ნაზი ბერიძე
(10.08.2023)

მართალია, არჩევნებამდე წელიწადზე მეტია დარჩენილი, თუმცა პარტიული რეიტინგების გაზომვაზე მუშაობა უკვე მიდის. ცხადია, რომ ორი პოლიტიკური ძალა - „ოცნება" და ენმ - დიდი სხვაობით უსწრებს სხვებს, რომლებსაც 5%-იანი ბარიერის გადალახვის სერიოზული პრობლემა აქვთ. რა უნდა გააკეთონ პატარა პარტიებმა, რომ პოლიტიკურ მეინსტრიმში დარჩნენ? შესაძლებელია თუ არა მესამე პოლიტიკურ ცენტრის შექმნა? ამაზე „რეზონანსი" პოლიტიკის ექსპერტებს ესაუბრა.

პოლიტიკის ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, „რეზონანსთან" პოლიტიკური პარტიების რეიტინგებზე საუბარს ახლა არარელევანტურად მიიჩნევს, რადგან წინ კიდევ ერთი წელია და უამრავი პოლიტიკური პროცესი გველოდება რაც ამომრჩევლის განწყობაზე მოახდენს გავლენას.

„2024 წლის არჩენებამდე ძალიან ბევრი პოლიტიკური მოვლენა არის მოსალოდნელი ჩვენს ქვეყანაში. ასევე ძალიან ბევრი სოციალური მოვლენა და შესაბამისად ის ფაქტორები, რაც განსაზღვრავს პოლიტიკური პარტიების რეიტინგს ან ცალკეული პოლიტიკოსების მიმართ მოსახლეობის ნდობას, დამოკიდებულია იმაზე თუ როგორ განვითარდება პროცესები. ამიტომაც მე ახლა გამოქვეყნებულ სოციოლოგიურ გამოკითხვებს ცოტა არ იყოს არარელევანტურად მივიჩნევდი, იმიტომ რომ ეს არ არის ის პერიოდი, როდესაც ჩვენ შეგვიძლია ზუსტად გავიგოთ საზოგადოების განწყობა. ძალიან ბევრი ფაქტორი შეიძლება იყოს ისეთი, რამაც შეიძლება გამოკითხვებში არსებული განწყობა შეცვალოს.

„კონკრეტულად რამ შეიძლება შეცვალოს? აი, მაგალითად, ჩვენ ყველა ველოდებით ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის სტატუსის მინიჭებას, მეორე, კიდევ ერთი ფაქტორი არის შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებული მოვლენები და რამდენად ადეკვატურად გამოვა ხელისუფლება ამ საჩითირო სიტუაციიდან. ვფიქრობ ეს უფრო ჭიქაში ატეხილ ქარშხალს ჰგავს ოპოზიციის მხრიდან, მეორე მხრივ მნიშვნელოვანია როგორი იქნება სოციალურ-ეკონომიკური ვითარება ქვეყანაში. რამდენად კმაყოფილი იქნება მოსახლეობა ვთქვათ მისი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობით, ესეც რა თქმა უნდა განაპირობებს მის სიმპათია-ანტიპათიებს და მის არჩევანს მისცეს ხმა ისევ ხელისუფლებას თუ იფიქროს ალტერნატიული ძალების მხარდაჭერაზე," - განაცხადა „რეზონანსთან" ზაალ ანჯაფარიძემ.

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ პირველ-მეორე ადგილზე ვინ გავა, ახლაც ცნობილია, წვრილმა პარტიებმა კი უნდა მოიზიდონ ის გადაუწყვეტელი ამომრჩეველი რომელიც დაახლოებით ამ დროისთვის 500 ათასს შეადგენს.

„ძალიან მნიშვნელოვანია ამ მონაცემებში შეადარონ რანჟირება როგორია, პირველი, მეორე ადგილი გასაგებია, როგორც ჩანს მესამეც გასაგებია, „ქართული ოცნება", „ნაციონალური მოძრაობა", „საქართველოსთვის", „ლელო" და ა.შ. ეს სხვაობაა მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ იმის მიხედვით თუ როდის ჩატარდა არჩევნები, რა თქმა უნდა, ამომრჩევლის სიმპათია-ანტიპათიები იცვლება, მაგრამ მნიშვნელოვანი აქ არის არა ის, თუ ვის რამდენი პროცენტი აქვს ამ შემთხვევაში, არამედ ის რომ ყველა გამოკითხვაში „ქართული ოცნება" პირველ ადგილზეა, „ნაციონალური მოძრაობა" მეორეზე, „საქართველოსთვის" მესამეზე, „ლელო" კი მეოთხე ადგილზე. სხვადასხვა გამოკითხვაში შეიძლება პროცენტები სხვადასხვა იყოს, მაგრამ რანჟირება არ იცვლება. ანუ ყველა ვარიანტში, ყველა გამოკითხვით „ქართული ოცნება" იქნება პირველ ადგილზეა, მეორეზე რა თქმა უნდა იქნება „ნაციონალური მოძრაობა", და, აი, აქ იქნება მნიშვნელოვანი ვინ გადალახავს 5%-იან ბარიერს.

„5% იანი ბარიერის გადალახვის თეორიული შანსი აქვს არა ერთს, არამედ ორ და სამ დაჯგუფებასაც კი, მაგრამ თეორიული შანსი ამ ერთი წლის განმავლობაში რომ გადააქციონ რეალურ შანსად, ამას უნდა ძალიან ღრმა ანალიზი გადაუწყვეტელ ამომრჩეველთან ძალიან სწორი და მიზანმიმართული მუშაობა.

„ქართულ ოცნებას" და „ნაციონალურ მოძრაობას" შეიძლება ითქვას რომ საარჩევნო პროგრამა საერთოდ არ სჭირდება მას ჰყავს მყარი ამომრჩეველი და ეს ამომრჩეველი მას ნებისმიერ ვარიანტში მისცემს ხმას. ისინი პროგრამაზე არ არიან დამოკიდებული, მათ სხვა მიზნები აქვთ. ერთს ხელისუფლების შენარჩუნება უნდა და მთელი სახელისუფლებო ვერტიკალი აღნიშნული მიმართულებით მუშაობს და მეორეს ხელისუფლებაში მოსვლა უნდა და ის იმ ძველი სახელისუფლებო ვერტიკალით მუშაობს, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჰქონდა. მესამე ჯგუფმა უნდა მოძებნოს სწორი მიმართულება, რომ ის გადაუწყვეტელი ამომრჩეველი მოიზიდოს. მესამე ჯგუფი ეს არის ელექტორატი, დაახლოებით 500 ათასი კაცი, რომელსაც არც „ქართული ოცნება" უნდა და არც „ნაციონალური მოძრაობა". წვრილმა პარტიებმა სწორედ ამაზე უნდა იმუშაონ. ამისთვის საჭიროა დაჯგუფდნენ სწორად, რადგან ცალ-ცალკე ვერ შეძლებენ წარმატებას და ამასთანავე სწორი პროგრამა უნდა შეიმუშაონ. ეს არის ორი ურთულესი ამოცანა უნდა გადაწყვიტონ, სხვა გზა არ არის," - განაცხადა „რეზონანსთან" ვახტანგ ძაბირაძემ.

2023 წლის ივნისში ჩატარებული „ედისონ რისერჩის" საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, პასუხები კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, პასუხები ასე ნაწილდება:

• ქართული ოცნება - 37%

• ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 25%

• საქართველოსთვის - 6%

• ლეიბორისტული პარტია - 5%

• ლელო - 4%

• გირჩი - მეტი თავისუფლება (ზურაბ ჯაფარიძე) - 4%

• სტრატეგია აღმაშენებელი - 3%

• ხალხისთვის (ანა დოლიძე) - 3%

• გირჩი (იაგო ხვიჩია) - 3%

• დროა - 2%

• ალტ ინფო - 2%

• მოქალაქეები - 2%

• ხალხის ძალა - 2%

• ევროპული საქართველო - 1%

• პატრიოტთა ალიანსი - 1%

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტმა (აირაი) 2023 წლის აპრილში საზოგადოებრივი აზრის კვლევა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, პოლიტიკური პარტიებიდან მხოლოდ ორს აქვს 3 პროცენტზე მაღალი მხარდაჭერა. გამოკითხული მოსახლეობის მხარდაჭერა პარტიებს შორის ასე გადანაწილდა:

• "ქართული ოცნება" - 19%;

• "ნაციონალური მოძრაობა" - 14%;

• "საქართველოსთვის" - 3%;

• "გირჩი - მეტი თავისუფლება" - 3%;

• "ლეიბორისტული პარტია" - 2%;

• "ლელო" - 2%;

• "გირჩი" - 2%;

• "სტრატეგია აღმაშენებელი" - 2%;

• "ხალხისთვის" - 2%;

• "მოქალაქეები" - 2%;

• "კონსერვატიული მოძრაობა" - "ალტ-ინფო" - 1%;

• "დროა" - 1%;

• "ევროპული საქართველო" -1%;

• "პატრიოტთა ალიანსი" - 1%-ზე ნაკლები;

• "ხალხის ძალა" - 1%-ზე ნაკლები;

• სხვა პარტიები - 1%-ზე ნაკლები;

• გაფუჭებული კითხვარი - 11%;

• ხმას არავის მისცემდა - 5%;

• არ ვიცი - 20%;

• უარი პასუხზე - 7%.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე