თამთა ჩაჩანიძე
(01.08.2023)

მმართველმა პარტიამ აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის კრიტიკა კონკრეტული ბრალდებებით და ეპითეტებით უკვე ღიად დაიწყო. ბათუმის 31 ივლისის მოვლენებზე მის მიერ გაკეთებულ განცხადებას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მანიპულაციური უწოდა, „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ კი - გაუგებარი.

რატომ გამძაფრდა ელჩის კრიტიკა „ოცნებისგან"? ამას შესაძლოა რამდენიმე მიზეზი ჰქონდეს - როგორც ანალიტიკოსები „რეზონანსთან" აცხადებენ, არაა გამორიცხული, რომ ეს იყოს ახალი ელჩის - რობინ დენიგანის მისამართით ერთგვარი გზავნილი, რომელიც ეხება არა მხოლოდ ელჩს, არამედ აშშ-ს საგარეო დეპარტამენტსაც. მეორე მიზეზი ისაა, რომ საქართველოში დეგნანის კარიერა დასრულებულია და ამიტომ „ქართული ოცნება" „მისგან უარესს არაფერს აღარ ელოდება". მათივე შეფასებით, ორმხრივი და საკმაოდ „დაუნდობელი დიპლომატიური ომია გაჩაღებული", როგორ დასურულდება ამაზე კი საუბარი უჭირთ.

მიზეზებს შორის ანალიტიკოსები იმასაც ასახელებენ, რომ დეგნანის განცხადებებიც ამ მიმართებაში საკმაოდ მწვავეა. ის ბოლო პერიოდში ხელისუფლებისა და განსაკუთრებით მისი საგარეო კურსის მიმართ ძალიან კრიტიკულადაა განწყობილი.

ნაწილი ექსპერტებისა იმასაც კი ამბობს, რომ დეგნანმა ელჩად ჩამოსვლიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ „ისეთი ქმედებების განხორციელება დაიწყო, რომლებიც იმ დიპლომატიურ ეტიკეტში არ ჯდება და რომლის დაცვაც ნებისმიერ და მათ შორის აშშ-ის ელჩს მასპინძელ ქვეყანაში მოეთხოვება".

გასულ პარასკევს აშშ-ის სენატმა საქართველოში ელჩად რობინ დენიგანი ოფიციალურად დაამტკიცა. დენიგანი კელი დეგნანს შეცვლის, რომელიც საქართველოში აშშ-ის ელჩის თანამდებობას 2020 წლიდან იკავებდა.

რა თქვა დეგანმა და რა უპასუხა „ოცნებამ"

„ქართველმა ხალხმა ცხადყო, არავინ უნდა ელოდოს ქართველებისგან, რომ მიესალმებიან ხალხს იმ ქვეყნიდან, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი", - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ბათუმის პორტში გამართულ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის მონაწილეები სოჭიდან საკრუიზო გემის შესვლას აპროტესტებდნენ.

„ჩემი აზრით, ქართველი ხალხი ძალიან გარკვევით აჩვენებს, რომ მათ ეს არ სურთ. ქართველები იყენებენ კონსტიტუციით დაცულ უფლებას, გამოხატონ ეს გრძნობა და გააპროტესტონ. ეს გახლავთ დაშვებული დემოკრატიულ სახელმწიფოში და დაშვებულია საქართველოს კონსტიტუციით", - განაცხადა აშშ-ის ელჩმა.

ამ განცხადებას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მანიულაციური უწოდა და თქვა, რომ ეს „ახალისებს ძალადობას, მათ შორის პოლიციაზე თავდასხმას".

„იმ აქციაზე სულ იყო 100-200 ადამიანი, რაც თავისთავად არ განასახიერებს იმ განწყობას, რომელიც საზოგადოებაშია. ეს არის აბსოლუტური მანიპულაცია, როდესაც საუბარია იმაზე, თითქოს ეს არის ხალხის ნება.

„ამასთან დაკავშირებით გამოვეხმაურები აშშ-ის ელჩის განცხადებას, რომ ხალხის ნებაა, რუსი ტურისტი არ შემოვიდეს არც ზღვით და არც ხმელეთით. მან თქვა ეს და ამის თქმა, 150 აქტივისტის ან თუნდაც 300-500 იყოს, ჩვეულებრივი მანიპულაციაა და ქართველი ხალხის დამოკიდებულებასთან კავშირი არ აქვს.

„საერთოდ, უცხოელი დიპლომატების მხრიდან ასეთი ტიპის განცხადებები არის საკმაოდ სახიფათო გზა, როდესაც უცხო ქვეყნის წარმომადგენლები საუბრობენ ქართველი ხალხის სახელით. ქართველ ხალხს არ სჭირდება მეურვე, მითუმეტეს, უცხოელ მეურვეობას არ საჭიროებს ქართველი ხალხი. ელჩები თუკი ვინმეს წარმოადგენენ, ისინი წარმოადგენენ საკუთარი ქვეყნის ხალხს და თუკი ვინმეს ინტერესს იცავენ, იცავენ მხოლოდ საკუთარი ხალხის ინტერესს. ქართველი ხალხის ინტერესის დაცვა და წარმოდგენა არ გახლავთ უცხო ქვეყნის ელჩის ამოცანა.

„ამიტომ, რა თქმა უნდა, საკმაოდ ცუდი ტენდენციაა, როდესაც უცხო ქვეყნის წარმომადგენლების მხრიდან, ეს იქნება ელჩი თუ უცხოელი პოლიტიკოსი ქართველი ხალხის სახელით საუბრის ფაქტები გვაქვს. ეს არის ჩვეულებრივი მეურვეობითი დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ. თითქოს ქართველ ხალხს თავად არ ჰყავს წარმომადგენელი და მას სჭირდება უცხოელი დამხმარე იმისთვის, რომ მისი აზრები გააჟღეროს", - განაცხადა პაპუაშვილმა.

„ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კი დეგნანის განცხადებას გაუგებარს უწოდებს.

„როდესაც მარტივად ამბობ ისეთ ფრაზებს, რაც უკავშირდება ქვეყნის მიერ მილიარდი დოლარის დაკარგვას, არ ვიცი რა შეფასება უნდა გავაკეთო. ქართველი ხალხის სახელით საუბარი არ არის არცერთი ელჩის საქმე, მით უმეტეს, როდესაც აფასებ 150 „ნაციონალის" აქციას და ამას არქმევ ქართველი ხალხის პროტესტს, ეს ხომ გაუგებარია?! იგივე თქვა სალომე ზურაბიშვილმა, იგივე თქვა ერთ-ერთმა ელჩმა. საზოგადოება შეაფასებს ამ ყველაფერს, ეს უბრალოდ არასწორია", - განაცხადა კობახიძემ.

რატომ გადავიდა „ოცნება" დეგნანის ღია კრიტიკაზე

ანალიტოკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ასეთ მძაფრ კრიტიკას შესაძლოა ორი მთავარი მიზეზი ჰქონდეს. ერთია გზავნილი აშშ-ის მომავალი ელჩისა და საგარეო დეპარტამენტის მიმართ, მეორე კი ის, რომ საქართველოში დეგნანის კარიერა დასასრულისკენ მიდის. ამასთან ძაბირაძე დასძენს, რომ თავის მხრივ დეგნანის განცხადებებიც საკმაოდ კრიტიკულია, რომელიც „ოცნებას" და მის საგარეო კურსს ირიბად ეხება.

„ახალი არაა, რომ „ოცნებას" საგარეო კურსის მიმართ გარკვეული კრიტიკული დამოკიდებულება აქვს და განსაკუთრებით აშშ-ის მიმართ. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, მაგრამ, მიუხედავად ამისა, დეგნანზე აქცენტირებას ახდნენენ.

„აქ შესაძლოა ორი მიზეზი იყოს. ერთი ის, რომ დეგნანზე ზეწოლით ახალი ელჩის მიმართ გარკვეული მესიჯები მიდის და ეს არის გზავნილები არა მხოლოდ ახალი ელჩის, არამედ აშშ-ის საგარეო დეპარტამენტის მიმართაც.

„მეორე მიზეზი ისაა, რომ საქართველოში დეგნანის კარიერა დასრულებულია და ამიტომ „ქართული ოცნებს" მისგან უარესს არაფერს არ ელოდება. ეს ორი მიზეზი შეიძლება იყოს, რის გამოც მმართველი პარტია დეგნანს მწვავედ აკრიტიკებს, თუმცა დეგნანის განცხადებებიც ამ მიმართებაში საკმაოდ მწვავეა. ის ბოლო პერიოდში ხელისუფლების და განსაკუთრებით საგარეო კურსის მიმართ ძალიან კრიტიკულადაა განწყობილი.

„დეგნანი პირდაპირ ხელისუფლების მისამართით არ ლაპარაკობს, მაგრამ თუნდაც იმ შეფასებაში, რომ ქართველი ხალხი ოკუპანტებს ტაშფანდურით არ მიიღებენო, ხელისუფლების პოზიციას აშკარად უპირისპირდება, რადგან „ოცნება" იმ ადამიანებს, ვინც პროტესტში მონაწილეობდა, ქაჯებად თვლის.

„ანუ ორმხრივი და საკმაოდ დაუნდობელი დიპლომატიური ომია გაჩაღებული და როგორ დასრულდება, რთული სათქმელია, რადგან დეგნანი საკუთარს კი არა, აშშ-ის პოზიციას ახმოვანებს და როგორც ჩანს, „ოცნება" ჯერჯერობით ამას ანგარიშს არ უწევს. ვნახოთ ახალი ელჩის პირობებში რა იქნება.

„ახალი ელჩის მიმართ საწყის ეტაპზე „ოცნება" ალბათ მოზომილი იქნება. დააკვირდებიან და დააცდიან, თუ ახალი ელჩი რა პოზიციებს გამოხატავს და ქმედებას შემდეგ დაიწყებენ", -განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ „რეზონანსთან".

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე კი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ „ოცნების" კრიტიკა საფუძვლიანია და იმითაა გამოწვეული, რომ დეგნანმა, ვაშინგტონის მითითებებით, თუ საკუთარი ინიციატივით, „ისეთი ქმედებების განხორციელება დაიწყო, რომელიც დიპლომატიურ ეტიკეტში არ ჯდება".

„ელჩ დეგნანის მიმართ „ქართულ ოცნებას" და საზოგადოების საკმაოდ მნიშვნელოვან ნაწილს კრიტიკაც დაუგროვდა და არაერთი არასასიამოვნო კითხვაც. ეს ყველაფერი კი იმითაა გამოწვეული, რომ კელი დეგნანმა ელჩად ჩამოსვლიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ, ვაშინგტონიდან მითითებების საფუძველზე თუ საკუთარი ინიციატივით (ან ორივე ერთად) ისეთი ქმედებების განხორციელება დაიწყო, რომელიც იმ დიპლომატიურ ეტიკეტში არ ჯდება, რომლის დაცვაც ნებისმიერ და მათ შორის აშშ-ს ელჩს მასპინძელ ქვეყანაში მოეთხოვება.

„ეს განცხადებები პირველი არაა. ქრონოლოგია ცოტა უკან რომ გადავახვიოთ, „ქართულ ოცნებას" დეგნანის მიმართ კრიტიკული განცხადება ადრეც გაუკეთებია. ეს კონკრეტული შემთხვევა კი ხელისუფლების მხრიდან რეაგირებას ნამდვილად იმსახურებდა, რადგან ბათუმში ენმ-ის ეგიდით საპროტესტო აქცია ოჯერ შედგა და ორჯერვე თითქოსდა უწყინარი განცადებით, რეალურად ის ქმედებები წაახალისა, რასაც შემდეგ აქციის მონაწილეებმა მიმართეს, როცა მათ აშშ-ს ელჩისგან ლოცვა-კურთხევა მიიღეს იმისა, რომ სწორად იქცევითო და მხარს გიჭერთო, რა თქმა უნდა, მათ ამის მერე მეტი სტიმული მიეცათ გაეკეთებინათ ის, რაც გააკეთეს.

„ამასაც რომ თავი დავანებოთ, თავად ელჩის ქცევის წესი, მისი განცხადებები, პათოსი, აშკარად იმისკენაა მიმართული, რომ ოპოზიციას ხელი რაღაცნაირად წააშველოს. მისი ადრინდელი განცხადება რომ გავიხსენოთ უცხოური გავლენის აგენტებთან დაკავშირებით, ჯერ კანონპროექტი მომზადებული და პარლამენტში არ იყო შესული, რომ მან მომენტალურად რუსული კანონი უწოდა. ამით ფაქტიურად საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი ამ კანონის წინააღნდეგ განაწყო.

„ერთია, როცა კანონპროექტს „რუსულ კანონს" ოპოზიციის რომელიღაც ლიდერი არქმევს და მეორეა, როცა ამას ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის ელჩი ამბობს. აქედან გამომდინარე, მრჩება შთაბეჭდილება, რომ ეს ქალბატონი თავის ქმედებებითა და განცხადებებით ცდილობს, რომ „ოცნების" ხელისუფლებას რაც შეიძლება მეტი პრობლემა შეუქმნას. ბუნებრივია, „ოცნებაში" გულუბრყვილო ადამიანები არ სხედან და ამ ყველაფერს ხედავენ. შესაბამისად, აქედანაცაა გამოწვეული მათი ასეთი მწვავე რეაქცია ელჩის განცხადებაზე.

„ძალიან რთულია იმის დადგენა, ეს განცხადებები პიროვნული დამოკიდებულებაა, თუ აშშ-დან მოდის. შეიძლება პიროვნული განწყობაა, შეიძლება იმ ინსტრუქტაჟის მითითებებია, რაც სახელმწიფო დეპარტამენტიდან მოდის. ზღვარის გავლება ძალიან რთულია. შესაძლოა იქიდან რაღაც მითითება მოგივიდეს, მაგრამ შენ შენი განცხადებით და რემარკებით იმას საკმაზი გაუკეთო. შესაძლოა დეგნანი ცდილობს, რომ წასვლის წინ მაქსიმალურად გამოავლინოს საკუთარი თავი.

„ახალ ელჩს გაცილებით უფრო მდიდარი და სერიოზული ბიოგრაფია აქვს, ვიდრე კელი დეგნანს. საქართველოში ახლა ასეთი დონის ფიგურის დანიშვნა იმაზე მეტყველებს, რომ აშშ-სთვის საქართველო პრიორიტეტულ სტრატეგიულ პარტნიორად რჩება", - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე