აგვისტოს ომის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო - ძალიან დიდი უპასუხისმგებლობა გამოიჩინა ყოფილმა მთავარსარდალმა იმ ფონზე, როცა ჩვენმა გმირმა სამხედროებმა უდიდესი გმირობა, თავგანწირვა აჩვენეს. ჩვენ მშვიდობით, სწორი, ჭკვიანური, პრაგმატული პოლიტიკით უნდა დავიბრუნოთ ჩვენი ტერიტორიები - მე ამის ღრმად მჯერა და მწამს - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აგვისტოს ომის მე-15 წლისთავთან დაკავშირებით განაცხადა.
მან დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო და გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს.
„მშვიდობას, მეგობრებო, ალტერნატივა არ აქვს. ჩვენ მშვიდობით, ჩვენი სწორი, ჭკვიანური, პრაგმატული პოლიტიკით უნდა დავიბრუნოთ ჩვენი ტერიტორიები. მე ამის ღრმად მჯერა, ამის მწამს. ჩვენ ყოველდღე ამ დიდ მიზანს ვუახლოვდებით. მე კიდევ ერთხელ გისამძიმრებთ ყველას ამ დიდ ტრაგედიას. ჩვენი გმირების ნათელი ხსოვნა იყოს და ქედს ვიხრი ჩვენი გმირების წინაშე,"- განაცხადა პრემიერმა.
ღარიბაშვილმა 2008 წლის ომში დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა და განაცხადა, რომ გმირების ხსოვნის წინაშე ქედს იხრის. მისი თქმით, ამ ომით ქვეყანამ მძიმე შედეგები მიიღო, 400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, 2 ათასზე მეტი დაიჭრა, ხოლო 150-ზე მეტი დასახლება ოკუპაციის ქვეშ მოექცა.
„ეს იყო უმძიმესი განსაცდელი, რამაც 400-ზე მეტი ჩვენი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა, 2 000-ზე მეტი დაიჭრა და ძალიან მძიმე შედეგები მივიღეთ ამ ომით, 150-ზე მეტი დასახლებული პუნქტი იქნა ოკუპირებული, დამატებით დავკარგეთ ამდენი სოფელი, კოდორის ხეობა. ამ ომმა მოიტანა უკანონო ოკუპაცია და ჩვენი ძირძველი ტერიტორიების დროებით ოკუპაცია, ე.წ. აღიარება, რამაც ძალიან მძიმე შედეგები მოუტანა ჩვენს ქვეყანას", - განაცხადა პრემიერმა.
როგორც პრემიერი ამბობს, საქართველო სწორი, მშვიდობიანი პოლიტიკით გამთლიანდება და გაერთიანდება. მისი თქმით, „ქართული ოცნების" ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ დღეს ქვეყანაში შენარჩუნებულ იქნას მშვიდობა და სტაბილურობა.
მისივე თქმით, წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც ახლა ოპოზიციაში არიან, ისევ ანტიეროვნული, მოღალატეობრივი პოლიტიკა აქვთ.
„დეოკუპაციასა და ქვეყნის გამთლიანებაზე მთავარი საკითხი ჩვენს ქვეყანას არ აქვს. პატარა ბავშვი გათვლიდა, მცირეწლოვანი ბავშვი გათვლიდა იმ რისკებს, რასაც შესაძლოა, მოჰყოლოდა მთელი პროვოკაციები, რომელიც ომამდე ხდებოდა. მჯერა, ჩვენი ქვეყანა ჩვენი სწორი, მშვიდობიანი პოლიტიკით გამთლიანდება, გაერთიანდება. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ქვეყანაში შევინარჩუნოთ მშვიდობა, სტაბილურობა.
„კარგად მოგეხსენებათ უკვე ოპოზიციაში მყოფი ადამიანების ისევ ანტიეროვნული, მოღალატეობრივი პოლიტიკა, როგორ იქცეოდნენ და იქცევიან. ახლაც აცხადებენ, რომ კვლავ გახსნიან მეორე ფრონტს, დაიწყებენ ომს. ეს მათი ხელწერაა. ისინი არაფერზე ფიქრობენ, გარდა პირადი კეთილდღეობისა. ეს არის რეალობა", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ღარიბაშვილი ამბობს, რომ 2008 წლის აგვისტოს ამ ომის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო, ამბობს, რომ შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, თუ ვინმემ გააკეთა რუსული საქმე, ეს წინა ხელისუფლება იყო. მისი თქმით, აგვისტოს ომის დაწყებამდე რუსეთის საოკუპაციო ძალები საქართველოს ტერიტორიაზე არ იდგნენ, რადგან 2007 წელს მათ რუსულმა ჯარებმა ქვეყნის ტერიტორია ოფიციალურად დატოვეს.
„იმ ფონზე, როდესაც ჩვენმა გმირმა სამხედროებმა აჩვენეს უდიდესი გმირობა, თავგანწირვა, უამრავი გმირობის მაგალითი დაუტოვეს ჩვენ ხალხს და მომავალ თაობას, ვნახეთ სამარცხვინოდ მოქცეული ყოფილი მთავარსარდალი. გახსოვთ ჰალსტუხის ღეჭვა, გახსოვთ გაქცეული, თვითმფრინავის ხმის გამო წაქცეული და მიწაზე გართხმული და ძალიან დიდი სირცხვილი ჭამა. ეს ნახა მთელმა საზოგადოებამ და არა მხოლოდ ჩვენ, საუბედუროდ მთელმა მსოფლიომ ნახა.
„ჩვენ შედეგით თუ ვიმსჯელებთ, მეგობრებო, თუ ვინმემ გააკეთა რუსეთის საქმე, ეს არის სააკაშვილი. შედეგით ვიმსჯელოთ და მხოლოდ შედეგით ვილაპარაკოთ. ახლა რაც შეეხება შედეგებს, 2008 წლის ომამდე, ომის დაწყებამდე, ჩვენს ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალები არ იდგნენ. რუსულმა ჯარმა ოფიციალურად დატოვა ჩვენი ქვეყნის ტერიტორია 2007 წელს.
„შედეგი რაც მივიღეთ, ეს არის ოკუპაცია, ორი რეგიონის, ძირძველი ტერიტორიის ოკუპაცია, რუსული ჯარი გამაგრდა, ბაზები ააშენეს და ამას გარდა, გახსოვთ ევროპის საბჭოს ცნობილი რეზოლუცია. მე ძალიან გთხოვთ, თქვენ თუ გაქვთ 1% ობიექტურობისა, აქვე მომეცით საჯაროდ პირობა, რომ ამ რეზოლუციის ჩანაწერს, მე-5 პუნქტს გაუშვებთ თქვენს ტელევიზიაში. დღეს კიდევ ერთხელ უნდა შეახსენოთ საზოგადოებას, როგორ მოღალატეობრივ რეზოლუციაზე მოაწერეს ხელი სააკაშვილის ხელისუფლებამ, - ამის შესახებ პრემიერმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, რაც შეეხება თარიღებს, 2012 წლამდე 8 აგვისტოს აღნიშნავდნენ ოფიციალურად ომის დაწყების თარიღს.
„რაც შეეხება თარიღებს, ასევე მინდა მოგიწოდოთ, „ფორმულა", თქვენი მფლობელი იყო მაშინ მინისტრი, რომელიც ჯარმა ნახა გამოქცეული ბევრჯერ, გაქცეული და გამოქცეული საუბედუროდ და სამარცხვინოდ. თარიღებს რაც შეეხება, თქვენ შეგიძლიათ გაეცნოთ იმდროინდელი პრეზიდენტის ბრძანებას, სადაც პირდაპირ უწერია 8 აგვისტო, 2012 წლამდე 8 აგვისტოს აღნიშნავდნენ ოფიციალურად ომის დაწყების თარიღს. ასე არის, მეგობრებო? - კითხვას გისვამთ. მაშინ ესეც უნდა შეახსენოთ საზოგადოებას,"- განაცხადა პრემიერმა.
როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, წინა ხელისუფლებამ ქვეყანას მძიმე მემკვიდრეობა დაუტოვა, მათ გმირი სამხედროების ცხედრები მიატოვეს უკვე ოკუპირებულ ტერიტორიებზე და რომ არა პატრიარქის ჩართულობა, ცხედრების გადმოსვენებაც კი ვერ ხერხდებოდა.
„9 აგვისტოს, მაშინ, როცა ჩვენი ქალაქები იბომბებოდა და ჩვენი გმირები იხოცებოდნენ, ბრძოლის ველზე გმირულად იღუპებოდნენ, გახსოვთ, როგორ იქცეოდნენ ეს ადამიანები. უშიშროების საბჭოს სხდომის ჩანაწერები არსებობს ამის თაობაზე. მათ არ ადარდებდათ, არ ანაღვლებდათ, რომ ტერიტორიები იბომბებოდა, ვკარგავდით, ხდებოდა ოკუპაცია.
„მთავარი კითხვა, რაც ჩვენ გვაქვს და აქვს საზოგადოებას არის, თუ რატომ დავკარგეთ კოდორის ხეობა უბრძოლველად, ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე, რატომ დავკარგეთ 150-ზე მეტი დასახლებული პუნქტი, რატომ ვერ მოხდა თავის დროზე ომის სათანადო პრევენცია, რატომ ვერ შეფასდა რისკები.
„ამას მარტივად, პატარა ბავშვი გათვლიდა შესაძლო ნაბიჯებს, რომელიც მოჰყვებოდა პროვოკაციას, რომელიც ომამდე, ომის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე ხდებოდა. ამ კითხვების ერთობლიობა კიდევ ერთხელ მიგვითითებს, რომ ნამდვილად ანტიეროვნული ხელისუფლება იყო, რომელიც არ ზრუნავდა საქართველოს ტერიტორიების არც გაერთიანებაზე, არც ჩვენი ხალხის, ქვეყნის დაცვაზე. ეს იყო მხოლოდ საკუთარ ინტერესებზე მზრუნველი ხელისუფლება, რომელმაც უღალატა ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, მოსახლეობას, ჩვენს ხალხს, ჩვენს გმირებს.
„გახსოვთ, რომ ჩვენი გმირი სამხედროების ცხედრები მიატოვეს უკვე ოკუპირებულ ტერიტორიებზე. რომ არა პატრიარქის ჩართულობა, ჩვენი გმირების ცხედრების გადმოსვენებაც კი ვერ ხერხდებოდა. ეს მძიმე მემკვიდრეობა დაგვიტოვა ყოფილმა ხელისუფლებამ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისივე შეფასებით, იმ ფონზე, როდესაც ჩვენმა გმირმა სამხედროებმა აჩვენეს უდიდესი გმირობა, თავგანწირვა, უამრავი გმირობის მაგალითი დაუტოვეს ჩვენს ხალხს და ჩვენს მომავალ თაობას, „მაშინ ჩვენ ვნახეთ ყველაზე სამარცხვინოდ მოქცეული ყოფილი მთავარსარდალი".
ღარიბაშვილი გამოსვლის ბოლოს რაჭის ტრაგედიასაც შეეხო და განაცხადა, რომ მთავრობა მაქსიმუმს აკეთებს, რომ დროულად განხორციელდეს სალიკვიდაციო სამუშაოები, მათ შორის დაღუპული მოქალაქეების ძებნის სამუშაოები.მან კიდევ ერთხელ გამოთქვა მწუხარება მომხდართან დაკავშირებით.
„დიდი ტრაგედიაა, ეს არის საშინელი ტრაგედია, ამდენი ადამიანი დაიღუპა, შეეწირა ამ სტიქიას და რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ვიზიარებ ჩვენი, მთელი საზოგადოების მწუხარებას," - განაცხადა პრემიერმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე