„იქ არის ორი ბანაკი და აზრი ორად არის გაყოფილი. ერთი ბანაკია, რომელიც აბობს, რომ საქართველოს უნდა მივცეთ კანდიდატის სტატუსი, რადგან ამას ხელისუფლება კი არა, ხალხი და ქვეყანა იმსახურებს. მეორე ბანაკი კი ამბობს, რომ საქართველო შესაძლოა ევროპაში რუსების ტროას ცხენი გახდეს - როგორც უნგრეთის შემთხვევაში მოხდა,“ - აცხადებს კონფლიქტოლოგი და ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი საქართველოსთვის ევროკავშირის სტატუსის მინიჭებაზე საუბრისას.
საქართველო ევროკავშირიდან კანდიდატის სტატუსის მიღებაზე პასუხის მოლოდინშია. ოქტომბრის მეორე ნახევარში ევროკომისიამ გაფართოვების ანგარიშის მიხედვით უნდა გვამცნოს, რა სახის რეკმენდაცია იქნება გაცემული. ხოლო გადაწყვეტილებების მისაღებად დეკემბერში ევროკავშირის 27 წევრის კონსენსუსი კვლავ საჭირო იქნება.
ყოფილი სახელწმიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ ხელისუფლება საზოგადოების შემზადებას ცდილობს, რადგან თუკი უარყოითი პასუხი იქნება, მაშინ ეს მტკივნეულად აღარ იყოს აღქმული და პასუხისმგებლობა აიცილონ. ზაქარეიშვილის თქმით, კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემთხვევაში თავზე ევროებს ნამდვილად არავინ დაგვაყრის, მაგრამ ის გრანტიები და დახმარება, რომელიც ევროპიდან წამოვა, ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
ოპოზიციაში კი მიაჩნიათ, რომ პარტნიორების სურვილის მიუხედავად, ქვეყანას სტატუსის მიღების საშუალებას ხელისუფლება არ აძლევს. პარტიებში, რომლებმაც სამუშაო ჯგუფებს თავის დროზე ბოიკოტი გამოუცხადეს, კვლავ იმეორებენ, რომ რეკომენდაციები შესრულებული არ არის.
თუკი ვინმეს ჰგონია, რომ როცა კანდიდატის სტატუსს მოგვანიჭებენ საქართველოში ევროები გადმოცვივდება, ეს ასე არ არის - კანდიდატის სტატუსი ორმა ქვეყანამ მიიღო, მაგრამ იქ ევროები არ ცვივა და რაიმე სასწაული არ ხდება, - ეს განცხადება ჟურნალისტებთან უმრავლესობის დეპუტატმა „ხალხის ძალიდან“ გურამ მაჭარაშვილმა გააკეთა. მისი თქმით, სტატუსის მიღება საბოლოო მიზნის მისაღწევად საჭიროა, მაგრამ ეს საქართველოსა და ქართველ ხალხს სავაჭრო საგნად არ უნდა ექცეს.
როგორც მაჭარაშვილმა ამ კონტექსტში აღნიშნა, საქართველო სტატუსის მინიჭებას იმსახურებს, ლიდერ ქვეყნად არის დასახელებული ასოცირებულ ტრიოში და ბევრი მიმართულებით ნატოს წევრ ქვეყნებსაც უსწრებს. მისივე აზრით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება თავად ევროკავშირის პოლიტიკის ინტერესშიც შედის.
„იმედი გვაქვს სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებენ - წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს რუსეთის სასარგებლო გადაწყვეტილება იქნება და დავრწმუნდებით იმაში, რომ რუსეთის პროპაგანდას უწყობენ ხელს. სწორედ რუსეთის პროპაგანდაა: აი, ნახეთ, როგორ გჩაგრავთ თქვენ დასავლეთი და არასამართლიანად გექცევათ.
თუკი სტატუსზე ისევ არასამართლიანად მიგვექცევიან, როგორ შარშან გააკეთეს, საბოლოოდ დავრწმუნდებით, რომ რუსული პროპაგანდისკენ არის საქმე, ვიდრე მის საწინააღმდეგოდ,“ - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ ხელისუფლება ციდლობს საზოგადოება უარყოფითი პასუხისთვის მოამზადოს. მისი აზრით, მაჭარაშვილისა განცხადებაც სწორედ ამას ემსახურება.
„ბრიუსელში ამ საკითხებზე სულ სამჯერ ვიყავი და თვე არ გავა, რომ საქართველოდან სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები არ ჩავიდნენ. ნებისმიერი ჩვენგანი ვცდილობთ მათ დარწმუნებას, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსის მიღებას იმსახურებს. ასევე ვეკითხებით, არის თუ არა ვინმე ოპოზიციიდან, ვინც ეუბნება, რომ „ოცნების“ პირობებში ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი არ უნდა მიიღოს. ყველა იფიცება, რომ მსგავსი არაფერი ხდება და ოპოზიციის წარმომადგენელი არცერთი წევრი მსგავს არაფერს ამბობს. უფორ მეტიც, დეკემბრამდე არავის ეცოდინება კანდიდატის სტატუსს მოგვცემენ თუ არა. ჯერ გადაწყვეტილი არაფერია.
იქ არის ორი ბანაკი და აზრი ორად არის გაყოფილი. ერთი ბანაკია, რომელიც აბობს, რომ საქართველოს უნდა მივცეთ კანდიდატის სტატუსი, რადგან ამას ხელისუფლება კი არა, ხალხი და ქვეყანა იმსახურებს. მეორე ბანაკი კი ამბობს, რომ საქართველო შესაძლოა ევროპაში რუსების ტროას ცხენი გახდეს - როგორც უნგრეთის შემთხვევაში მოხდა. მათ ხალხთან არა აქვთ პრეტენზიები, მაგრამ ჩვენს ხელისუფლებას ეჭვის თვალით უყურებენ. ამ ფონზე საქართველო ხომ არ გახდება უნგრეთი და ბელორუსია ევროპაში? თუმცა მეც და ყველა სხვა ქართველი, ვინც ბრიუსელში ევროპელებს ველაპარაკებით, ვეუბნებით, რომ თუ ახლა კანდიდატის სტატუსს არ მოგვცემთ, ჩვენ მოლდოვეთს და უკრაინას ჩამოვრჩებით. ამით კი საბოლოო ჯამში რუსეთი გაიმარჯვებს“, - ამბობს ზაქარეიშვილი „რეზონანსთან“.
მისივე თქმით, მაჭარაშვილი და თავად „ქართული ოცნებაც“, ხალხს არასწორ ინფორმაციას აწვდიან და ზუსტად არ ეუბნებიან, რა სიკეთე შეიძლება კანდიდატის სტატუსის მინიჭების შედეგად ქვეყანამ მიიღოს.
„ხალხს ზუსტად უნდა განვუმარტოთ, რა სიკეთეს მოგვცემს რეალურად კანდიდატის სტატუსის მიღება. სტატუსის მიღების შემთხვევაში, პირველ რიგში, დაიწყება მსჯელობა იმაზე, როგორ შეიძლება ჩვენი კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარება. გარდა ამისა, ჩვენს ინტერესებშია ინტეგრაციის საკითხები იყოს მკაფიო, ეროვნული და ეთნიკური უმცირესობების საკითხების მოგვარება მოხდეს, რათა აფხაზების და ოსების შემორიგება გამარტივდეს. როგორც კი კანდიდატის სტატუს მოგვცემენ, ასევე წინ წამოვა სხვადასხვა რეფორმების განხორციელების საკითხი და ჩვენი ქვეყნის დემოკრატიისკენ სწრაფვის ხელშეწყობა მოხდება. უამრავი სხვა მნიშვნელოვანი დახმარება წამოვა, მათ შორის ფინანსური.
იქნება უფრო მეტი გრანტი და დახმარება იმისთვის, რათა მოხდეს სასამართლო რეფორმა, განათლების სექტორის გაუმჯობესება, სოფლის მეურნეობის განვითარება და სხვა უამრავი რეფორმის განხორციელება შევძლოთ, რომელიც ჩვენს ქვეყანას სასიცოცხლოდ სჭირდება. ირაკლი კობახიძემ თქვა ადრე, ევროპიდან ფულს ისედაც ვიღებთო. კი ბატონო, მაგრამ ხომ უფრო მეტ დახმარებას მივიღებთ?! ფულს არავინ გვაძლევს იმისთვის, რომ კობახიძემ და სხვა მაღალჩინოსნებმა ვილები აიშენონ და კომფორტულად იცხოვრონ. არამედ იმიტომ, რომ ქვეყანა განვითარდეს და ხალხმა უკეთეს პირობებში იცხოვროს. იმედი მაქვს, რომ ამ ორი ჯგუფიდან ის ჯგუფი გაიმარჯვებს, ვინც მომხრეა, რომ სტატუსი მოგვცენ. სხვაგვარად ევროპელებიც აცნობირებენ, რომ საქართველოს დაკარგავენ და ხალხი ამისთვის ნამდვილად ცოდოა“, - ამბობს ზაქარეიშვილი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე