თქვა. ადამიანი მოყვა როგორ გადარჩა, ცოცხალია, დაიღუპა უამრავი, 25 კაცი უკვე ნაპოვნია გვამი. ახალგაზრდა ყვება როგორ გადარჩა და როგორ გამოიყვანა ბავშვი. სურათებიც რომ არ არსებობდეს, გადარჩენილი ადამიანია და გიყვება ისტორიას - საიდან როგორ მოვიდა აქ. სპეციალისტი ხარ? გამოძიება ჩაატარე? დაადგინე, რომ იტყუება, თუ რაშია საქმე, როგორ შეიძლება ასე უაპელაციოდ პირი მოაღო და ილაპარაკო.
„მაშინ უნდა დაამტკიცო, რომ ტყუილია. აჩვენო, მაგალითად, კოსმოსიდან გადაღებული სურათები, თუ როგორ იტყუება ეს ადამიანი. სასწაული მოხდა, გადარჩა და იმის ნაცვლად, რომ ეს თქვა და აქციო გაკვეთილად და აქციო ადამიანის გადარჩენის უნიკალურ გამოცდილებად, პოლიტიკოსი ადამიანი, რომელიც სპეციალისტი არაა, უტიფრად ლანძღავს ადამიანს და ეჭვი შეაქვს მის გადარჩენაში. როგორ იტანენ საერთოდ ირაკლი კობახიძეს „ქართულ ოცნებაში", არ მესმის", - განაცხადა „რეზონანსთან" პაატა ზაქარეიშვილმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე