თამთა ჩაჩანიძე
(07.08.2023)

შოვში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები კვლავ გრძელდება, ამ დროისთვის 18 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი, რომელთა დიდი ნაწილი უკვე იდენტიფიცირებულია. ამოქმედებულია ცხელი ხაზიც. სტიქიის ზონაში, საიდანაც გარდაცვლილები ამოიყვანეს, პირად ნივთებს პოულობენ. ჩამოწოლილ მასაში ორი მიმართულებით გზების შეყვანა დასრულებულია, სადაც საძიებო სამუშაოების „აქტიური ფრონტი გაიხსნება".

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, 3 აგვისტოს, ონის მუნიციპალიტეტში, კურორტ შოვში მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა. რასთან დაკავშირებითაც მთავრობის ადმინისტრაციის შენობასა და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა.

რაც შეეხება სტიქიის ადგილზე ვითარებას, როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მაშველები 24-საათიან რეჟიმში თავდაუზოგავად მუშაობენ, თავად კი საკვებითა და საჭირო ნივთებით უზრუნველყოფენ. იმედოვნებენ, რომ უახლოეს საათებში 16 დაკარგულის პოვნა მოხერხდება.

„ჩვენ რაც შეგვიძლია იმით ვერ ვეხმარებით, იქ შესვლა უკვე წარმოუდგენელია, ვინც ამ საქმეში კომპეტენტურია ისინი მუშაობენ, დანარჩენს კი მძიმე ტექნიკა აკეთებს", - აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი მედიასთან.

სტიქიის ზონაში კიდევ ერთი ტრაგედია დატრიალდა, შსს-ს ცნობით, 48 წლის პოლიციის მაიორი მირიან ჭელიძე, ონის მუნიციპალიტეტში სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, იგი მიმდინარე სამაშველო ღონისძიებების ფარგლებში იცავდა საზოგადოებრივ წესრიგს, რა დროსაც შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში მიყვანამდე გზაში გარდაიცვალა.

3 აგვისტოს შოვში ჩამოწოლილ მეწყერზე გამოძიება ორი მუხლითაა დაწყებული: მუხლი 116 -ე სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით და მუხლი 240 - ე სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა. თუმცა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი თემურ მღებრიშვილის განცხადებით, საქმის ძიებისას, შესაძლოა, მუხლები გადაკვალიფიცირდეს.

„პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში გამოცხადდა გლოვის დღე. ეს არ არის მხოლოდ ცალკეული ოჯახების ტრაგედია, ეს არის მთელი ქვეყნის ტრაგედია. რაც შეეხება საძიებო სამუშაოებს, დღეს ვახდენთ არეალის გაფართოებას. მიმდინარეობს კონკრეტული სამუშაოები ამ მიმართულებით. მთელი ღამის განმავლობაში კონკრეტულ ლოკაციებზე გრძელდებოდა სამუშაოები.

„ამ დილით გვაქვს ინფორმაცია, რომ სადაც ცხედრები იქნა აღმოჩენილი, ვიპოვეთ პირადი ნივთები და ვიმედოვნებთ, რომ, როგორც დავგეგმეთ, სწორი მიმართულებით მივდივართ. პირველივე წუთებში დაიწყო სისხლის სამართლის გამოძიება, ორი მუხლით არის საქმე აღძრული, თუმცა გამოძიების მიმდინარეობის დროს, შეიძლება, გადაკვალიფიცირდეს მუხლები", - განაცხადა მღებრიშვილმა.

ამასთან, თემურ მღებრიშვილის ინფორმაციით, სტიქიის ზონაში მოწყობილია დამატებითი გზები, რომ მაშველებმა და ტექნიკამ სამძებრო სამუშაოები შეუფერხებლად აწარმოონ.

„ამ დროისთვის მოწყობილია ორი მიმართულებით გზები. ე.წ. კალცის წყლების მიმდებარედ შუადღემდე უკვე ბოლომდე იქნება გზა შეყვანილი. უკვე შემდგომ აქაც აქტიური ფრონტი გაიხსნება საძიებო სამუშაოების. კიდევ ერთხელ გავიმეორებ და ვეცდები, რომ სპეკულაციის საშუალება არ დავტოვო.

„პირველივე წუთიდან უმოკლეს ვადაში, რაც კი შეიძლებოდა გონივრული ვადა ყოფილიყო ვერტმფრენის ცაში აწევის, ეს განხორციელდა. ჩვენ როცა ჩამოვფრინდით, დავიწყეთ ევაკუაცია, დარჩენილმა მოსახლეობამ ღამე გაათენეს უსაფრთხო ადგილებზე. ეს იყო სტრატეგიულად სწორი გადაწყვეტილება თვითონ ამ ადამიანების უსაფრთხოებისთვის", - განაცხადა მღებრიშვილმა.

სტიქიის ზონაში ცოცხალი ძალისა და სპეცტექნიკის საშუალებით მიმდინარეობს საძიებო-გაწმენდითი სამუშაოები, ჩართულია 1 000-მდე ადამიანი, მობილიზებული არიან მედიკოსები, კინოლოგები. როგორც პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ განაცხადა, შტაბი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც, შესაძლოა, სამაშველო სამუშაოების მიმდინარეობისას გახდეს საჭირო, ადგილზე მყისიერად მიიღება.

„შტაბი მუშაობს 24-საათიან რეჟიმში. შტაბში წარმოდგენილია ყველა უწყება, როგორც ცენტრალური ხელისუფლების, ისე სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები. სრული კოორდინაცია და სინქრონული მუშაობაა, ინფორმაცია შემოდის მუდმივად სტიქიური უბედურების ზონიდან. ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომლის დამატებით მიღება, შესაძლოა, საჭირო გახდეს არსებული ვითარებიდან და ძებნითი სამუშაოებიდან გამომდინარე, მიიღება ადგილზე მყისიერად და რეაგირება არის ეფექტიანი.

„უშუალოდ ადგილზე ვითარებას რაც შეეხება, როგორც ცოცხალი ძალის საშუალებით, ისე სპეცტექნიკით მიმდინარეობს საძიებო და გაწმენდითი სამუშაოები. 1 000-მდე ადამიანია ამაში ჩართული, როგორც მაშველები, ისე სამხედროები, რეინჯერები. ადგილზე არიან მობილიზებული მედიკოსები, კინოლოგები სპეციალური აღჭურვილობით, მათ შორის, თერმული ფუნქციის მქონე დრონებით", - განაცხადა ირაკლი ბერაიამ „იმედთან".

7 აგვისტოს გარემოს ეროვნულმა სააგენტომ პირველადი დასკვნა გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ 3 აგვისტოს მყისიერად განვითარებული სტიქიური მოვლენის ფორმირება მრავალ ფაქტორზე იყო დამოკიდებული და მთელ მსოფლიოში ამ ტიპის მოვლენების ზუსტი დროის პროგნოზირება პრაქტიკულად შეუძლებელია. როგორც დოკუმეტში წერია, სტიქიის ჩასახვა-გააქტიურების ზონიდან შოვის ე.წ. კოტეჯების უბნამდე ღვარცოფულ ნაკადს, წინასწარი გათვლებით, სავარაუდოდ, 8-10 წუთში უნდა მიეღწია.

რაჭაში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა, შოვის ლანდშაფტი თითქმის მთლიანად შეცვლილია - დანგრეულია 2 ხიდი, რამდენიმე ათეული კოტეჯი აღარ არსებობს. სტიქიამ სასტუმრო „სანსეტ შოვის" მიმდებარე ტერიტორია მთლიანად გაანადგურა.

სტიქიის ზონაში, სპეციალური განათებებით, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ძებნა-შველის ღონისძიება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები ონის მუნიციპალიტეტში მეხუთე დღეა სამაშველო ღონისძიებას აწარმოებენ.

სამუშაოებში ჩართულნი არიან ვერმტფრენები, პოლიციის დანაყოფები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კინოლოგთა ჯგუფი, თავდაცვის სამინისტროს და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლები. ადგილზე მუშაობს დრონები და სპეცტექნიკა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე