ქართულ პოლიტიკურ ველზე უკვე გაჩნდა მონახაზები, როგორ აპირებს ესა თუ ის პოლიტიკური ჯგუფი 2024 წლის არჩევნებისთვის ბრძოლას. ოპოზიციაში გადაჯგუფებამ სტარტი უკვე აიღო და პირველი ალიანსიც შედგა, "ნაციონალური მოძრაობის" ნაწილსა და "სტრატეგია აღმაშენებელს" შორის; თუმცა, ამ ორი პოლიტიკური ძალის "გამარჯვების პლათფორმას" ამ დრომდე არ იზიარებენ სხვა ოპოზიციური პარტიები.
"ლელო" ახალ ალტერნატიულ ცენტრს ქმნის და კონსულტაციებს ისეთ პოლიტიკური ძალებთან მართავს, რომლებსაც არც "ქართული ოცნება" უნდა და არც "ნაციონალური მოძრაობა".
გახარიას პარტიაში აცხადებენ, რომ არცერთ პოლიტიკურ ძალასთან არ აპირებენ გაერთიანებას. "ოცნებაში კი დარწმუნებულები არიან, რომ რადიკალური ოპოზიცია ახალი მეთოდების შემუშავებაზე ფიქრობს იმ გარდაუვალი მარცხის თავიდან ასარიდებალად, რომელიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ელოდება.
რა სტრატეგიას აირჩევს ოპოზიცია არჩევნებში გამარჯვების მისაღწევად და როგორ დალაგდება პოლიტიკური სპექტრი შემოდგომაზე - ანალიტიკოსებს პროგნოზის გაკეთება უჭირთ, თუმცა, ვარაუდობენ, რომ პოლიტიკური სპექტრი შემოდგომაზე სრულად იქნება ჩამოყალიბებელი.
პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციის მთავარი ამოცანა უნდა იყოს საკუთარი ძალების გაძლიერება, გამსხვილება, ახალი პროგრამების შემუშავება და ელექტორატის მოზიდვა.
"როგორ დალაგდება ოპოზიცია შემოდგომაზე, ან რა გზას აირჩევს, არ ვიცი, თუმცა, როცა სიტუაცია ასე დაძაბულია, უკრაინაში ომია, ასეთ ვითარებაში ოპოზიციაში ვინმეს თავში თუ მოსდის აზრი, რომ სიტუაცია გაამწვავოს, მაშინ პოლიტიკას თავი უნდა დაანებოს და სხვა საქმე მოძებნოს; რევოლუციური სცენარისთვის საზოგადოება მზად არ არის.
"რევოლუციური სცენარის მოწინააღმდეგე არის ქვეყნის მოსახლეობის 2/3-ი. წერტილოვანი გამოსვლები იქნება, პერმანენტული გამოსვლები არ იქნება. "ვარდების რევოლუცია" რომ მზადდებოდა, მთელი ოპოზიცია გაერთიანებული იყო და პროცესი მთელი თვე გრძელდებოდა. ამიტომ დღეს რევოლუციაზე ფიქრი სისულელეა.
"ოპოზიციას რჩება ერთი სცენარი - მან უნდა იმუშაოს ხანგრძლივად, პერმანენტულად ამომრჩევლის დარწმუნებაზე. უნდა შესთავაზოს რეალური გეგმა, რომელსაც ამომრჩეველი დაიჯერებს. ოპოზიციის ამოცანა უნდა იყოს, რომ გამსხვილდნენ, ჩამოაყალიბონ პროგრამა, რომელიც სერიოზულ პოლიტიკურ ამინდს შექმნის ქვეყანაში.
"ოცნებას" თავისი ამომრჩეველი ისედაც ჰყავს, "ნაცმოძრაობას" კი რატომ ჰგონია, რომ ოპოზიციური ამომრჩეველი ყველა მასთან წავა. სწორედ ამ ამორჩეველთან, უნდა და მათი მხარდაჭერა მოიპოვოს"- განაცხადა "რეზონანსთან" ვახტანგ ძაბირაძემ.
ექსპერტი პეტრე მამრაძე დარწმუნებულია, რომ პოლიტიკური პალიტრა შემოდგომაზე არ შეიცვლება.
"ოპოზიცია საპროტესტო მუხტს ქუჩაში ვერ ააგორებს, ამიტომ მხოლოდ სატელევიზიო პერფორმანსებით შემოიფარგლება. პერფორმანესებს მოაწყობს ნებისმიერ თემაზე. ამ პოლიტიკურ ჯგუფებს ხალხის შეგროვება არ შეუძლია, რევოლუციური სცენარის განხორციელებას ვერ შეძლებენ.
"რაც შეეხება პარტიებს შორის გადაჯგუფებებს, ვაშაძისა და ხაბეიშვილის ალიანსი პოლიტიკურ სიტაციას ვერ შეცვლის. ვერც მელიასა და გვარამიას შესაძლო გაერთიანება, ეს ვერსია უკვე გამოშვებული ბოლია.
"ნულოვანი პერსპექტივა აქვს "ლელოს" და გახარიას. არა აქვთ შანსი გადალახონ 5%-იანი ბარიერი. ერთადერთი ვისაც ბარიერის გადალახვა შეუძლია ოპოზიციიდან ეს არის "ნაცმოძრაობა". მაგრამ, რადგან ბლოკები აღარ არის, პრობლემად რჩება საარჩევნო სიები.
"ვისაც აქვს გარანტია, რომ გამსვლელ ადგილებზე ჩაწერენ, ის პოლიტკიური ძალა შეიძლება გაერთინდეს "ნაციონალურ მოძრაობასთან", ვისაც ასეთი შანსი არ ექნება, "ნაციონალურ მოძრაობასთან" არ გაერთიანედება.
"პოლიტიკური ძალების არჩევნებში გამარჯვების გარანატია არის ორგანიზებულობა, ფინანსები და ქარიზმატული ლიდერი. დღეს ოპოზციიას არ ჰყავს ქარიზმატული ლიდერი.
"ხალხში მთხოვნაც რომ იყოს გაჩნდეს ქარიზმატულ ლიდერი, ამ პოლიტიკურ ნიადაგში არავინ ივარგებს. საქართველოში ჯერ-ჯერობით პოლიტიკური პარტია შექმნილიც არ არის და ასეთი პატარ-პატარა დაჯგუფებები სიტუაციას ვერ შეცვლის. ასე, რომ შემდგომაზე პოლიტიკური პალიტრა არ შეიცვლება"- განაცხადა "რეზონანსთან" პეტრე მამრაძემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე