მარცვლეულთან დაკავშირებით რუსეთის მიერ გამოცხადებული უკრაინის საზღვაო ბლოკადა რამოდენიმე სამოქალაქო გემმა გაარღვია, მათ შორისაა ფოთის პორტიდან გასული თურქულ-ქართული Yilmaz Kaptan. პირველი ებრაული „AMS1" იყო, რომელიც 31 ივლისს უკვე შევიდა მდინარე დუნაის უკრაინულ განშტოებაში. მას მიყვებიან „Yilmaz Kaptan" და ბერძნული „Sahin 2". სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსს" ეუბნება, არაა გამორიცხული, რომ რუსებმა ხაფანგი მოაწყონ - გემები უკრაინულ პორტებში შეუშვან და როცა მარცვლეულით დაიტვირთებიან, უკანა გზაზე დააკავონ, ან თავს დაესხან.
„ფორბსის" ცნობით, სამივე გემი უკვე უკრაინის კონტროლის ქვეშ მყოფ პორტ იზმაილში იმყოფება. სხვადასხვა წყაროების ცნობით, ებრაული და ბერძნული გემები 30 ივლისს შევიდნენ შავ ზღვაში ბოსფორის სრუტის გავლით. თურქეთის და საქართველოს რეგისტრაციის მქონე Yilmaz Kaptan კი, რომელიც ვანუატუს დროშით დაცურავს, 21 ივლისს იმყოფებოდა ფოთის პორტში, საიდანაც უკრაინის მიმართულებით გაემგზავრა.
გემების გადაადგილებას აკვირდებოდა ნატოს „პ-8" ტიპის 4 თვითმფრინავი.
მარცვლეულის შეთანხმებას, რომელშიც თურქეთის შუამავლობით, რუსეთი, უკრაინა და გაერო მონაწილეობდნენ, 17 ივლისს ვადა გაუვიდა და მოსკოვი დოკუმენტს აღარ დაუბრუნდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 2023 წლის 20 ივლისის 00:00 საათიდან (მოსკოვის დროით), შავ ზღვაზე უკრაინის პორტებისკენ მიმავალი ყველა გემი განიხილება, როგორც სამხედრო ტვირთის პოტენციური გადამზიდავი, ის სახელმწიფოები კი, რომლის დროშის ქვეშაც ასეთი გემები იმოძრავებენ, ჩაითვლებიან უკრაინის კონფლიქტში, კიევის რეჟიმის მხარეს ჩართულ სახელმწიფოებად.
რუსეთის მარცვლეულის შეთანხებიდან გასვლის შემდეგ, საერთაშორისო ბაზარზე ხორბლის ფასი საგრძნობლად გაიზარდა, განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ აღმოჩნდნენ ის ქვეყნები, რომლებიც უკრაინიდან იღებდნენ ხორბალს. ივლისის ბოლოს ვლადიმირ პუტინმა სანკტ-პეტერბურგში რუსეთ-აფრიკის ჰუმანიტარულ და ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ „რუსეთი მზად არის აფრიკის ყველაზე ღარიბ ქვეყნებს უახლოეს სამ-ოთხ თვეში მარცვლეული უსასყიდლოდ გაუგზავნოს".
25 ივლისს კი რუსულმა კამიკაძე-დრონებმა საჰაერო იერიშები მიიტანეს უკრაინის ქალაქ რენის პორტზე. ქალაქი რენი უკრაინა-რუმინეთის სახელმწიფო საზღვარზე მდებარეობს, მდინარე დუნაის დელტაში და იქ მოქმედი სავაჭრო პორტი ნატოს წევრი რუმინეთიდან მხოლოდ რამდენიმე ასეული მეტრითაა დაშორებული.
სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აცხადებს, რომ რუსეთი ყველაფერზე წამსვლელია და არაა გამორიცხული, რომ უკრაინის პორტებში შესული გემები უკან დაბრუნებისას დააკავონ, ან მათზე იერიში მიიტანონ.
„ბოლოს პუტინმა ერდოღანს უარი პირდაპირ უთხრა და თან ძალიან აგრესიული იყო. მან დამატებით განაცხადა, რომ თურქეთისათვის ენერგოჰაბის სტატუსის მიცემას წყვეტს და მემგონი გაზის მიწოდებასაც უწყვიტავს. პუტინი უკვე ვა-ბანკზე წავიდა. მან რუსეთ-აფრიკის სამიტზე სპეციალური განცხადება გააკეთა და იქაც საკმაოდ აგრესიული ჩანდა. აფრიკულ ქვეყნებს შეჰპირდა, რომ თითოეულს 30 ათას ტონა ხორბალს თავად მიაწვდის და რომ უკრაინის დრო დასრულდა.
„ჩემი აზრით, რუსები უკან არ დაიხევენ. შესვლით გემები, როგორც ჩანს, შეუშვეს, მაგრამ მგონია, რომ უკვე დატვირთულების ბლოკირებას მოახდენენ და შეეცდებიან არ გამოუშვან. ან მათზე ფიზიკური სამხედრო ზეწოლა მოახდინონ - მათ ხელში არსებულ სამხედრო გემებიდან ცეცხლს გაუხსნიან, ან საჰაერო დაბომბვას განახორციელებენ.
„თუ რუსებმა ეს გააკეთეს, საპასუხო ზომები რა იქნება - ძნელი სათქმელია. იქ არცერთი ნატოს სამხედრო გემი არაა. ამერიკული ავიაცია რომ იცავს, ეს დიდი არაფერი საშველი არაა. „პ8" სადაზვერვო ტიპის თვითმფრინავია და სამხედრო უზრუნველყოფაზე არავითარი კავშირი არ აქვს, უბრალოდ მინიტორინგს ახორციელებს.
„მემგონი რუსებმა სატყუარა ხაფანგი დააგეს, რადგან როგორც კი სამოქალაქო გემები შევლენ და დაიტვირთებიან, როგორც ჩანს, შავი ზღვის ფლოტის სამხედრო გემების მეშვეობით დააკავებენ, რუსულ პორტებში - ნოვოროსისკში, ან ყირიმში გადაიყვანენ, ხორბალს ჩამოტვირთავენ და სამხედრო მეკობრეობას განახორციელებენ - ესაა ყველაზე ოპტიმისტური სცენარი. პესიმისტური კი ისაა, რომ შესაძლოა პირდაპირ დაარტყან", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე