საქართველოს ხელისუფლებას მიაჩნია, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა და ყოფილმა ხელისუფლებამ „უპასუხისმგებლობა გამოიჩინა", ენმ-ს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნები კი საპასუხოდ ამბობენ, რომ ამის თავიდან არიდება შეუძლებელი იყო, ჰააგის სასამართლომ დაადასტურა, ქართული მხარე „ცამდე გაამართლა" და ომის დაწყებაში რუსეთი დაადანაშაულა.
შეიძლებოდა თუ არა 2008 წლის ომის თავიდან არიდება, როგორ მოახერხებდა ამას საქართველო და თუნდაც 2022 წლის თებერვალში უკრაინა დასავლეთის დახმარებით, აღნიშნულთან დაკავშირებით ანალიტიკოსთა შეფასებები ორგვარია - ნაწილს მიაჩნია, რომ საქართველოს იმჟამინდელ ხელისუფლებას შეეძლო სისხლისღვრა თავიდან აერიდებინა, მაშინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ნებსით თუ უნებლიედ აგრესორი რუსეთის პროვოკაციას წამოეგო და „საქართველო ტრაგიკულ ომში ჩაითრია".
ნაწილს კი ეჭვი ეპარება, რომ ომის აცილება შეიძლებოდა, რადგან 2006 წელს პუტინმა თავისი საგარეო, თავდაცვის და მთლიანად ევროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის სრული რევიზია დაიწყო და ანტიდასავლურ რელსებზე სრულიად გადავიდა. ამ გეგმის შეცვლა კი შეუძლებელი იყო ნებისმიერი ხელისუფლების პირობებში.
რაც შეეხება უკრაინას, ანალიტიკოსები აქაც დაახლოებით იგივე სცენრებზე საუბრობენ. რაც შეეხება მეორე ფრონტის გახსნას, მათ მიაჩნიათ, რომ დღეს საქართველოში ამის საფრთხე არაა.
შეიძლებოდა თუ არა 2008 წლის ომის თავიდან არიდება
ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ 15 წლის წინ რუსეთის საქართველოში შემოჭრის თავიდან აცილება შეიძლებოდა და მიხეილ სააკაშვილი პროვოკაციას წამოეგო.
„აგვისტოს ომის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო - ქართველ პოლიტიკოსებს და ანალიტიკოსებს თავი, რომ დავანებოთ, იმდროინდელი დასავლელი ლიდერები, მათ შორის, აშშ-ის ყოფილი სახელწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი, სახდეპის მაღალჩინოსანი მეთ ბრაიზა და სხვა წარმომადგენლები სააკაშვილის ხელისუფლებას ხაზგასმით ეუბნებოდნენ, რომ პროვოკაციას ნუ წამოგებოდნენ და თავდაცვითი პოზიცია ჰქონოდათ.
„ომის შემდეგ, ეს დასავლელმა ლიდერებმა სხვადასხვა ფორმატებსა და საჯარო ღონისძიებებზე არაერთხელ თქვეს, მათ შორის მემუარებშიც. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი აშშ და მაშინდელი ლიდერები ამას დაუფარავად ამბობენ. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ყველაფერი პირიქით მოხდა - სააკაშვილი, ნებსით თუ უნებლიედ აგრესორი რუსეთის პროვოკაციას წამოეგო და საქართველო ტრაგიკულ ომში ჩაითრია.
„ჩვენი დასავლელი პარტნიორების სწრაფი ჩარევა და შუამავლობა, რომ არა, საქართველო გაცილებით უარეს მომაკვდინებელ შედეგებს მიიღებდა. რუსეთის შეკავება სხვადასხვა ფაქტორების გამო მოხდა. ბევრი რამ კულუარებში ხდებოდა, კრემლთან უშუალო კომუნიკაციით. ზოგი ინფორმაცია შესაძლოა საჯარო სივრცეში მოიპოვებოდეს, ზოგი კი ჯერ კიდევ საიდუმლოდ რჩება.
„თუმცაღა ფაქტია, რომ პუტინის რეჟიმი მედვედევის პრეზიდენტობით, აიძულეს, რომ შეჩერებულიყო, თუმცაღა მძიმე შედეგები დადგა. საქართველოს ტერიტორიის 20% დე ფაქტოდ რუსეთმა დაიკანონა. უკიდურესი ავაზაკობაა სააკაშვილის ნათქვამი, რომ დაკარგული 150-ზე მეტი სოფელი ქვების გროვა იყოო. სააკაშვილისთვის სოფლები და საქართველოს მოქალაქეები ქვების გროვაა და მეტი არაფერი.
„შემდეგ ნაცრეჟიმმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ რუსეთთან ერთად თანაოკუპანტია, ევროპულ საბჭოში 2008 წლის ოქტომბრის რეზოლუციაში ქართულმა მხარემ „ნაცმოძრაობის" დეპუტატების მხრიდან ხელმოწერით აღიარა, რომ საქართველომ ცხინვალი თავისი თანამოქალაქეები დაბომბა და კასეტური ბომბები გამოიყენა. ამას ენმ-დან მანიპულაციებით უარყოფენ, მაგრამ ციფრული დოკუმენტები არ იწვის.
„ომიდან 15 წელიწადში, ენმ-მ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ქვეყნის და ერის მორალატეა, ეს არაერთ ქმედებასა და განცხადებებში გამოხატეს,"-განაცხადა გია აბაშიძემ.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაიას კი „რეზონანსთან" ეჭვი ეპარება, რომ ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა, რადგან ეს პუტინის გეგმაში იყო და განახორციელა და ხელისუფლებაში ვინც არ უნდა ყოფილიყო, ამას მაინც გააკეთებდა.
„ეჭვი მეპარება, რომ ომის აცილება შეიძლებოდა, რადგან 2006 წელს პუტინს მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციაზე მკაცრი რეაქცია ჰქონდა, თავისი საგარეო, თავდაცვის და მთლიანად ევროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის სრული რევიზია დაიწყო და ანტიდასავლურ რელსებზე სრულიად გადავიდა.
„პუტინმა რეგიონალურიდან გლობალურ ჰეგემონამდე გადასვლის სტრატეგია გამოაცხადა, რომელიც პოსტ საბჭოთა სივრცეზე რუსეთის სრულ კარტბლანშის ხელში აღებას ითვალისწინებდა. შესაბამისად, დაუმორჩილებელი სახელწიფოების თავის გავლენის ზონაში დაქვემდებარებას და გაძლიერებას.
„რუსეთმა ამის სრული მასშტაბით რეალიზაცია უკვე 2007 წლიდან დაიწყო, როცა ჩვეულებრივი შეიარაღების ხელშეკრულებიდან გამოვიდა, რამაც მათ საშუალება მისცა, რომ სამხრეთ ფლანგზე სტრატეგიული თავდასხმითი ტიპის შიარაღება განეთავსებინათ. 2006 წელს საქართველოდან ჯარები კი გაიყვანეს, მაგრამ რუსებისთვის მაშინდელი ეს ბაზები აბსოლუტურად არახელსაყრელი და პირიქით, წამგებიანიც იყო. აგვისტოს ომის მერე, მათ საშუალება მიეცათ, რომ ისეთი სამხედრო პოტენციალი განეთავსებინათ, რომელიც მათ ინტერესებში შედიოდა.
„იმ დროის სამხედრო ბაზები, რუსეთის გლობალური ჰეგემონური მისწრაფებების სტრატეგიას არ შეესაბამებოდა. ეს ბაზები საბჭოთა კავშირის სამხედრო სტრატეგიული გეგმების კონტექსტში იყო განლაგებული. პუტინს თავად აწყობდა და გაიყვანა და მერე განაცხადეს, რომ შემოყვანის პრობლემაც არ გვექნებაო. თან გაიყვანა მისთვის გეოსტრატეგგიული მიზნებისთვის შეუსაბამო დისპოზიციებიდან გამომდინარე და ტყუილად ფულს არ დახარჯავდბენ.
„ანუ, საუბრები, რომ ჯარები გაიყვანეს და მორჩა, ეს ასე არ იყო, მან აგვისტოს ომი იმისთვის გამოიყენა, რომ სამხედრო ბაზები განელაგებინა და ახალი წყობა ჰქონოდა. მაშინ საქართველოს ხელისუფლებაში ვინც არუნდა ყოფილიყო, მაინც რაღაცა მიზეზს მოუდებდა და შემოიჭრებოდა. ამის საფუძველზე კი 2014 წელს უკრაინაში პირდაპირი ინტერვენცია მოახდინა.
„დღეს რუსეთს „ოცნების" ე.წ. არგაღიზიანების პოლიტიკა აწყობს, თუმცა, კრემლს რომ დასჭირდეს, დღევანდელი ხელისუფლების პირობებშიც თავისუფლად შემოიჭრება. ვერცერთი ომის თავიდან აცილებას ვერც დასავლეთი და ვერავინ ვერ შეძლებდა, რადგან ალგორითმი უკვე გაშვებული იყო.
„მეორეს მხრივ, სააკაშვილმა რუსეთის დავალება მაინც შეასრულა, მან 2011 წლამდე სამხედრო ტრანზიტი არ გააუქმა, როცა მოსკოვს მოეპრიანა და თავისი მიზნები აღასრულა, მერე თავადვე თქვა უარი. მან რუსი ტურისტებისთვის უვიზო რეჟიმი გახსნა, საქართველოში ეკონომიკური ექსპანსია გაძლიერდა და გაძლიერდა პრორუსული პოლიტიკური ბლოკი მერაბიშვილისა და კეზერაშვილის სახით. სააკაშვილი, მაშინდელ რუსეთის ხელისუფლებას გაუწვა",-განაცხადა მაისაიამ „რეზონანსთან".
შეიძლებოდა თუ არა უკრაინის ომის თავიდან არიდება
როგორც ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსთან" აცხადებს, იგი დასავლელი მკვლევარებისა და პოლიტიკოსების ნაწილის განცხადებებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ „ზელენსკის ხელისუფლება დასავლეთმა წააქეზა".
„მინდა ავტორიტეტულ მიუკერძოებელ დასავლელ მკვლევარებს და პოლიტიკოსებს დავეყრდნო. მათი შეფასებით, ზელენსკის ხელისუფლება დასავლეთმა წააქეზა, რომ ამ ომში ჩართულიყო. როგორც ამერიკელი ცალკეული პოლიტოლოგები ამბობენ, 2022 წლის მარტში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა შესაძლებელი იყო, თუმცა, კიევმა და დასავლეთმა ეს შანსი ხელიდან გაუშვეს.
„ისევ დასავლელი სპეციალისტების შეფასებით, უკრაინის კონტრშეტევითი ნაბიჯები ძალიან სუსტია და ისეთი არაა, რასაც პენტაგონი და ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო ელოდა. გამოსავალი ისაა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებებს ალტერნატივა არ აქვს. ფაქტია, რომ დაპისრისპირებულ მხარეებს და განსაკუთრებით აგრესორ პუტინს ე.წ. გამარჯვება შიდა ლეგიტიმაციის განმტკიცებისთვის ესაჭიროება და ამიტომ შესაძლოა მაქსიმუმი მოითხოვოს. ეს ყველაფერი კი უკრაინელი ხალხის სისხლის ხაჯზე ხდება და ეს ძალიან სამწუხაროა",-განაცხადა აბაშიძემ.
სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია კი აცხადებს, რომ რუსეთს ვერაფერი შეაჩერებდა, ვერც 2022 წლის თებერვალში და ამას არ უშველიდა არც ის, რომ დასავლეთს მანამდე სანქციები დაეწესებინა რუსეთისთვის.
„ახლა დასავლეთის სანქციები მაინც არაფერს არ შვრება, რუსეთი მაინც არ ჩერდება და ომამდე, რომ ეს გამოეყენებინა დასავლეთს, ან თუნდაც ნატოს მაპი მიეცა, აზრი არ ჰქონდა, რუსეთს ვერ შეაჩერებდა. შეჭრის მიზეზი, რომ საზღვრებთან ნაკლები ნატო ჰქონოდა, ეს ერთ-ერთი გეგმა იყო, მას ერთადერთი მიზანი ამოძრავებდა, რომ მსოფლიო წესრიგის პირობები შეეცვალა, გლობალური გავლენის ცენტრი გამხდარიყო და გეოპოლიტიკური აქტორის სტატუსი მიეღო, პირველი დომინანტი სახელმწიფო ყოფილიყო, რომ აშშ-ს დაპირისპირებოდა.
„პუტინის ოცნება აშშ-ს დამარცხება იყო და ნაკლები ნატო ამ გეგმის ერთ-ერთი ნაწილი იყო. უკრაინა ომს თავიდან ვერ აიცილებდა. უკრაინელი ხალხის წინააღმდეგობამ გააკეთა ის, რომ რუსეთის ჰეგემონური მისწრაფებები შეაჩერა, გავლენები შეუმცირა. მას ეგონა, რომ გინდაც უკრაინის და გინდაც საქართველოს მოსახლეობა ხელებგაშლილი შეეგებებოდა და შეცდა.
„ახლა რუსებს ძალიან რთული სიტუაცია აქვთ, რადგან გეგმა, რომელიც უკრაინის დამორჩილებას ისახავდა მიზნად, ვერ შესრულდა, მეტიც, რუსეთის შიგნით სერიოზული პოლიტიკური ძვრები გამოიწვია და კრემლის პოლიტიკური ვერტიკალი კიდევ უფრო შეარყია .
„კრემლზე დარტყმებმა, პრიგოჟინის ამბოხებამ და სხვა ფაქტორებმა რუსეთის ხელისუფლების პოზიცია შეასუსტა. მაგრამ, მეორეს მხრივ აშშ-ს პოზიციებიც არაა ზენიტში, რადგან გაჭიანურებული ბრძოლები ამაზე მიუთითებს. ახლა კიდევ აშშ-ს რუსეთმა აფრიკაში მეორე ფრონტი გაუხსნა და ნიგერი შეიძლება მეორე უკრაინად გადაიქცეს. ამ ყველაფრით კი ჩინეთი მოიგებს",-განაცხადა მაისაიამ.
გახსნის თუ არა მეორე ფრონტს რუსეთი
ანალიტიკოსი გია აბაშიძე„რეზონანსთან" მიიჩნევს, რომ რუსეთი საქართველოში მეორე ფრონტს არ გახსნის, თუ გარკვეული ძალების მხრიდან პროვოცირება არ მოხდა.
„საქართველოს ამჟამინდელი გონიერი ხელისუფლება არ დაუშვებს, რომ სააკაშვილის მსგავსად პროვოკაციაზე წამოეგოს. „ქართული ოცნების" ხელისუფლება, რომ 2012 წლიდან ქვეყანაში მშვიდობას და სტაბილურობას ინარჩუნებს, მისასალმებელია, თუმცა ეს ურთულესი პროცესია და უამრავ რესურსს, ნერვებს, დიპლომატიურ და საგარეო პოლიტიკურ სვლებს მოითხოვს.
„რუსეთი აქ თავისი ნებით მეორე ფრონტს არ გახსნის, თუმცა მისი დაპროვოცირება დესტრუქციული ენმ-ს მხრიდან შესაძლებელია. რუს ტურისტებზე ტალღოვანი შეტევები, რომლებსაც ომის მერე სააკაშვილმა უივიზო მიმოსვლა დაუწესა, ეს შესაძლოა რუსეთისთვის ძალიან გამაღიზიანებელი იყოს, გააჩნია რა მასშტაბით მოხდება, შესაძლოა ეს რუსეთში პოლიტიკური აქტორებისთვის საყვირელი თემა გახდეს, რომ საქართველოში რუსებს ერჩიან და ავიწროებენ.
„მგონია, რომ ამ უკიდურეს ზღვრამდე სიტუაცია არ მივა, რადგან საქართველოს სამართალდამცველები მოწოდების სმიმაღლეზე დგანან და საქართველოს ტერიტორიაზე სააკაშვილის ომის პარტიის არცერთ დესტრუქციულ საბოტაჟურ ქმედებას არ დაუშვებენ",-განცახადა გია აბაშიძემ „რეზონანსთან".
ვახტანგ მაისაია კი გვეუბნება, რომ რუსეთს ახლა საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა არ სჭირდება, თუმცა თუ დასჭირდა, ამას უპრობლემოდ გააკეთებს.
„რუსეთს საქართველოში რუსეთს მეორე ფრონტის გახსნა არ სჭირდება, აგვისტოს ომის მერე რუსეთმა საქართველოში პოზიციები გაიმყარა, რბილ ძალაზე გადავიდა და დღეს აქ გეოპოლიტიკურად კომფორტული სიტუაცია აქვს, ვიდრე მანამდე ჰქონდა. ახლა რუსეთს გეოეკონომიკური ამბიციები აქვს.
„ახლა რუსეთისთვის საქართველო მეორე ფრონტად არ განიხილება, თუმცა სამწუხარო რეალობა ისაა, რომ პუტინს თუ დასჭირდა, მეორე ფრონტს უპრობლემოდ გახსნის",- განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე