
2008 წლის აგვისტოს ომიდან 15 წლის შემდეგ დღევანდელი ხელისუფლება საქართველოს ტერიტორიების, ახალგორისა და კოდორის, რუსეთის მიერ ანექსირებაში, ომის თავიდან ვერ აცილებაში და უუნარობაში წინა მთავრობას, ანუ „ნაციონალურ მოძრაობას" სდებს ბრალს. სამხედრო ანალიტიკოსები „რეზონანსთან" კოდორისა და ახალგორის დაკარგვის ორ სცენარზე საუბრობენ.
„ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმს როგორც არაფერი გაუკეთებია ომის თავიდან ასაცილებლად, ასევე არაფერი გაუკეთებია კოდორის ხეობის შესანარჩუნებლად, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ განაცხადა.
„კოდორის ხეობის ჩაბარება არის „ნაციონალური მოძრაობის" დანაშაულებრივი და მოღალატეობრივი საქმიანობის კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითი. ჩვენ არასოდეს დაგვიკარგავს კონტროლი კოდორის ხეობაზე. კონტროლის შენარჩუნების თვალსაზრისით, მყარი პოზიციები გვქონდა, პრაქტიკულად სოხუმის თავზე ვიყავით და იქ სტრატეგიულ პოზიციებს ვინარჩუნებდით. ეს იყო ჩვენი უდიდესი სტრატეგიული უპირატესობა და ეს იყო დიდი თავის ტკივილი და დისკომფორტი მტრისთვის. კოდორის ხეობაზე წინააღმდეგობის გაწევა შეუძლებელი იყო, ამის გარანტი იყო როგორც ხეობის უნიკალური გეოგრაფიული მახასიათებელი, ასევე ჩვენი ჯარისკაცების თავდადება, გმირობა, მაგრამ ხეობის დატოვების გადაწყვეტილება და ხეობის მტრისთვის ბრძოლის გარეშე ჩაბარება იყო ღალატი, დანაშაული, საქართველოს რუსეთისთვის ჩაბარების გეგმის ნაწილი.
„ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმს როგორც არაფერი გაუკეთებია ომის თავიდან ასაცილებლად, რაც იყო რთული, მაგრამ სრულიად შესაძლებელი, ზუსტად ასევე არაფერი გაუკეთებია კოდორის ხეობის შესანარჩუნებლად. პირიქით, ხეობის მტრისთვის გადასაცემად ნაბიჯები უბრძოლველად გადადგა. „ნაციონალური მოძრაობის" მავნებლობა ომამდეც და მას შემდეგაც არის საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის ძირის გამოთხრა. სწორედ მათ გაწირეს ქვეყანა დაქუცმაცებისთვის, ოკუპაციის, სრული კრახისთვის", - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.
გადამდგარი გენერალი ვახტანგ კაპანაძე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ახალგორისა და კოდორის დაკარგვას მაშინდელ არაორგანიზებულ ქაოსურ და პანიკაში მყოფ ხელმძღვანელობას უკავშირებს, რომელიც სავსებით გაუბედავი აღმოჩნდა.
„არასწორი ხელმძღვანელობით, ხელმძღვანელობის სრული პანიკით, ეს იქნება სამხედრო თუ პოლიტიკური ხელმძღვანელობა, კოდორიდან ისე გამოვიდნენ, რომ ვერ გაარკვიეს ვინ იყო დაჯგუფების ხელმძღვანელი. იქ იყო შინაგანი ჯარები, იქ იყო თავდაცვის ძალები. წესით, ომი რომ დაიწყო, თავდაცვის ძალებზე უნდა გადასულიყო ხელმძღვანელობა, გაურკვევლობა იყო, ვერაფერი ვერ გაარკვიეს და მიატოვეს ყველაფერი და გამოვიდნენ იქედან. რაც იყო დაუშვებელი, მე მიმაჩნია რომ კოდორის დაკარგვა იყო სტრატეგიული შეცდომა.
„ახალგორზეც დაახლოებით იგივე შემიძლია გითხრათ, თუკი შეტევაზე გადადიხარ და გინდა, რომ დაასწრო მოწინააღმდეგეს იგივე ცხინვალის რეგიონის მნიშვნელოვანი პუნქტების დაკავება, ისიც ხომ უნდა გაითვალისწინო, რომ თუკი იქ მოწონააღმდეგე გადმოვა შეტევაზე, რატომ არ იყო ორგანიზებული თავდაცვა ახალგორის? რატომ დატოვეს? სრული პანიკა და ქაოსი სუფევდა. სამხედრო ხელმძღვანელობა უუნარო აღმოჩნდა, პოლიტიკური ხელმძღვანელობა გაუბედავი," - განაცხადა „რეზონანსთან" ვახტანგ კაპანაძემ.
მისგან განსხვავებით, სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" ახალგორის და კოდორის როგორც სამხედრო სტრატეგიული მნიშვნელობის პლაცდარმის დაკარგვაშიც მაშინდელ ხელისუფლებას, განსაკუთრებით კი შს ექსმინისტრ ვანო მერაბიშვილს ადანაშაულებს.
„ზემო კოდორი იყო ფაქტობრივად მიუვალი და კარგად გამაგრებული ადგილი. აფხაზები და რუსები ვერ ახერხებდნენ მის ხელში ჩაგდებას 1993 წლის მერე. რუსებმა სპეციალური სადესანტო ოპერაცია განახორციელეს 2001 წელს, რომ ხელში ჩაეგდოთ კოდორი და მაშინ სწორედ კობა კობალაძის მეშვეობით მოხდა ხეობის ღირსეული დაცვა და რუსული დესანტის განიარაღება. ეს არის ერთი ეპიზოდი.
„2006 წლის განმავლობაში კიდევ იყო მცდელობები რომ მომხდარიყო კოდორის დაკავება და მაშინ რუსეთის სპეცნაზი იქნა განადგურებული ქართული ძალოვანი სტრუქტურების მიერ.
„მაგრამ აგვისტოს ომის პერიოდში მოხდა უცნაური რამ - კოდორის ხეობა იქნა უბრძოლველად ჩაბარებული მტრისთვის. ბრძანება, როგორც მე ვიცი, გასცა ვანო მერაბიშვილმა და ეს მას ეკისრება, მე ვიტყოდი, დანაშაულებრივ ქმედებაზე პასუხისმგებლობა, ისევე როგორც ძალიან ბევრი კითხვა არსებობს ვანო მერაბიშვილის და მისი გუნდის მონაწილეობაზე აგვისტოს ომის პერიოდში.
„აქ კიდევ ერთი ნიუანსია, ამბობენ, რომ როდესაც ზუგდიდი დაიკავეს ოკუპანტებმა, იქიდან შეეძლოთ ასეულიყვნენ და დაეკავებინათ კოდორი, მაგრამ ეს არის მტკნარი სიცრუე, იმიტომ რომ იმ ასასვლელის დაბომბვა ყოველთვის შეიძლებოდა.
„ზემო კოდორის მაშინდელი სამხედრო დაჯგუფება მოიცავდა დაახლოებით სამი ათას კარგად იყვნენ შეიარაღებულ ადამიანს და მათთზე გასვლა თუნდაც ეგრეთწოდებული ჯვრის მონაკვეთის კუთხიდანაც შეუძლებელი იქნებოდა, იმიტომ რომ ბოლოს და ბოლოს ჩვენები ჩახერგავდნენ ამ გზას და რუსები ვეღარ ავიდოდნენ ამ გზით. შესაბამისად შეგვეძლო შეგვენარჩუნებინა ეს პლაცდარმი.
„მაგრამ გაიცა ბრძანება, ჯარსაც მოუწია ამ ბრძანების შესრულება და უკან დახევა, რამაც სერიოზული ზარალი მიაყენა ჩვენს თავდაცვისუნარიანობას. ფაქტიურად მოსპო დასავლეთ საქართველოში უკანასკნელი საბრძოლო წინააღმდეგობის წერტილი, რომლითაც ჩვენ შეგვეძლო შეგვეჩერებინა რუსული აგრესია თუნდაც იგივე ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე. და, შეგვეძლო სარკოზის მედვედევისა და სააკაშვილის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დოკუმენტშიც შეგვენარჩუნებინა ეს საკითხი და იქ ჩვენი პლაცდარმი დღეს იქნებოდა საკმაოდ მყარი.
„მაგრამ, როგორც ჩანს, რუსულმა გავლენის აგენტურამ იმუშავა ხუთიანზე და ფაქტიურად შეასრულეს ეს დავალება. არც იმას გამოვრიცხავ, რომ იგივე რეინჯერმა დათო ცინდელიანმა და როინ შავაძემაც იცოდნენ ეს ამბავი და ვინც ვინც ისინი მხეცურად მოკლა, როგორც ჩანს, ისინიც მონაწილეობდნენ ვანო მერაბიშვილის და სხვათა დავალებების შესრულებაში. ვანო მერაბიშვილი არის რუსეთის გავლენის აგენტი, მე მაქვს ამის მტკიცებულებები. თუ უნდა მთავარ პროკურატურას გამოიკვლიოს და წაუყენოს ვანო მერაბიშვილს სამშობლოს ღალატი და ჯაშუშობის მუხლი.
„ახალგორს რაც შეეხება, ახალგორის დაკავება რუსებმა განახორციელეს ოპერატიული-სტრატეგიული მოსაზრებებით, რათა მათ შემდგომში მინიჭებოდა პოლიტიკური ნიშა, იმიტომ რომ ახალგორის რაიონის გარეშე სამხრეთ ოსეთის ეგრეთ წოდებულ რესპუბლიკას აზრი არ ექნებოდა. იმიტომ, რომ ახლა ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა მოიცავს ოთხ რაიონს, ახალგორის გარეშე იქნებოდა მხოლოდ სამი რაიონი, რაც არ იქნებოდა მათთვის ოპტიმალური და მისაღები, ამიტომ ეს გაკეთდა იმისათვის რომ ოთხი რაიონის საფუძველზე შეექმნათ ეგრეთწოდებული თვითმარქვია სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკა. როგორც იცით, ახალგორის დაკავებით რუსული სამხედრო ინფრასტრუქტურა თბილისს მიუახლოვდა 30 კილომეტრში, ანუ იქედან შეიძლება ზალპური სარაკეტო ცეცხლსასროლი სისტემებიდან თბილისის მუდმივი დაბომბვა, იქედან შეიძლება სამხედრო აქციის ჩატარება დავუშვათ გადაკეტვა თბილისი-გორის ტრასის, შესაბამისად ეს ბევრ ნიუანსს მოიცავს, ახალგორიდან შეიძლება მოხდეს გაჭრა კახეთის მიმართულებითაც, თუ დასჭირდათ ეს რუს ოკუპანტებს", - განაცხადა"რეზონასთან" ვახტანგ მაისაიამ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



