მართლა რომ საგამოძიებო კომისია შეიქმნას, ამოტივტივდება, რომ დღევანდელ ხელისუფლებას როგორი შეცდომებიც აქვს დაშვებული, ამაზე მეტი წინა ხელისუფლებამ დაუშვა. წინა ხელისუფლებამ მთელი სამეცნიერო დარგები გაანადგურა, რომლებიც ასეთი შემთხვევების პრევენციას სჭირდება - ამის შესახებ „რეზონანსთან" კავკასიის საკითხების ექსპერტმა მამუკა არეშიძემ განაცხადა, ოპოზიციის ინიციატივებზე საუბრისას.
ენმ შოვის ტრაგედიაზე პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს, ხოლო „ლელო" აცხადებს, რომ რიკოთის უღელტეხილის რეაბილიტაცია დარღვევებით მიმდინარეობს და მზადაა მონიტორინგში ჩაერთოს თუ ამის შესაძლებლობა იქნება.
როგორც მამუკა არეშიძე გვეუბნება, ენმ-ს რეალურად საგამოძიებო კომისიის შექმნა არ აწყობს, ეს უფრო პოლიტიკურ დემარშს ჰგავს.
„ეს უფრო პოლიტიკური მიზანია, ვიდრე რეალურად საქმის გამოკვლევა-გაგების სურვილი. მართლა რომ საგამოძიებო კომისია შეიქმნას, მაშინ ამოტივტივდება, რომ დღევანდელ ხელისუფლებას როგორი შეცდომებიც აქვს დაშვებული, ამაზე მეტი წინა ხელისუფლებამ დაუშვა. წინა ხელისუფლებას დანაშაულები აქვს იმ თავლსაზრისით, რომ მთელი სამეცნიერო დარგები გაანადგურა, რომლებიც ასეთი შემთხვევების პრევენციას სჭირდება.
„დარწმუნებული ვარ, რომ არავითარი საგამოძიებო კომისია მათ არ სჭირდებათ, უბრალოდ ერთგვარი პოლიტიკური დემარშია. ძალიან კარგად იციან, რომ არ გამოუვათ, მაგრამ მერე სათქმელად რომ ჰქონდეთ, რომ აი ჩვენ კომისიის შექმნა გვინდოდაო. რთული სათქმელია ამ თემებს შემდგომი აქციებისთვის გამოიყენებენ თუ არა, მაგრამ საბოლოო ჯამში უარყოფითი განწყობების კონცენტრირებისთვის დასჭირდებათ. ამას აუცილებლად გამოიყენებენ, რომ ორი კომისია ვერ შევქმენით და ხელისუფლება ყველაფერში ხელს გვიშლისო.
„მთლიანად ქვეყანა უაღრესად პოლიტიზირებულია და შოვის ტრაგედიის კი არა ყველაფრის პოლიტიზირება შეიძლება, ფონია შესაბამისი, რომ ონკანში წყალი რომ არ მოდის და წვიმა, რომ წამოვა, ესეც პოლიტიკურ ჭრილში გადაიტანონ. უბედურება ისა, რომ პოლიტიკური ელიტის დიდ ნაწილს ვითარების შეცვლა საერთოდ არ აინტერესებს",- განაცხადა არეშიძემ.
კითხვაზე, ვითარების შეცვლაში რა იგულისხმება, ექსპერტმა გვითხრა, რომ პოლიტიკური ელიტის მხრიდან, ბუნებრივ კატაკლიზმებთან დაკავშირებული შესაბამისი სამეცნიერო დაწესებულებების განვითარება გაატქიურება და მასში ფულის ჩადებაა მნიშვნელოვანი.
„ვითარება უნდა გამოსწორდეს, მაგალითად ბუნებრივ კატაკლიზმებთან დაკავშირებით ამდენი შემთხვევა მოხდა, შესაბამისი სამეცნიერო დაწესებულებების მუშაობის გააქტიურება და ამაში ფულის ჩადება ხომ შეიძლებოდა?! მამაჩემი გეოლოგი იყო და მახსოვს, რომ ყოველ ზაფხულს სახიფათო ზონების მონიტორინგი მათ შორის რაჭის მთებთან დაკავშირებით მყინვარების შესწავლა მიდიოდა, თუ რა ცვლილებები იყო. მერე შესაბამისი რუკები იდებოდა.
„ძალიან კარგად მახსოვს, გეოლოგიის დეპარტამენტი და გეოლოგიური ინსტიტუტები როგორ განადგურდა, როგორც განადგურდა მაგალითად ვაკეში განლაგებული ცნობილი კავკასიის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტი - უნიკალურ ექსპონატებს, რუკებს და სხვა ნივთებს ფანჯრიდან რომ ყრიდნენ, რომელიც წლების განმავლობაში იყო მოპოვებული. დღეს იქ კომერციული ფართია.
„როცა გარეჯის საკითხში ვიყავი ჩართული, ადრე კომუნისტების დროს რუკები სადაც იყო განლაგებული, იქ რომ მივედით ცარიელი კედლები დაგვხვდა. ამას იმიტომ ვამბობ,რომ საქართველოს ასეთი ტიპის დარგების აქტიური აღდგენა და ამ მიმართულებით სერიოზული მუშაობა სჭირდება, რადგან ამ ქვეყანას ვერავითარი ტურიზმი ვერ გადაარჩენს, როცა ტურისტი დარწმუნებული არაა იმაში, რომ ხვალ ცოცხალი გადარჩება",-განაცხადა მამუკა არეშიძემ „რეზონანსთან".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე