ნებისმიერი გარემოებისა და კრიტერიუმის მიხედვით, საქართველომ მიაღწია კონდიციას, რაც კანდიდატის სტატუსის მინიჭებას განაპირობებს - თუკი სტატუსი ეკუთვნოდა მოლდოვასა და უკრაინას, რასაკვირველია, ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ეკუთვნის, -ამის შესახებს ჟურნალისტებს უმრავლესობის დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ განუცხადა. ექსპერტები კი ფიქრობენ, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს არა რეკომენდაციების შესრულებიდან გამომდინარე მიიღებს, არამედ ეს იქნება ევროკავშირის პოლიტიკური გადაწყვეტილება - სტატუსი მიენიჭება ხალხს.
სარჯველაძის შეფასებით, საქართველოს აქვს ყველა მოცემულობა იმისთვის, რომ მას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს.
„არა მხოლოდ თავსებადობის თვალსაზრისით, ევროპაშიც კარგად ხვდებიან, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიცემა მათ შორის ევროპისთვისაც მნიშვნელოვანია. მათი მხრიდან გაფართოების პერსპექტივაზე საუბარი არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. იმის გაცნობიერება ხდება, რომ თავის დროზე, როცა საქართველოს სტატუსი არ მიეცა, ეს მართებული გადაწყვეტილება არ იყო.
ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ გამართლდება პროგნოზები, რომელიც მათ შორის მედია წრეებში კეთდება. თუკი სტატუსის მინიჭება მოლდოვასა და უკრაინას ეკუთვნოდა, რა თქმა უნდა, ეკუთვნოდა საქართველოს. აქედან გამომდინარე მაღალია მოლოდინიც",-განაცხადა სარჯველაძემ.
„ქართული ოცნების" დეპუტატი ამბობს რომ ოპოზიციის ნაწილი მოტივირებულია, ამ მიმართულებით რომ ქვეყნის წარმატებას ხელი შეუშალოს.
„შეფასებებში არიან არა უბრალოდ ტენდენციური, არამედ უსაფუძვლო არგუმენტებით შეიარაღებული. ჟღერადი ეპითეტების გარდა, საგნობრივად ვერცერთ ისეთ საკითხზე ვერ საუბრობენ, რაც შეუსრულებელი დარჩა.
„სასამართლო რეფორმას ფასადურს უწოდებენ, მაგრამ კონკრეტული არაფერი აქვთ სათქმელი. საუბარია რაღაც ეფემერულ ცვლილებებზე, რომლის გაუტარებლობაზე მუდმივად გვესმის კრიტიკა, მაგრამ, როცა საქმე საქმეზე მივა, ვითხოვთ და ვსვამთ კითხვას - რა უნდა იყოს ცვლილება, ან არ გვაწვდიან არაფერს ან გვაწვდიან მცდარ და არასწორ ინიციატივებს, როგორიც იყო მაგალითად იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორმაგი 2/3-ის შემოღების ინიციატივა.
დეპოლარიზაციისკენ ხელისუფლების მხრიდან უკლებლივ ყველა ნაბიჯი გადაიდგა. დიდი ინიციატივები იქნა წარმოდგენილი საიმისოდ, რომ ასეთი პროგრესი დაწყებულიყო. ირაკლი კობახიძემ ყველა კარი გახსნა, რომ თითოეულ საკითხზე ერთობლივად გვემუშავა და რეკომენდაციების შესრულებაზე ერთად მიგვეღწია წარმატებისთვის, მაგრამ გაიხსენეთ, ოპოზიციამ იმთავითვე პროცესის ბოიკოტი შემოგვთავაზა,"-განაცხადა სარჯველაძემ.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსთან" საუბარში აღნიშნავს რომ საქართველოს მიმართ ევროკავშირის და ევროკომისიის დადებითი განწყობები შეინიშნება, რაც კანდიდატის სტატუსის მოპოვების შანსს ზრდის.
„შანსები რა თქმა უნდა რეალური არის. ბრიუსელიდან, კულუარებიდან მოდის ამბები, მათ შორის ჩემი კოლეგებიდან, რომ ევროკომისია დადებითად უყურებს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების სტატუსს. თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილებას იღებენ ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის წარმომადგენლები და ამ თემაზე შეხვედრა არის დეკემბერში ჩანიშნული.
„თუნდაც ერთმა წევრმა ქვეყანამ რომ უარყოფითი მოსაზრება გამოხატოს, გადაწყვეტილებას ვერ მიიღებენ. თუმცა, იმედი არის, იქედან გამომდინარე, თუ გადავხედავთ საქართველოს ოფიციალური პირების ვიზიტების მარშრუტს ბოლო თვეების განმავლობაში ევროპაში. დიდი ალბათობით, ეწვივნენ იმ ქვეყნების დედაქალაქებს, სადაც შედარებით სკეპტიკური განწყობები იყო საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე. მე ამას დაზუსტებით არ ვამბობ, მაგრამ, როგორც დიპლომატიაში და პოლიტიკაშია მიღებული, საჭიროა მეტი კომუნიკაცია და მეტი შეხვედრა იმ მხარესთან, სადაც გარკვეულწილად რაღაც გაუგებრობები არსებობს.
„თუმცა, იმედი ვიქონიოთ, რომ ევროკომისია ბოლომდე საქართველოს მხარდამჭერი იქნება მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენელთა შესაბამის შეხვედრაზე, და ასევე იმედი ვიქონიოთ რომ 27-ვე ქვეყანა ერთსულოვნად იქნება კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხში" - განაცხადა „რეზონანსთან" გია აბაშიძემ.
საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, ჯიპას პროფესორი გიორგი კობერიძე „რეზონანსთან" „ქართული ოცნების" შეფასებებს და მოლოდინებს გადაჭარბებულად მიიჩნევს და ფიქრობს რომ საქართველოს ხალხს შეიძლება მიანიჭონ კანდიდატის სტატუსი, რაღაც დათქმებით, რომლებიც მოგვიანებით შესრულდება.
„თვითონ სარჯველაძეს რატომღაც გამორჩა, ან ვერ შეაფასა ეს მოვლენები, იმიტომ, რომ პოლარიზაციისა და დეოლიგარქიზაციის საკითხი, ისე როგორც სასამართლოს რეფორმის საკითხი მაინც და მაინც კარგად შესრულებული არ არის და საბოლოო ჯამში დეპოლარიზაციის საკითხი არა თუ შესრულებული არ არის, არამედ ზოგიერთ შემთხვევაში დამძიმებულიც კი შეიძლება იყოს პროცესები.
„ამ გაგებით, მე ვფიქრობ რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი უნდა მიანიჭონ არა იმიტომ, რომ მაინც და მაინც ყველაფერი შეასრულა, საქართველოს კანდიდატის სტატუსი უნდა მიანიჭონ იმიტომ, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა იყოს ეს და არა ინსტიტუციური, ან რაღაცა რეკომენდაციების შესრულებიდან გამომდინარე.
„საქართველოს თუ არ მიანიჭეს აღნიშნული სტატუსი შეიძლება ამან გამოიწვიოს კიდევ უფრო მეტად პრორუსული კურსის განვითარება საქართველოში.
„ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თავად ქართველ ხალხისთვის, რომელმაც ევროკავშირში ინტეგრაციისთვის იბრძოლა, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება იქნება დამატებითი დიდი მოტივაცია ქვეყნის დემოკრატიზაციის ხელშეწყობისთვის და რაც მთავარია ხელისუფლებას მოსთხოვონ მეტი" - განაცხადა „რეზონანსთან" გიორგი კობერიძემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე