თამთა ჩაჩანიძე
(03.08.2023)

ენმ ისევ ნაფტალინიანი აქტორების ამარა რჩება, რაც უკვე წაგებას ნიშნავს - ამის შესახებ „რეზონანსთან" ანალიტიკოსმა გია აბაშიძემ განაცხადა, „ნაციონალურ მოძრაობაში" წინასაარჩევნოდ ძველი სახეების დაბრუნებაზე, ე.წ. ჩრდილოვან კაბინეტსა და პარტიის პრემიერ მინისტრობის შესაძლო კანდიდატზე საუბრისას.

როგორც „გამარჯვების პლატფორმის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე ამბობს, „პლატფორმას აუცილებლად ეყოლება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, ასევე იქნება ჩრდილოვანი კაბინეტი, რომელსაც უხელმძღვანელებს ის, ვისაც ექნება ხალხის ნდობა". ამასთან აღსანიშნავია, რომ ენმ-ში ვაშაძის გარდა სხვა ძველი სახეებიც ბრუნდებიან, ერთ-ერთი ბოლო კი თბილისის ყოფილი მერი ზურაბ ჭიაბერაშვილი შუერთდა.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე გვეუბნება, რომ ეს მხოლოდ წყლის ნაყვა და ამომრჩევლის გაბრიყვების მცდელობაა, მისი თქმით, ჩანს, რომ ენმ-ში კადრების ნაკლებობაა, თუმცა „ძველს ახლად ვერ გაასაღებენ".

„ნაცმოძრაობა" პოლიტიკურ წყალს ნაყავს და იმავე მოჯადოებულ წრეზე დადის. ფიქრობენ, რომ მათი მხარდამჭერები ბრიყვები არიან და ვერაფერს ვერ ხვდებიან, თუმცა პირიქით, ბრიყვები თავად არიან. ენმ ცდილობს, რომ ახალი შეფუთვით, ახალი ტერმინებით და პლატფორმებით ამრჩეველს ძველი კადრები შეაჩეჩოს, მაგრამ ძველს ახლად ვერ გაასაღებ.

„როგორც ენმ, ისე მისი სატელიტი პარტიები საზოგადოების შეცდომაში შეყვანას უშედეგოდ ცდილობენ. შესაძლოა პრესკონფერენციებზე და პრეზენტაციებზე ხმამაღლა ალიანსებზე და პლატფორმებზე ლაპარაკობდნენ, მაგრამ როცა რეალობა დადგება და ცესკოში დარეგისტრირდებიან, მარტივად მივხვდებით, რომელ სიაში რომელი პოლიტოკოსი აღმოჩნდება.

„ენმ საკუთარ ელექტორატს პოზიტიურ დღის წესრიგს ვერ სთავაზობს და თავის გატანას ასეთი ძალიან დაბალი დონის ტყუილებით ცდილობს, ეს მათთვის დამანგრეველია. არაერთის გულის წუხილია, რომ ქართულ ოპოზიციურ ველზე კონსტრუქციული და ძლიერი ოპოზიციონერები არ გვყავს, რომლებიც მმართველ გუნდს ისეთ სფეროებში შეებრძოლებიან, რომლებიც მართლა გასაკრიტიკებელია, რადგან არცერთი ხელისუფლება იდეალური არაა. ამის მაგივრად, „ნაცოპოზიციაში" მხოლოდ ზილინას თამაშობენ.

„ენმ-ს პრობლემა სწორედ იმაშია, რომ კადრების დეფიციტი აქვს, ძველ არაპოპულარულ რეპუტაციაშელახული პერსონების წყალობით კი პარტიამ არჩევნები წააგო, აგებს და მომავალში კიდევაც წააგებს. ნიკანორ მელია თავის დროზე ახალგაზრდების შემოყვანას კი შეეცადა, მაგრამ იქ ძველი კადრების გავლენებისა და მომხვეჭელობის გამო, ამ ახალგაზრდებმა განვითარება ვერ ჰპოვეს და ენმ ისევ ნაფტალინიანი აქტორების ამარა რჩება, რაც უკვე წაგებას ნიშნავს.

„ვაშაძის უდიდესი სურვილია პრემიერ-მინისტრი იყოს, ამ ოხუნჯობას ისიც ემატება, რომ თავად ენმ-ში ჩრდილოვანი კაბინეტის ლიდერი ვერ აღმოჩნდა ვერც ხაბეიშვილი, ვერც მერაბიშვილი და სხვები, მაგრამ საკითხავია თავად პარტიაში დაუშვებენ თუ არა, რომ ურეიტინგო ვაშაძე ჩრდილოვანი კაბინეტის ლიდერი გახდეს. ამასთან ისიც საკითხავია ენმ 5%-ს გადალახავს თუ არა", - განაცხადა გია აბაშიძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე