ნაზი ბერიძე
(08.08.2023)

რუსეთის აგრესია, მისი დაუოკებელი სურვილები და ამბიციები დასავლეთმა უნდა შეაჩეროს, რათა მსოფლიოში პოლიტიკური სტაბილურობა და მშვიდობა დამყარდეს - თვლიან პოლიტიკის ექსპერტები, რომლებიც „რეზონანსთან" აგვისტოს ომის შედეგებზე და მის გავლენაზე საქართველოსა და მსოფლიოზე საუბრობენ.

თსუ-ს პროფესორი და საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი კორნელი კაკაჩია აგვისტოს ომს „რეზონანსთან" განმარტავს, როგორც რეგიონალურ კონფლიქტს საქართველოსა და რუსეთს შორის, რასაც არ მოჰყოლია დიდი გლობალური ცვლილბები. სამხედრო-პოლიტიკური თვალსაზრისით, ომმა შეაფერხა საქართველოს ნატოში ინტეგრაცია.

„რაც შეეხება ამ ომის პოლიტიკურ მნიშვნელობას: პირველი, ეს არის დაუფასებელი ომი, რომლის მნიშვნელობაც დასავლეთმა ვერ დაინახა და ჩათვალეს რომ ეს იყო მხოლოდ რეგიონალური კონფლიქტი საქართველოსა და რუსეთს შორის.

„ვერ ნახეს, რომ ამის უკან იდგა რუსეთის ახალი გეგმა, რომლის არსი მდგომარეობდა იმაში, რომ რაღაცნაირად გავლენა მოეპოვებინა ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებზე და აღედგინა ძველი იმპერია. სამწუხაროდ ეს ჩვენმა დასავლელმა და ევროპელმა პარტნიორებმა ვერ დააფასეს და ამის გამო იყო რომ არ მოჰყოლია ამას (განსხვავებით უკრაინის ომისგან) სანქციები, არამედ დაიწყეს რუსეთან გადატვირთვის პოლიტიკა.

„ამ ომს მნიშვნელობა მიანიჭეს იმიტომ, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებული აღმოჩნდა. ამ დროს დასავლეთმა ვერ გამოიჩინა ფხა და ვერ აღუდგა წინ რუსეთის იმპერიალისტურ ამ გეგმებს. რუსეთმა დაარღვია სამშვიდობო ხელშეკრულება და ამის შედეგია, რომ საქართველოს ტერიტორია არის ოკუპირებული და რუსეთის ჯარებია განლაგებული.

„დასავლეთის მხრიდან არაფერი გაკეთებულა, რომ მოხდეს საქართველოს ტერიტორიის დეოკუპაცია და საერთაშორისო დონეზე მიეცეს ისეთი სტატუსი, როგორც უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს.

„სამხედრო შედეგი ის იყო, რომ ამ ომმა ფაქტობრივად შეაჩერა საქართველოს ნატოში შემდგომი ინტეგრაცია, იმიტომ, რომ დასავლეთი ამის შემდეგ კიდევ უფრო ფრთხილად იქცეოდა ნატოსთან მიმართებაში, მიუხედავად იმისა, რომ ბუქარესტის სამიტზე საქართველოს და უკრაინას შეჰპირდნენ, რომ ისინი გახდებოდნენ ნატოს წევრები. რაც შეეხება გლობალურ მნიშვნელობას, ამ პერიოდში ეს ჩაითვალა, რომ იყო იზოლირებული შემთხვევა და მას არ ჰქონია ისეთი დიდი მნიშვნელობა. ამას შემდეგ მოჰყვა მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი, რომელმაც მთლიანად გადაფარა ეს თემა" - განაცხადა „რეზონანსთან" კორნელი კაკაჩიამ.

„რაც შეეხება მედვედევის განცხადებას, ეს უკვე მაინც და მაინც სერიოზულად არ უნდა ჩავთვალოთ იმიტომ, რომ ბოლო პერიოდში ის გახდა არა მაღალი დონის ოფიციალური პირი, არამედ უბრალოდ რუსი პროპაგანდისტი და ამ განცხადების პათოსსაც ეტყობა.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ რუსეთის აგრესიულმა პოლიტიკამ დააზარალა არამარტო საქართველო, არამედ უკრაინა. ექსპერტი დასავლეთს მოუწოდებს პუტინის მზაკვრული გეგმების შეჩერებისკენ, რაც იქნება მსოფლიო მშვიდობის გარანტიის საფუძველი.

„მედვედევის განცხადება, რომელიც 2008 წელს რუსეთის პრეზიდენტი იყო, კიდევ ერთხელ მიანიშნებს თუ როგორი აგრესორული ხასიათი აქვს კრემლის პოლიტიკას. პირველი დარტყმა საქართველომ მიიღო არა 2008 წელს, არამედ უფრო ადრე 90-იან წლებში, როდესაც რუსეთმა დააქუცმაცა ჩვენი ქვეყნის ტერიტორია და 2008 წელს უკვე ეგრედ წოდებულად ოფიციალურად გაიფორმა ოკუპაცია.

„არაერთი დასავლელი ავტორიტეტული პოლიტიკური ლიდერი თუ ანალიტიკოსი ამბობს, რომ რადგან 2008 წელს არ მოჰყვა დასავლეთის ხისტი რეაქცია რუსეთის მიერ საქართველოს ნაწილობრივ ოკუპაციას, შემდეგ მოხდა ყირიმი და უკრაინაში შეჭრა. ეს არის გამოუსწორებელი შეცდომა დასავლეთის მხრიდან, თუმცაღა, ცივილიზებული სამყაროს მობილიზაცია პუტინის აგრესიული გეგმების წინააღმდეგ, არის უმთავრესი პრიორიტეტი და გამოწვევა თანამედროვე გეოპოლიტიკაში.

„პუტინი უნდა შეჩერდეს, პუტინის რეჟიმი უნდა დასუსტდეს, სხვაგვარად მშვიდობა ვერც საქართველოში, ვერც სამხრეთ კავკასიაში, ვერც უკრაინაში და ვერც მსოფლიოში ვერ იქნება. სამწუხარო მოცემულობაა არის ის, რომ რუსული იმპერიალისტური გეგმები საუკუნიდან საუკუნემდე გაიღვიძებს ხოლმე. ის არის ყველა არსებული რესურსით ჩასახშობი. სხვანაირად მშვიდობა ვერ იქნება, ვერც ევროპის კონტინენტზე და ვერც მთლიანად დედამიწაზე.

„ამიტომ, ამ სამწუხარო მოცემულობასთან უწევს ცივილიზებულ კაცობრიობას გამკლავება, და იმედია დღეს თუ არა ხვალ პრობლემა მოგვარდება, იმიტომ რომ მშვიდობას სხვა ალტერნატივა არა აქვს და აგრესორი მომწყვდეული უნდა იყოს კუთხეში და უნდა დასუსტდეს მაქსიმალურად, რომ აღარ გაუჩნდეს ბოროტი ამბიციები" - განაცხადა „რეზონანსთან" გია აბაშიძემ.

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე დიმიტრი მედვედევი რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 15 წლისთავზე აცხადებს, რომ რუსეთი, როგორც 2008 წელს, მშვიდობას ახლაც თავისი პირობებით მიაღწევს.

მედვედევმა „ტელეგრამის" პირად არხზე დაწერა და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველო არის დამნაშავე რუსეთ-საქართველოს 2008 წლის 5-დღიანი ომის წამოწყებაში და რომ რუსეთმა მას საკადრისი პასუხი გასცა, მათ შორის დასავლეთს, რომელმაც რუსეთის წინააღმდეგ არასამართლიანი ბრძოლა წამოიწყო.

„ზუსტად 15 წლის წინ რუსეთმა მტკიცედ უპასუხა ცხინვალზე განხორციელებულ საზარელ თავდასხმას, აგრესორი მკაცრად უკუაგდო. უტვინო სააკაშვილის უკან იდგა კოლექტიური დასავლეთი, რომელიც მაშინაც ცდილობდა სიტუაციის გაღვივებას რუსეთის საზღვრების უშუალო სიახლოვეს. ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა ხუთ დღეში სწრაფად და სასტიკა დასაჯეს თავხედი ნაციონალისტები. ჩვენ დავიცავით ჩვენი ხალხი მტრისგან, რომელიც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთი ცხოვრობდა. მათ ახალ სახელმწიფოებს რუსეთის მხარდაჭერით განვითარების შესაძლებლობა მისცეს.

„შეერთებულ შტატებსა და მის ვასალებს მაშინ აშკარად არ ჰქონდათ საკმარისი გამოცდილება. დღეს ისევ სხვისი ხელებით აწარმოებენ კრიმინალურ ომს და ცდილობენ რუსეთის პირისაგან მიწისა მოსპობას. ნატოს მთელი სისტემა, პრაქტიკულად, ღიად იბრძვის ჩვენს წინააღმდეგ. ჩვენ გვაქვს საკმარისი ძალები სპეციალური სამხედრო ოპერაციის ყველა ამოცანის გადასაჭრელად. როგორც 2008 წლის აგვისტოში, ჩვენი მტრები განადგურდებიან და რუსეთი მშვიდობას თავისი პირობებით მიაღწევს. გამარჯვება ჩვენი იქნება!", - აცხადებს მედვედევი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე