ნაზი ბერიძე
(02.08.2023)

ევროკავშირი მსოფლიოში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის მდგომარეობის შესახებ 2022 წლის ანგარიშს აქვეყნებს. ანგარიში ეხება იმას, რომ საქართველოში ადამიანის უფლებათა მყარი სისტემა არსებობს, რომელიც საერთაშორისო და ევროპულ სტანდარტებთან შესაბამის კანონებსა და პოლიტიკას მოიცავს, თუმცა, მათი აღსრულება/განხორციელება რამდენიმე მიმართულებით უნდა გაძლიერდეს.

ამასთან, ანგარიშში ნათქვამია, რომ შემდგომი ძალისხევა საჭიროა სასამართლო რეგორმების, კორუფციასთან ბრძოლის და სახელმწიფო ინსტიტუტების დამოუკიდებლობის გაძლიერების სფეროებში.

„ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის მდგომარეობის მიმოხილვა: საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი 2022 წლის მარტში შეიტანა. 2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა აღიარა და გამოაცხადა მზადყოფნა საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესახებ მას შემდეგ, რაც ევროკომისიის დასკვნაში მითითებული პრიორიტეტები შესრულდება. ეს პრიორიტეტები დემოკრატიული პრინციპების განმტკიცების, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული ვალდებულებების საკითხებს მოიცავს.

ზოგადად, საქართველოში ადამიანის უფლებათა მყარი სისტემა არსებობს, რომელიც საერთაშორისო და ევროპულ სტანდარტებთან შესაბამის კანონებსა და პოლიტიკას მოიცავს. თუმცა, მათი აღსრულება/განხორციელება რამდენიმე მიმართულებით უნდა გაძლიერდეს.

2022 წელს არის წინსვლა საარჩევნო სისტემის, საჯარო მმართველობის რეფორმების, გენდერული თანასწორობის, ბავშვთა უფლებებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კუთხით. შემდგომი ძალისხმევა საჭიროა სასამართლო რეფორმების, კორუფციასთან ბრძოლის და სახელმწიფო ინსტიტუტების დამოუკიდებლობის გაძლიერების სფეროებში. კვლავ შემაშფოთებელია ადამიანის უფლებების მდგომარეობა საქართველოს თვითგამოცხადებულ რეგიონებში-აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში",-აღნიშნულია ანგარიშში.

ამასთან, დოკუმენტში საუბარია ევროკავშირის საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე.

„ევროკავშირის მოქმედება,-საქმიანობის ძირითადი მიმართულებები: ევროკავშირი საქართველოში სამუშაოდ ხელმძღვანელობს ასოცირების შესახებ შეთანხმებითა და ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის სფეროში ევროკავშირის სამოქმედო გეგმით 2020-2024 წლებისთვის. 2022 წელს ევროკავშირმა ყურადღება გაამახვილა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და ანგარიშვალდებულების გაძლიერებაზე, რომ მან თავისი თავისი სამოქალაქო უფლებების წინ წამოწევა და დაცვა შეძლოს. ევროკავშირი ადვოკატირებას უწევდა და ხელს უწყობდა ბავშვთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების განხორციელებას, გენდერული თანასწორობის წინ წამოწევას და გენდერული და ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას. ევროკავშირმა ასევე ყურადღება გაამახვილა ლგბტი თემის უფლებების, მათ შორის გაერთიანების თავისუფლების უფლების დაცვის ადვოკატირებაზე", - ნათქვამია ანგარიშში.

გარდა ამისა, ანგარიშში საუბარია ევროკავშირის ორმხრივ პოლიტიკური ჩართულობაზე და ნათქვამია, რომ 2022 წლის განმავლობაში ევროკავშირი ჩართული იყო რეგულარულ პოლიტიკურ დიალოგში საქართველოსთან, მათ შორის ადამიანის უფლებების საკითხებზე.

„ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭო 2022 წლის სექტემბერში, ხოლო ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე ევროკავშირი- საქართველოს ყოველწილიური დიალოგი 2022 წლის ივნისში გაიმართა. ევროკავირმა მნიშვნელოვანი ძალისხმევა გამართა საქართველოს წახალისების მიზნით, შეემუშავებინა ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია 2022 -2030 წლებისთვის.

ეს მოიცავდა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში პრემიერ მინისტრის მრჩეველთან რეგულარულ შეხვედრებს გაეროსთან მჭიდრო თანამშრომლობით, მათ შორის ევროკავშირის Human rights 4 all პროგრამის ფარგლებში. მთავრობამ სტრატეგია მოიწონა ასოცირების საბჭოს სხდომის წინ და ის პარლამენტმა უნდა მიიღოს. თუმცა ამ პროცესს აკლდა საფუძვლიანი კონსულტაციები საერთაშორისო პარტნიორებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან. ეროვნული სტრატეგიის განსახორციელებლად ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმების შემუშავების თაობაზე დიალოგი გრძელდება

დოკუმენტში საუბარია ევროკავშირის ფინანსურ ჩართულობაზეც. ძირითადი დახმარება EU4Human Rights პროგრამის გარგლებში განხორციელდა 11 მილიონი ევრო, რომლის მიზანია ადამიანის უფლებების, მათ შორის უმცირესობებისა და მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვის გაძლიერება, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღდეგ ბრძოლა. ასევე პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვა.

2022 წლის განმავლობაში ევროკავშირის წარმომადგენლობა მხარს უჭერდა სამოქალაქო საზოგადოებას, როგორც კარგი მმართველობისა და სოციალურ-ეკონომიკური ზრდის მძლავრ გამტარებელს.

დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ევროპული ინსტრუმენტის (EIDHR) ქვეყნის მიხედვით მხარდაჭერის სქემების ( CBSS) ფარგლებში მიღებული გრანტებით სამოქალაქო ორგანიზაციები ახორციელებენ პროექტებს, რომელბიც მოიცავს შემდეგ საკითხებს:

ეთნიკური უმცირესობების სოციალური და ეკონომიკური უფლებები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები, ჯანმრთელობის უფლება, სამუშაო ადგილზე გენდერული თანასწორობის წინ წამოწევა და ასევე თანაბარი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები საქარტველოში.ევროკავშირის ორმხრივ დახმარებას ამ სფეროი ავსებს ევროკავშირის მიმდინარე რეგიონული პროგრამა EU4Gender Equality აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის, 8 მილიონი ევროს ოდენობის საერთო ბიუჯეტით.

სასამრთლო სისტემის რეფორმებს მხარს უჭერდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამა კარგი მმართველობისთვის PGG II, რომელსაც ევროპის საბჭო ახორციელებს. საქართველოში განხორციელებული კომპონენტები სასამართლოს და სასამართლოს ადმინისტრირების, სტატისტიკის შეგროვების, იუსტიციის უმაღლესი სკოლის, უზენაესი სასამართლოს, დამოუკიდებელ ინსპექტორის და სხვების მხარდაშჭერას უზრუნველყოფდა,-ნათქვამია ანგარიშში.

9 ივნისს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ კენჭისყრის საშუალებით მე-15-ჯერ მიიღო საქართველოს რეზოლუცია „აფხაზეთიდან საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან სამხრეთ ოსეთიდან საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ.

2022 წლის განმავლობაში საქართველოს საკითხი ასევე განიხილეს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა, რომელიც სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების კონვენციის შესრულებას აკვირდება და რასობრივი დისკრინრიმინაციიის კომიტეტმა. საქართველოსთან ამ დიალოგების დროს გაეროს შესაბამისმა საკონვენციო ორგანოებმა გამოხატეს შეშფოთება საქართველოს თვითგამოცხადებულ რეგიონები-აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთი ადამიანის უფლებების მდგომარეობასთან დაკავშირებით, მათ შორის სიცოცხლის, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების, გადაადგილების თავისუფლების დარღვევებთან დაკავშირებით და ასევე სხვა გამოწვევებთან მიმართებით COVID -19 პანდემიის კონტექსტში,"-ნათქვამია დოკუმენტში

თსუ-ს პროფესორი და საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი კორნელი კაკაჩია „რეზონანსთან" აცხადებს რომ ევროკავშირისთვის შესაფერისი კანონები უკვე მიღებულია, მაგრამ მთავარი პრობლემა მათი იმპლემენტაცია, ანუ განხორციელებაა.

„ზოგადად, როგორც მოსალოდნელი იყო საქართველოსთან დაკავშირებით ხაზი გაესვა იმ სისტემურ პრობლემებს, რომლებიც მანამდეც იყო იდენტიფიცირებული ევროკავშირის მხრიდან. კონკრეტულად, ეს ეხება კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებებს და სასამართლო სისტემას, სადაც არის რეკომენდირებული, რომ საქართველომ გააუმჯობესოს შედეგები.

„სამართლებრივი კუთხით არ არის პრობლემები, სამართლებრივად აღინიშნა კიდეც რომ ბევრი რამ კანონით მიღებულია, მაგრამ იმპლემენტაციის თვალსაზრისით ანუ განხორციელების თვალსაზრისით არის უამრავი პრობლემა და კიდევ ერთხელ გაისვა ხაზი, რომ საქართველომ ამ კუთხით უნდა გადადგას რაღაც ახალი ნაბიჯები, რომ აღმოიფხვრას ეს პრობლემები.

„ეს ანგარიში დიდს არაფერს არ ცვლის საქართველოს ევროპულ პერსპექტივაში, უბრალოდ აქ კიდევ ერთხელ არის აღნიშნული ის პრობლემები, რაც სხვადასხვა ანგარიშებში ჩანდა, თუნდაც ევროკავშირის ზეპირ ანგარიშში.

„უბრალოდ, ეს ჩვენთვის შეხსენება იყო, რომ ხელისუფლებამ დროულად იღონოს და გადადგას ის ქმედითი ნაბიჯები რაზეც ამ ანგარიშშიც იყო საუბარი" - განაცხადა „რეზონანსთან"კორნელი კაკაჩიამ.

პოლიტოლოგი კახა გოგოლაშვილი „რეზონანსთან" ევროკავშირის ანგარიშს ადამიანის უფლებებებთან დაკავშირებით სკეპტიკურად არ აფასებს, თუმცა ქმედითი ნაბიჯები რიგ საკითხებში მაინც გადასადგმელია, ამასთან, ეს უზრუნველყოს ჩვენს ევროულ ინტეგრაციას

„ეს შეფასება საკმაოდ რბილია, იმიტომ, რომ არ არის დეტალებში შესული. რაც შეეხება კანდიდატის სტატუსის მიღებაში, ეს არ შეგვიშლის ხელს, ოღონდ ორი სფერო პირდაპირ არის მითითებული, სადაც ეს ანგარიშიც გამოყოფს აუცილებლობას რომ პროგრესი იყოს ნაჩვენები, ეს არის - მართლმსაჯულება და ინსტიტუციების განვითარება.

„რაც შეეხება ევროკავშირის საქმიანობას ამ სფეროში საქართველოში ადამიანის უფლებების კონტექსტში, ევროკავშირისთვის არის მნიშვნელოვანი სად გვაქვს ჩვენ ნაკლოვანებები, კრიტიკაში არ ჩანს, მაგრამ ზედაპირულად არის ნათქვამი.

„იქ უკვე ჩამოთვლილია სფეროები სადაც ევროკავშირი თავის ძალისხმევას ამ 2022 წლის განმავლობაში ახორციელებდა. აქ არის უთანასწორობის შემცირების საკითხი, დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის მხარდაჭერა, სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება, ასევე, ბავშვთა და შეზღუდულ შესაძლებლობების პირთა უფლებები, ოჯახური ძალადობა, ლგბტ თემის უფლებების დაცვა - ამ მიმართულებებით ევროკავშირი მაინც ხედავს რომ რაღაც ქმედითი ნაბიჯები არის საჭირო.

„მაგრამ ამ ეტაპზე ევროკავშირი არ აკრიტიკებს, არ ამბობს არაფერი არ კეთდება ამ კუთხით საქართველოში. შეიძლება ითქვას, რომ საქართველო არ არის ჯერჯერობით საუკეთესო ქვეყანა ადამიანის უფლებების სტანდარტში, მაგრამ, ამ მომენტში საქართველოს სისტემური მოწყობა აკმაყოფილებს სტანდარტს, რომელიც ევროპის ტერიტორიაზეა" - განაცხადა „რეზონანსთან" კახა გოგოლაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე