საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე საბოლოოო პასუხს წლის ბოლოსთვის ელოდება, ნატოსთან მიმართებაში კი მსგავსი პერსპექტივა ქვეყანას ჯერჯერობით არ აქვს. როგორც ანალიტიკოსები გვეუბნებიან, აქ მთავარი შემაფერხებელი ფაქტორი რუსეთია, რომელმაც უკრაინასა და საქართველოს დე ფაქტოდ ვეტო დაატო, განსაკუთრებით ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების თვალსაზრისით.
მათივე შეფასებით, 2008 წლის საქართველოს აგვისტოს ომიდან 15 წლის შემდეგ, საქართველო ნატოსთან ორჯერ უფრო ახლოს იყო, ვიდრე დღეს ვართ - ერთი 2008 წლის აგვისტოს ომამდე, როცა ბუქარესტის სამიტზე ნათქვამი იყო, რომ საქართველო და უკრაინა ნატოს წევრები გახდებიან და 2016 წელს, „ოცნების" კოალიციური მმართველობის პერიოდში, როცა ალიანსმა საქართველოს სპეციალური პაკეტი და ინდივიდუალური სამოქმედო პროგრამა შესთავაზა, პარალელურად კი სამხედრო წვრთნები მიდიოდა და თავსებადობა იზრდებოდა.
ექსპერტები დასძენენ, რომ საქართველოსთვის როგორც ნატოში, ისე ევროკავშირში ინტეგრაციის თვალსაზრისით გადამწყვეტი მაინც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები იქნება. მათი თქმით, ეს ქვეყნისთვის ფაქტიურად გამოცდა იქნება დასავლურ ინსტიტუტებთან მიმართებაში.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ნატოში ინტეგრაციის თვასაზრისით, ქვეყანაში ჯერჯერობით პროგრესი არაა. რაც შეეხება ევროკავშირში გაერთიანების პროცესს, მისი თქმით, აქ გარკვეული ძვრებია, თუმცა, არაა გამორიცხული, რომ საბოლოო პასუხი ევროკავშირმა კვლავ გადადოს და 2024 წლის არჩევნებს დაელოდოს.
„განსაკუთრებით რეგრესს ნატოსთან ინტეგრაცია განიცდის. როგორც ჩანს, დღევანდელი მართველი პოლიტიკური პარტია ამ პროცესის გააქტიურებისგან თავს იკავებს. ნატო- საქართველოს მაღალი დონის კომისიის სხდომა ბოლოს როდის გაიმართა, ესეც საკითხავია. ნატოს სამიტზე დოკუმენტებში პირდაპირ ეწერა, რომ მეგობრებო ჩამოყალიბდით - ვის მხარეზე ხართო.
„რაც შეეხება იმას თუ სად ვართ ევროკავშირის ინტეგრაციის გზაზე, ეს ისედაც ჩანს, რომ თუ 12 რეკომენდაციას შევასრულებთ, კანდიდატის სტატუსს მივიღებთ, მაგრამ, მხოლოდ სამია შესრულებული და მეეჭვება, რომ წლის ბოლოს დადებითი შედეგი გვქონდეს. შესაძლოა დრო კიდევ გაწელონ, 2024 წლის არჩევნებს დაელოდონ და საბოლოო პასუხი ამის შემდეგ გვითხრან. თუ არჩევნებს დემოკრატიულად ჩავატარებთ, შანსი გვექნება და თუ პროცესი გაყალბებებით წავიდა, შანსს ხელიდან გავუშვებთ.
„სამი რეკომენდაციის შესრულება არაფერს ნიშნავს, ისიც ძალიან ზოგადი საკითხებია და ეს არაა იმის გასაღები, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მოგვცენ. პოლარიზაციის დონე საქართველოში კიდევ უფრო გაუარესდა, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი ვერ მივიღეთ და ის, რაც მმართველმა გუნდმა წარადგინა, იმასთან არ აღმოჩნდა თავსებადი, რა დავალებაც გვაქვს",-განაცხადა მაისაიამ.
კითხვაზე, 2008 წლის ომის შემდეგ, 15 წლის განმავლობაში, ვიყავით თუ არა ნატოსთან უფრო ახლოს, ვიდრე დღეს ვართ, მაისაიამ გვითხრა, რომ ასეთი ორი მომენტი გვქონდა.
„ვიყავით და ეს იყო 2008 წელს, როცა მაპის სტატუსის მიღების რეალური შანსი გვქონდა და 2016 წელს, როცა „ქართული ოცნების" კოალიცია იყო, მაშინ ნატოში ინტეგრაციის თვალსაზრისით, საქართველო საკმაოდ მაღალ დონეზე იყო. ჩვენ სპეციალური განსაკუთრებული პაკეტი და ინდივიდუალური სამოქმედო პროგრამა შემოგვთავაზეს, წვრთნები მიდიოდა და სამხედრო თავსებადობა იზრდებოდა.
„ამის მერე სიტუაცია შეიცვალა, განსაკუთრებით 2022 წლის უკრაინა-რუსეთის ომის დაწყებიდან. უკრაინაც ომშია და ნატოში ინტეგრაცია მხოლოდ მას შემდეგ მიეცემა, რაც ომის გამარჯვებით დაასრულებს. ომმა კი გაჭიანურებული სახე მიიღო, ვერც რუსები გადადიან შეტევაზე და უკრაინის შეტევაც იმ ტემპის არაა, რომ ფრონტზე რაიმე გარდატეხა შევიდეს. როგორც ვხვდები, სტრატეგიული შეტევა გაზაფხულისკენ გადაიწევს, ამით კი თავისთავად ომი დასრულების ვადები კიდევ გადაიწევა.
„საქართველოსთვის 2024 წლის არჩევნები იქნება გადამწყვეტი, როგორც ნატოში ისე ევროკავშირში ინტეგრაციის თვალსაზრისით",-განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".
თსუ-ს პროფესორი და „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის" დირექტორი კორნელი კაკაჩია კი ამბობს, რომ 2022 წლის რუსეთის უკრაინაში შეჭრამ დასავლეთი კიდევ უფრო ფრთხილი გახადა და საქართველოსა და უკრაინის ნატოში ინტეგრაციის პროცესი შენელდა, თუმცა, მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების მხრიდანაც ამ თვალსაზრისით შესამჩნევი აქტიურობა არაა.
„ნატოსთან მიმართებაში გარკვეული სტაგნაცია არსებობს - საქართველო 2008 წლის შემდეგ წინ ნამდვილად ვერ წავიდა, განსხვავებით უკრაინისგან, რომელმაც ვილნიუსის ბოლო სამიტზე ერთი ნაბიჯით წინ წაიწია, ამით ეს დუეტი ფაქტიურად დაირღვა და ჩვენზე ოდნავ წინ არიან. ძირითადად ეს ყველაფერი რუსეთ-უკრაინის ომის „დამსახურებაა" და ამან დასავლეთის პოზიცია კიდევ უფრო ფრთხილი გახადა.
„ამას ემატება ისიც, რომ საქართველოს ხელისუფლება ფორმალურად კი ინარჩუნებს ნატოში გაწევრიანების პროცესს, მაგრამ რეალურად არაფერს არ აკეთებს და შესაბამისად, ენთუზიაზმიც არ იქნება", - განაცხადა კაკაჩიამ.
ევროკავშირში ინტეგრაციაზე კი კორნელი კაკაჩია აცხადებს, რომ ამ თვალსაზრისით, მეტი შესაძლებლობები მოგვეცა.
„რაც შეეხება ევროკავშირში ინტეგრაციას, აქ პირიქით, ომის შემდეგ უფრო დიდი შესაძლებლობები გაიხსნა. თუნდაც ის, რომ კანდიდატის სტატუსზეა ლაპარაკი, უკვე მიუთითებს იმაზე, რომ ამ მიმართულებით უფრო შესაძლებელია, რომ ამ ეტაპზე რაღაც შედეგები დაიდოს, ვიდრე ნატოსთან მიმართებით.
„რაც შეეხება იმას, წლის ბოლოს საქართველო კანდიდატის სტატუსს რამდენად მიიღებს, სხვადასხვა სცენარები არსებობს - ერთ-ერთი ვარიანტია, რომ შესაძლოა სტატუსი მოგვცენ, ან მოგვცენ დროებით, დათქმებით და ამის შემდეგ დააკვირდებიან არჩევნებს როგორ ჩავატარებთ",- განაცხადა კორნელი კაკაჩიამ „რეზონანსთან".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე